მონაკოში მომხდარი რეზონანსული ტერაქტიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. თავდასხმა, რომლის სამიზნეც გავლენიანი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი იყო, მის ოჯახს თავს საშინელ ტრაგედიად დაატყდა. აფეთქების შედეგად ყველაზე მძიმე დაზიანებები ბიზნესმენის თანმხლებმა ქალმა, ინტელექტუალური კლუბის დამფუძნებელმა ანა ნასობინამ მიიღო. ექიმები მის გადასარჩენად ნიცის კლინიკაში დღე და ღამე იბრძვიან, თუმცა პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ.
რა მოხდა მონაკოს ცენტრში?
მონაკოს ხელისუფლებამ ელიტარული სახლის კართან მომხდარი აფეთქება ოფიციალურად შეაფასა როგორც ტერაქტი, რომელიც მიზნად ისახავდა ვადიმ ერმოლაევის ლიკვიდაციას. ასაფეთქებელი მოწყობილობა ზურგჩანთაში იყო დამალული და სახლის შესასვლელთან დატოვებული.

როდესაც ოლიგარქი, მისი საყვარელი ანა ნასობინა და მათი მოზარდი ვაჟი ჩანთას მიუახლოვდნენ, საშინელი აფეთქება მოხდა. დაშავებულები მონაკოდან ნიცის სპეციალიზებულ კლინიკაში ვერტმფრენით სასწრაფოდ გადააფრინეს.
აფეთქების შედეგად:
ვადიმ ერმოლაევი კომაში ჩავარდა (თუმცა ბოლო მონაცემებით, გონს მოვიდა). მათი ვაჟი მსუბუქი დაზიანებებით გადარჩა. ანა ნასობინამ უმძიმესი ტრავმები მიიღო - მან ორივე ფეხის და, გავრცელებული ინფორმაციით, ცალი ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
"მდგომარეობა კრიტიკულია“ - გენერალური პროკურორის განცხადება
მონაკოს გენერალურმა პროკურორმა, სტეფან ტიბომ, მედიასთან დაზარალებულების მდგომარეობაზე ისაუბრა:
"ბავშვი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ქალი, რომელმაც უმძიმესი დაზიანებები მიიღო, თავს ოდნავ უკეთ გრძნობს, თუმცა მისი მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.“
პროკურორის თქმით, თავად ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი უკვე გონზეა და რამდენიმე ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამომძიებლებს მისი სრულფასოვანი დაკითხვა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.
გადარჩენის შანსი და მძიმე რეალობა
მიუხედავად იმისა, რომ ანას ორგანიზმი მკურნალობაზე დადებითად რეაგირებს, ფრანგი მედიკოსები სიფრთხილეს ინარჩუნებენ. რეანიმაციულ განყოფილებაში ინფექციის შეჭრის მაღალი რისკის გამო, პალატაში ახლობლებსაც კი არ უშვებენ.
სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანა გადარჩება, მას უმძიმესი რეაბილიტაცია ელის. ტრავმებმა და ოპერაციებმა შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს მის მხედველობაზე, სმენასა და მეტყველებაზე. ამჟამად მას მუდმივად უტარდება სისხლის გადასხმა და ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ვინ არის ანა ნასობინა?
დასავლურ მედიაში მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც „არისტოკრატს“. ანა ნასობინა არის 2016 წელს დაარსებული პრესტიჟული ინტელექტუალურ-სამეცნიერო კლუბის, Eclectique-ის თანადამფუძნებელი. კლუბი წარმატებულ გამოფენებს, ლექციებსა და საზოგადოებრივ შეხვედრებს მართავდა ლონდონში, მონაკოსა და ევროპის სხვა ქალაქებში.
ბოლო წლებში ანა სწორედ მონაკოში ცხოვრობდა თავის რჩეულთან ერთად და ფუფუნებაში ატარებდა დღეებს. თუმცა, ერთმა საბედისწერო წამმა და დაუნდობელმა თავდასხმამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ეს არის პირველი ტერაქტი მონაკოს ისტორიაში, რამაც ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები შოკში ჩააგდო. ნიცის მერმა, ერიკ სიოტიმ, სოციალურ ქსელში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დაზარალებულებს და პირობა დადო, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
წაიკითხეთ ასევე: