რუსეთი და აზერბაიჯანი ყველა დონეზე აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი ელის, რომ „3+3“ ფორმატის მინისტერიალის შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები მალე შეთანხმდებიან შემდეგი მინისტერიალის გრაფიკზე და გადავწყვეტთ, თუ სად გაიმართება ის - ბაქოში თუ ერევანში“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, „3+3“ ფორმატს საკმარისი პოტენციალი აქვს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისთვის.
„ჩვენ შევეხეთ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების მცდელობებს, გამოიყენონ სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად. ამ კონტექსტში რეგიონული თანამშრომლობის „3+3“ პლატფორმას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ის აერთიანებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს - და მათ მეზობლებს: რუსეთს, ირანსა და თურქეთს", - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს მექანიზმი მიზნად ისახავს ნებისმიერი რეგიონული გამოწვევის გადაჭრას თავად რეგიონის ქვეყნებისა და მათი მეზობლების მიერ, „დესტრუქციული გარე ჩარევის გარეშე“.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2026-2027 წლების კონსულტაციების გეგმას. გეგმა მოიცავს უწყებების წარმომადგენლების შეხვედრების გრაფიკს და განსახილველ თემებს.