ავტორი:

სულ მცირე 2 გარდაცვლილი და 230-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია - ტეხასში ძლიერმა წყალდიდობამ შენობები და სახლები წაიღო: ხელისუფლება ზარალს ითვლის

სულ მცირე 2 გარდაცვლილი და 230-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია - ტეხასში ძლიერმა წყალდიდობამ შენობები და სახლები წაიღო: ხელისუფლება ზარალს ითვლის

ტეხასის შტატში გადაუღებელმა წვიმამ ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ბოლო დღეებში ზოგიერთ რაიონში 30 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ყველაზე მძიმე ვითარება ცენტრალურ და სამხრეთ ტეხასშია. შტატის მთიან ნაწილში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში თითქმის ერთი წლის ნალექი დაფიქსირდა.

სტიქიას, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მაშველებმა 230-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.

დაღუპულთა შორის არის 65 წლის ჯონ მარკ სტიუარდი, რომელიც კერვილში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი წაიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა მეზობელს ღამის სამ საათზე დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი სახლი წყლით ივსებოდა. სანამ დახმარება მივიდა, საცხოვრებელი უკვე დინებას მიჰქონდა.

ძლიერმა წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობასაც. ტეხასის სოფლის მეურნეობის კომისრის, სიდ მილერის განცხადებით, დაზიანებულია ნათესები, დატბორილია საძოვრები, ჩამორეცხილია ღობეები და შეფერხებულია სატრანსპორტო გზები, რაც ფერმერებსა და მეცხოველეებს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი ჯერ კიდევ ცდილობს გასული წლის ივლისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას. მაშინ სტიქიამ 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ზაფხულის ბანაკში მყოფი ათობით ბავშვი და ბანაკის თანამშრომელი.

წყარო