აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთსის თქმით, 30 წელს გადაცილებული სამხედრო პირების სამედიცინო შემოწმების პროგრამაში ტესტოსტერონის დონის განსაზღვრაც შევა. მათ, ვისაც ჰორმონის დაბალი მაჩვენებელი გამოუვლინდება, ჰორმონალური თერაპიის ნებაყოფლობითი კურსის გავლას შესთავაზებენ.

“ჩვენი ვალია, ჩვენს მეომრებს მსოფლიოში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება შევთავაზოთ და ეს პროგრამა სწორედ ამ ვალდებულებას ასრულებს, ეს არის ზრუნვა თქვენს გრძელვადიან ჯანმრთელობაზე, რათა დარჩეთ ძლიერები, შეუპოვრები და ბრძოლისუნარიანები არა მხოლოდ მორიგი მისიისთვის, არამედ მთელი ცხოვრების მანძილზე, რათა სამხედრო ფორმის გახდის შემდეგაც სრულფასოვნად იცხოვროთ“. - განმარტავს თავდაცვის მდივანი.
პენტაგონის წარმომადგენლის, შონ პარნელის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ტესტოსტერონის კვლევის გავლა სავალდებულო იქნება აქტიურ სამხედრო სამსახურსა და რეზერვში მყოფი, 30 წელს გადაცილებული ყველა სამხედრო მოსამსახურისთვის .

ტესტოსტერონის დონე სქესობრივი მომწიფების პერიოდში იმატებს. მოზარდებს ეს ჰორმონი კუნთოვანი მასისა და თმიანობის გაზრდაში, ასევე ჯანსაღი სპერმის გამომუშავებაში ეხმარება.
მიიჩნევა, რომ ტესტოსტერონის დონის კლება რაც, როგორც წესი, 30-40 წლის ასაკში იწყება, შეიძლება დეპრესიის, მოდუნების, ცხიმის დაგროვებისა და ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითების მიზეზი გახდეს.
მცირე რაოდენობით ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც გამომუშავდება და ისიც ასევე კუნთოვანი მასის შენარჩუნებაზე, ენერგიასა და სექსუალურ ლტოლვაზე აგებს პასუხს.
მოსახლეობაში ტესტოსტერონის ნაკლებობის მასშტაბების შეფასებები განსხვავებულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ეს პრობლემა უფროსი ასაკის მამაკაცების 10-დან 40%-მდე აწუხებს.

ჰეგსეთის განცხადებებში სამხედროთა გენდერულ კუთვნილებაზე არაფერია ნათქვამი. კითხვებზე იმის შესახებ, ჩაუტარდებათ თუ არა ტესტირება სამხედრო მოსამსახურე ქალებს და იგეგმება თუ არა მათში ესტროგენის დონის შემოწმება (ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს მრავალ პარამეტრზე, დაწყებული კუნთოვანი მასიდან, სხეულის ტემპერატურის სტაბილურობით, ოსტეოპოროზის რისკითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დასრულებული), პენტაგონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გააკეთებენ.
დემოკრატმა სენატორმა ილინოისის შტატიდან, ტამი დაკვორტმა, რომელიც ერაყის ომის ვეტერანია და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოღვაწეობს, თავდაცვის მდივანს მოუწოდა, ტესტირება სავალდებულო გახადოს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით აშშ-ის არმიის 20%-ს შეადგენენ.
ამავდროულად, აშშ-ის არმიაში კვლავ ძალაში რჩება აკრძალვა ტესტოსტერონის არასამედიცინო მიზნით გამოყენებაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში კუნთოვანი მასის ექსტრემალურად გასაზრდელად მას ხშირად ბოდიბილდერები მიმართავენ.
მეცნიერთა აზრი ტესტოსტერონის მიღებასთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. ჰორმონის დაბალ დონესა და სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემას შორის კავშირი სადავო არ არის, თუმცა რთული დასადგენია, კონკრეტულ ადამიანში დაბალი ტესტოსტერონია დეპრესიის, დაბალი ლიბიდოსა ან ჭარბი წონის პირველადი მიზეზი, თუ აქ მთავარ როლს სხვა ფაქტორები თამაშობენ. შესაბამისად, გაურკვეველია, რამდენად გარანტირებულად აღმოფხვრის ამ სიმპტომებს ხელოვნური ტესტოსტერონის მიღება, ამ საკითხზე ამომწურავი სამეცნიერო მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.
უროლოგიის პროფესორის, მოჰიტ ქჰერამის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მაჩვენებელი ზოგადი ჯანმრთელობისა და მისი გრძელვადიანი შენარჩუნების საუკეთესო ინდიკატორია. ჰორმონზე სკრინინგი 30 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა გაიაროს. ამასთან პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ტესტოსტერონის თერაპია უნდა ჩაუტარდეთ მხოლოდ მათ, ვისაც დაბალ ჰორმონალურ დონესთან ერთად შესაბამისი კლინიკური სიმპტომებიც აღენიშნებათ. გასათვალისწინებელია რისკებიც: ახალგაზრდა მამაკაცებში ტესტოსტერონის მიღებამ შესაძლოა უნაყოფობა გამოიწვიოს.