ავტორი:

"ზოგჯერ ცოტა შეტევაზეც ხომ უნდა იფიქრო, არა?... სპორტში რაღაც მაინც გამეგება" - დონალდ ტრამპმა ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა და მესი შეაქო

"ზოგჯერ ცოტა შეტევაზეც ხომ უნდა იფიქრო, არა?... სპორტში რაღაც მაინც გამეგება" - დონალდ ტრამპმა ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა და მესი შეაქო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მნიშვნელოვანი როლი ექნება. როგორც ცნობილია, გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასს სწორედ ის გადასცემს.

ფინალამდე კი ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნახევარფინალში არგენტინის წინააღმდეგ ინგლისის ნაკრების "უჩვეულო ტაქტიკა" გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, მატჩის მიწურულს არჩეულმა დაცვითმა თამაშმა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის შანსი დაუკარგა.

  • ამასთანავე დონალდმა ლეო მესი შეაქო "ბრწყინვალე საგოლე გადაცემის გამო.

"ორი შესანიშნავი გუნდი - ესპანეთი და არგენტინა. ვუყურებდი იმ პასს, რომელიც მესიმ გააკეთა ინგლისთან. შეიძლება ამ დარბაზში მყოფებზე ნაკლები ვიცი ფეხბურთის შესახებ, მაგრამ სპორტში რაღაც მაინც გამეგება. შევამჩნიე, რომ მესი ძალიან კარგად ჰყავდათ აყვანილი. მერე უცებ მარჯვენა ფლანგზე გადავიდა - ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ? არ ვიცი... უბრალოდ მე შევამჩნიე. ამაზე არავის უსაუბრია. ვიფიქრე, ისეთი ძლიერი მცველი აკონტროლებდა, მაგრამ მერე მესი მარჯვნივ გადავიდა და მეორე მოთამაშე უბრალოდ იდგა. ამან თამაში დაასრულა. ეს მართლაც ბრწყინვალე იყო", - აღნიშნა ტრამპმა.

ტურნირის "დიდ ფეხბურთელებზე“ საუბრისას ტრამპმა ჯერ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ ახსენა, შემდეგ კი ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი.

"ინგლისს ჰყავს შესანიშნავი ფეხბურთელი, ვისთანაც გოლფს ვთამაშობ - იცით ეს, არა? ეს არის ჰარი. ის ფანტასტიკურია", - განაცხადა ტრამპმა.

  • შემდეგ მან ინგლისის მწვრთნელი გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი აზრით, არგენტინასთან მატჩში ჰარი კეინს ზედმეტად დაცვითი როლი დააკისრა.

"ვფიქრობ, შეცდომა დაუშვეს, როცა ის უფრო დაცვით ფეხბურთელად აქციეს. თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელი დაცვაში დააყენეს!" - თქვა პრეზიდენტმა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა. "ზოგჯერ ცოტა შეტევაზეც ხომ უნდა იფიქრო, არა? მაგრამ მე მწვრთნელობას არავის ვასწავლი. უბრალოდ, ეს ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა.

მაგრამ ჰარი მართლაც შესანიშნავი ადამიანია", - თქვა დონალდ ტრამპმა.