მიანმარის სანაპიროსთან 500-ზე მეტი როჰინჯა ლტოლვილი უკვალოდ გაქრა. ორი ხომალდი, რომლებზეც, სავარაუდოდ, 530 თავშესაფრის მაძიებელი იმყოფებოდა, 29 ივნისს გავიდა ზღვაში და მას შემდეგ მათ შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ექსპერტები შიშობენ, რომ ხომალდები მუსონური წვიმებისა და ძლიერი ტალღების გამო ჩაიძირა.

გაუჩინარებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით “ჯამბო ჯეტის“ ტიპის თვითმფრინავის მგზავრთა რაოდენობის ტოლფასია. სპეციალისტების თქმით, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ვინმე გადარჩენილიყო, რადგან ხომალდები, რომლებიც ძველი თევზსაჭერი გემებისგან იყო გადაკეთებული, ზღვაში გასასვლელად აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ვარაუდობენ, რომ მგზავრების ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები იყვნენ.
როჰინჯების გაუსაძლისი მდგომარეობა მიანმარსა და ბანგლადეშის ბანაკებში მათ აიძულებს, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაგდონ. ტრეფიკერები თითოეული ადამიანისგან 3 000 დოლარს ითხოვენ, რათა ისინი მალაიზიამდე მიიყვანონ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახები თანხას ვერ იხდიან, პატიმრობაში მყოფ ლტოლვილებს სასტიკად სცემენ და წამების ვიდეოებს ახლობლებს უგზავნიან, რათა თანხის გადახდა აიძულონ.
ჩვეულებრივ, ოჯახები ახლობლებისგან ამბავს მაქსიმუმ 10 დღეში იღებენ, თუმცა ამჯერად თითქმის სამი კვირა გავიდა და სიჩუმეა. ბანგლადეშის ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი ქალის ცხედარი იპოვა, რომელიც ზღვამ გამორიყა. კრის ლევა, რომელიც ორგანიზაცია Arakan Project-ს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ერთ-ერთი ხომალდი გასვლიდან რამდენიმე საათში ჩაიძირა, მეორემ კი ზღვაში რამდენიმე დღე დაჰყო.
გაერო მოუწოდებს რეგიონის ქვეყნებს, შექმნან უსაფრთხო მარშრუტები ლტოლვილებისთვის, თუმცა ამ დრომდე არცერთმა სახელმწიფომ არ გამოთქვა მათი მიღების სურვილი.