სვანეთში, წლების წინ მომხდარი არასრულწლოვნის სისტემატური გაუპატიურებისა და წამების საზარელი ისტორია, რომელმაც 35 წლის შემდეგ დღის შუქი პლატფორმა "ვეძებ“-ის ეთერში ნახა, რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში მთავარი განხილვის თემაა. ნატა ვიბლიანის ამბავმა, სადაც ის ბავშვობის ჯოჯოხეთზე, იარაღის მუქარით გაუპატიურებაზე, იძულებით მშობიარობასა და სოფლიდან გამოსახლებაზე ჰყვება, საზოგადოება შოკში ჩააგდო.
ელისო ჩხვიმიანი, რომელიც ამბობს, რომ თავადაც ძალადობა გამოვლილი ემიგრანტი ქალია, ნატას სრულ სოლიდარობას უცხადებს, საკუთარ უმძიმეს წარსულზე ჰყვება და ხმამაღლა მოუწოდებს საზოგადოებას, დაასრულონ დუმილი, თუმცა ამავდროულად თავი შეიკავონ, კუთხისა თუ გვარის ნიშნით ადამიანების ბულინგისა და განკითხვისგან
ელისო ჩხვიმიანი:
ახლა დავასრულე პოდკასტის, "ვეძებ" ყურება და ძალიან დამძიმებული მაქვს გული. ჩემთვის ძალიან რთული არის ამ ყველაფერზე საუბარი, რადგან მე თვითონაც წლების განმავლობაში ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და ვცხოვრობდი იმ ტკივილში, შიშში და იმ რეალობაში, რომელსაც ბევრი ქალი ჩუმად იტანს. და თუნდაც იმიტომ, რომ უფრთხილდება საკუთარი ოჯახის წევრებს, რომ რაიმე უბედურება არ დატრიალდეს და ეშინია, რომ ისევ მათ რამე საფრთხე არ შეექმნათ.
გარდა ამისა, როგორც ჩხვიმიანმა, მინდა ვთქვა, რომ ძალადობას გვარი არა აქვს. საერთოდ არ ყოფილა ჩემი ყოფილი მეუღლე სვანი, მაგრამ წლების განმავლობაში ვიყავი მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ერთი ადამიანის ქმედება ვერ განსაზღვრავს მთელ გვარს, მთელ ხალხს ან მთელს სვანეთს; მითუმეტეს, ჩხვიმიანებში და, ზოგადად, სვანეთშიც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი არის, ძალიან ბევრი სამართლიანი ადამიანი არის და ისინი არ უნდა გახდნენ განკითხვის ობიექტები. ჩვენ განსაკუთრებულად გვტკივა და განსაკუთრებულად გვინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს.
აი, არ ვიცი, მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ძალიან კარგად მესმის ყველა იმ ქალის, ვინც ოდესმე საკუთარ ტკივილებთან მარტო დარჩენილა და გამოსავლის პოვნაც კი გასჭირვებია, როგორ გამოსულიყო ამ ყველაფრიდან. არავის არ უნდა მოუწიოს გაქცევა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად და, ვფიქრობ, რომ დღეს დუმილი არის დანაშაული.
გთხოვთ, მოერიდეთ ადამიანების ლანძღვას. პირადში ძალიან ბევრი მივარდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩხვიმიანი ვარ (და მითუმეტეს, რომ თქვენ არ იცით ჩემი ისტორია) და გთხოვთ, თავი შეიკავოთ სხვა ჩხვიმიანების და, მითუმეტეს, სვანეთის ლანძღვისგან. იმიტომ, რომ სვანები ყოველთვის იყვნენ და დღესაც 90% არიან ღირსეული, ყველაზე სამართლიანი და ერთგული ადამიანები დედამიწის ზურგზე, ვინც კი მეგულება", - ამბობს ელისო ჩხვიმიანი.