ავტორი:

მალარიის შემთხვევები ევროპის ერთ-ერთ დიდ აეროპორტში - რამდენად დიდია საფრთხე და რას წერს მედია

მალარიის შემთხვევები ევროპის ერთ-ერთ დიდ აეროპორტში - რამდენად დიდია საფრთხე და რას წერს მედია

ფრანკფურტის აეროპორტში ბარგის დამუშავების განყოფილების ოთხ თანამშრომელს მალარია დაუდასტურდა. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, ისინი, სავარაუდოდ, ერთმა კოღომ დააინფიცირა.

  • ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს გავრცელდა. წინასწარი მონაცემებით, თანამშრომლებს კოღომ კვირის დასაწყისში უკბინა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნიდან ჩაფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც მწერი გერმანიაში აღმოჩნდა.

  • ფრანკფურტის აეროპორტის პრესსპიკერის განცხადებით, ოთხივე ინფიცირებული ბარგის გადამტანად მუშაობს. შემთხვევის შემდეგ აეროპორტის თანამშრომლები გააფრთხილეს, ყურადღებით აკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მაღალი ტემპერატურის, შემცივნების ან სხვა საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

სპეციალისტების განმარტებით, "აეროპორტის მალარია“ იშვიათი მოვლენაა. ეს მაშინ ხდება, როცა მალარიის გადამტანი კოღო ტროპიკული ქვეყნიდან თვითმფრინავით სხვა ქვეყანაში ხვდება.

ოფიციალური მონაცემებით, 1969-2024 წლებში მსოფლიოში "აეროპორტის მალარიის“ 145 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ცხრა – გერმანიაში. მსგავსი შემთხვევა ფრანკფურტის აეროპორტში 2023 წელსაც გამოვლინდა.

  • მალარია პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ინფიცირებული კოღოს ნაკბენით ვრცელდება. მისი ძირითადი სიმპტომებია მაღალი სიცხე, შემცივნება, ძლიერი თავის ტკივილი და საერთო სისუსტე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დროული მკურნალობის გარეშე დაავადება შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშიც გახდეს.

ამჟამად გერმანიის ჯანდაცვის ორგანოები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ და ცდილობენ დაადგინონ, როგორ მოხვდა ინფიცირებული კოღო ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით, დამატებითი საფრთხე არ არსებობს, ხოლო აეროპორტში დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

წყარო