ავტორი:

"გული დამეწვა... ირგვლივ ყველაფერი ეკალ-ბარდებს მოუცავს" - რა მდგომარეობაშია ლაილაშში მდებარე, საქართველოს ყველაზე "ინსტაგრამული“აუზი:(ფოტოები)

"გული დამეწვა... ირგვლივ ყველაფერი ეკალ-ბარდებს მოუცავს" -  რა მდგომარეობაშია ლაილაშში მდებარე, საქართველოს ყველაზე "ინსტაგრამული“აუზი:(ფოტოები)

"ბუნებამ საოცრება გვაჩუქა, ჩვენ კი ელემენტარული პირობების შექმნაც ვერ შევძელით", - წერს სოციალურ ქსელში ლაილაშის შესახებ ალექსი კეზევაძე. მან თავისი გულისტკივილი ჩვენც გაგვიზიარა..

  • - ლაილაშის აუზი ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. სოციალური ქსელები მისმა კადრებმა ძალიან სწრაფად მოიარა და დღეს უამრავი ადამიანი იქ მხოლოდ ამ სულის შემძვრელი, უკიდეგანო ხედების გამო ჩადის. ზაფხულობით აუზი სავსეა როგორც ადგილობრივებით, ისე ტურისტებით. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ ულამაზეს ადგილს საუკუნოვანი და ძალიან პრაქტიკული ისტორია აქვს.

ეს აუზი, რეალურად, მეოცე საუკუნის დასაწყისში მაზრის ფოსტის ცხენებისთვის და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ააგეს. იმ პერიოდში ლაილაშში ორჯერ გაჩნდა ძლიერი ხანძარი, რამაც მთელი ებრაული უბანი და დუქნები გადაწვა. სწორედ ამიტომ, კომპაქტურად დასახლებული დაბისთვის წყლის სახანძრო რეზერვუარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. თანაც, ფეხსაცმლის კერვა ლაილაშის მრეწველობის მთავარი ხაზი იყო. ადგილობრივი მეწაღეები და მკერავები ამ წყალს ტყავის დასალბობად იყენებდნენ.

თავდაპირველ ნაგებობას პატარა მიშენებაც კი ჰქონდა, სადაც ფოსტის ცხენებს აწყურებდნენ. ასე რომ, დღეს თუ აქ ადამიანები ესთეტიკისა და სიმშვიდისთვის მოდიან, წლების წინ ეს ადგილი ნამდვილი შრომისა და მჩქეფარე ყოველდღიურობის ცენტრი იყო.

- დღეს როგორი სურათი დაგხვდათ ადგილზე?

- სიმართლე გითხრათ გული დამეწვა. უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მისი თითოეული კუთხე-კუნჭული. წლების განმავლობაში ფეხით თუ ავტომობილით მაქვს მოვლილი ყველაფერი, ვლაშქრობდი და კარავში ღამეებს ვათენებდი. ამის შემდეგ მსოფლიოს 25-ზე მეტი ქვეყანა და 100-მდე ქალაქი მოვიარე. მაქვს გამოცდილება, თუ როგორ უვლიან სხვები საკუთარ სიმდიდრეს.

ლაილაშის აუზიდან მართლაც უნიკალური ხედები იშლება. სიმწვანე, ლაჯანურის წყალსაცავი, მთები... წესით, იქ ყოფნით ადამიანი უბედნიერესი უნდა იყო, თუმცა დღეს ეს ადგილი უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე სიამოვნების მიღების წყარო. ირგვლივ ყველაფერი ეკალ-ბარდებს მოუცავს, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, წყალში ხავსია, გამოსაცვლელი ოთახი კი სრულიად განადგურებული. არადა, საოცრად ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ეს ადგილი მოწესრიგდეს და ლაილაშის ნამდვილ, სამაგალითო სავიზიტო ბარათად იქცეს.

- სოფელი დაცარიელებულია?

- სულ რაღაც 3 დღის წინ ვიმყოფებოდი იქ. სოფელი, სამწუხაროდ, ახალგაზრდებისგან დაცლილია. წელს დასავლეთ საქართველოში უცნაურად წვიმიანი ამინდებიც დაემთხვა და ალბათ ამანაც იმოქმედა, თუმცა წლების წინ, ამ დროს, აქაურობა სავსე იყო ხალხით. ნამდვილად ჩქეფდა ცხოვრება .ერთ-ერთ ადგილობრივთან გასაუბრებისას გავიგე, რომ სოფლის მოსახლეობა თავად აპირებს შეკრებას და მინიმუმ აუზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდას ეკალ-ბარდებისგან.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელი ინიციატივაა. ხალხს გული შესტკივა საკუთარ სოფელზე. თუმცა, მხოლოდ ერთჯერადი დასუფთავება საქმეს ვერ უშველის, ამ ყველაფერს სისტემატური, სახელმწიფოებრივი მოვლა-პატრონობა და პასუხისმგებლობის აღება ჭირდება.

- რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს?

- პირველ რიგში, დადებითი მხარეც უნდა აღვნიშნოთ. რამდენიმე წელია, რაც სოფელში საკმაოდ კარგი, ბეტონის გზა დაიგო და გადაადგილება ნებისმიერი ტიპის ავტომობილით არის შესაძლებელი. ასევე ძალიან მახარებს იმის დანახვა, რომ მცირე ბიზნესი ნელ-ნელა მაინც იდგამს ფეხს. საკუთარი თვალით ვნახე ახალი მაღაზია და რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. თუმცა, მეორე მხარეც არის - უამრავი დაკეტილი სახლი და გაუთიბავი, მიტოვებული ეზოები.

ადგილობრივებს დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. ადამიანებს უზომოდ უყვართ თავიანთი კუთხე, ბევრს აქვს სურვილი, ქალაქიდან სოფელში დაბრუნდეს და საკუთარი საქმე წამოიწყოს, მაგრამ რეალური მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია.

ეს მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს როგორც სახელმწიფოსგან, ისე რიგითი მოქალაქეებისა თუ ტურისტულ ბიზნესში ჩართული პირებისგან, თუმცა მთავარი როლი მაინც ადგილობრივ მმართველობას ეკისრება. მათ ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ლაილაშში ხალხის მიყვანა უღირდეთ. სხვანაირად ვერც ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და ვერც ტურისტი ეწვევა სოფელს, ეს კი, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მეტ ცარიელ და დაკეტილ სახლს ნიშნავს, რაც ჩემთვის უდიდესი ტკივილია.

- როგორ მდგომარეობაშია ლაილაშის სინაგოგა?

- ლაილაშის სინაგოგას ძალიან დიდი ისტორია აქვს. მისი მშენებლობა ლაილაშის ეკონომიკურ აღმავლობას დაემთხვა, იმ პერიოდს, როდესაც სოფელი მთელი ლეჩხუმის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ჰაბს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში აქ გვერდიგვერდ, საოცრად მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდა ოთხი სხვადასხვა კონფესიის ხალხი - ქართველები, ებრაელები, სომხები და ბერძნები.

საბჭოთა პერიოდში სინაგოგა, რა თქმა უნდა, დაიხურა, მოგვიანებით კი ებრაულმა მოსახლეობამ სოფელი მთლიანად დატოვა. დღეს ეს ისტორიული შენობა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია ქართველი და ებრაელი ქველმოქმედების მიერ და ღიაა დამთვალიერებლებისთვის.

სამწუხაროდ ამჯერად დროში ძალიან შეზღუდული ვიყავი და ფიზიკურად ვერ მოვახერხე შიგნით შესვლა, თუმცა ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ლაილაშს აუცილებლად კვლავ ვესტუმრო. ლაილაში ხომ მხოლოდ ხედი არ არის, ის ძალიან მაღლაა და განსაკუთრებული ჰავა აქვს. სოფელი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლაა, თითქმის 1200 მეტრზე და აქაური ჰავა ნამდვილად მკურნალია.

ხშირად ამბობენ, რომ ლაილაშს აქვს პოტენციალი, გახდეს არა უბრალოდ "ერთი გაჩერების“ ტურისტული ადგილი, არამედ სერიოზული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი, სადაც ადამიანები მთის სუფთა ჰაერითა და უნიკალური წყლებით ძალებს აღიდგენენ. ყველას ვურჩევ, ლაილაშში მხოლოდ ფოტოს გადასაღებად კი არ ავიდნენ, არამედ ერთი დღით მაინც დარჩნენ. საოჯახო სასტუმროში გაათენონ ღამე, ადგილობრივი ლეჩხუმური სტუმართმოყვარეობა გამოცადონ, დააგემოვნონ ნამდვილი რაჭულ-ლეჩხუმური ხვანჭკარა თუ ტვიში და იგრძნონ ის სიმშვიდე, რაც ამ მთებში ტრიალებს.