ავტორი:

საპროტესტო აქციები უკრაინაში - ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ზელენსკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიხაილ ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვს: დეტალები

საპროტესტო აქციები უკრაინაში - ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ზელენსკის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და მიხაილ ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვს: დეტალები

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ, თანამდებობიდან გაათავისუფლოს თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია.

ხუთშაბათს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები, ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრანტები პლაკატებით – “ხელები შორს ფედოროვისგან“ და “შეწყვიტეთ გამარჯვების საბოტაჟი!“ – მინისტრის გადაყენებას აპროტესტებდნენ და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ.

იმავე დღეს ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ევგენი ხმარა წარადგინა. პრეზიდენტის თქმით, მას თანამედროვე სამხედრო ოპერაციების მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

გათავისუფლების მიზეზად თავდაპირველად მიხაილ ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის არსებული უთანხმოება სახელდებოდა. მოგვიანებით ეს ფაქტობრივად თავად ფედოროვმაც და ზელენსკიმაც დაადასტურეს.

  • ფედოროვის განცხადებით, მან პრეზიდენტს სირსკისა და გენერალური შტაბის უფროსის, ანდრეი ჰნატოვის შეცვლა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის კონფლიქტი “სისტემური“ იყო და სხვადასხვა დონეზე არსებობდა. მისი თქმით, ორივე მხარე მხოლოდ პრეზიდენტის შუამავლობით ახერხებდა თანამშრომლობას.

ფედოროვმა აღნიშნა, რომ სირსკისთან თანამშრომლობას დათანხმდა, თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა იბლოკებოდა.

“რუსეთის დასამარცხებლად ახალი გზების ძიების ნაცვლად, მან ქვეყნის გახლეჩა მოახერხა,“ – განაცხადა ფედოროვმა სირსკის მისამართით.

35 წლის მიხაილ ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი იყო. მისი სახელი უკავშირდება “დრონების არმიის“ პროექტს, სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებასა და თავდაცვის სამინისტროს რეფორმების დაწყებას.

მინისტრის გადაყენებას არაერთი სამხედრო, ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე აკრიტიკებს. ცნობილმა მეთაურმა პავლო ელიზაროვმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის თავდაცვისუნარიანობას დააზიანებს.

პროტესტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ფედოროვის მიერ დაწყებული რეფორმები და სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება ომის პირობებში ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მისი გათავისუფლება შეცდომად მიაჩნიათ.

თავად ზელენსკიმ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოების პოზიცია ესმის.

“ხალხის ხმა მესმის და ვრეაგირებ იმაზე, რასაც საზოგადოება ამბობს,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო