4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსის, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას მეუღლის, მაია მუმლაძის განცხადებით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მურთაზი გადაყვანილია კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას უტარდება საჭირო კვლევები და იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს მეც მოვინახულე და, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- წერს ზოდელავას მეუღლე.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას კლინიკა "ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ზოდელავამ „საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი“, თუმცა კლინიკაში აცხადებენ, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამედიცინო დაწესებულებაში თავბრუსხვევით სამი დღის წინ შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა.