ავტორი:

1000 ქალი, ოჯახის მიტოვება ქალის გამო და უკანასკნელი სიყვარული - რუსული მედია სოსო პავლიაშვილის სკანდალურ რომანებზე წერს

1000 ქალი, ოჯახის მიტოვება ქალის გამო და უკანასკნელი სიყვარული - რუსული მედია სოსო პავლიაშვილის სკანდალურ რომანებზე წერს

"სოსო პავლიაშვილი - მუსიკოსი, რომელმაც მილიონობით ადამიანის გული თავისი ხავერდოვანი, თბილი ხმით, გულწრფელი ღიმილით და უზომო ქარიზმით დაიპყრო", - ასე იწყებს სტატიას რუსული გამოცემა, სადაც ქართული წარმოშობის მომღერლის გახმაურებულ რომანებზე წერს. სტატიაში ვკითხულობთ - "მას შეეძლო გამხდარიყო ცნობილი მევიოლინე, თუმცა თავად ვოკალის მაგიამ უფრო მიიზიდა და ეს სიყვარული მსმენელსაც გადასდო. დღეს მას "საქართველოს ხმასა“ და "მთების რაინდს“ უწოდებენ. თავად კი თავს გამოუსწორებელ რომანტიკოსად მიიჩნევს, რომელიც უკვე მრავალი წელია ბედნიერია ქალთან, რომლის გულიც ჯერ კიდევ მაშინ მოიგო, როცა ის სკოლის მოსწავლე იყო".

გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

  • მუსიკით მოჯადოებული ბავშვობა

სოსო თბილისში დაიბადა. მუსიკისადმი განსაკუთრებული ლტოლვა ბავშვობიდანვე ჰქონდა - ლამაზი მელოდიის გაგონებაზე თითქოს სხვა სამყაროში გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ხელოვნებასთან კავშირი არ ჰქონდათ, შვილის ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. 6 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში მისულს, აბსოლუტური სმენა აღმოაჩნდა და ვიოლინოს კლასში ჩარიცხეს. მასთან სახლში კერძო მასწავლებელი დადიოდა, რომელიც პატარა სოსოზე დედასავით ნერვიულობდა.

მალე პავლიაშვილმა კონკურსებზე საპრიზო ადგილების მოპოვება დაიწყო. პედაგოგები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ყველა ფიქრობდა, რომ ის ვიოლინოს ვირტუოზი გახდებოდა.

სკოლის დასრულების შემდეგ, სოსომ თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა, მაგრამ მალევე ჯარში გაიწვიეს და ბალტიისპირეთში აღმოჩნდა. მუსიკა არც იქ მიუტოვებია - შექმნა საკუთარი ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ე.წ. დისკოთეკებზე უკრავდა. ჯარისკაცის ხმამ რიგამდეც კი მიაღწია, საიდანაც მისი პირველი თაყვანისმცემლები სპეციალურად ჩადიოდნენ მის მოსასმენად.

მომღერალი, მსახიობი და ხმაურიანი სკანდალი

დემობილიზაციის შემდეგ სოსომ კონსერვატორიაში სწავლა გააგრძელა და პარალელურად ლეგენდარულ ანსამბლ "ივერიაში“ მევიოლინედ დაიწყო მუშაობა. კალგარის 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მისმა სიმღერამ მსმენელი გააოგნა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ვოკალისტი გამხდარიყო. იურმალას კონკურსზე წარმატების შემდეგ, მისი პროდიუსერობა ცნობილმა მომღერალმა ირინა პონაროვსკაიამ ითავა.

მუსიკის გარდა, მან ძალები კინოშიც მოსინჯა. სერიალებში ხშირად საკუთარ თავს თამაშობდა, თუმცა ფილმში "Потерявшие солнце“ კრიმინალური ავტორიტეტის როლი მოირგო, ხოლო დრამაში "Качели“ პილოტი მახო ითამაშა. ეს უკანასკნელი პერსონაჟი მისთვის იმდენად ახლობელი აღმოჩნდა, რომ ფილმში სრულიად უფასოდ გადაიღეს.

მის ცხოვრებას სკანდალების გარეშეც არ ჩაუვლია. მაგალითად, 2013 წელს ის ეჭვმიტანილი იყო ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში, რომელიც მისი მეგობარი გახლდათ. მიზეზი დიდი ვალი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობა სოსოს სიძემ, ვახტანგ ჩხაპელიამ ჩაიდინა, რომელიც აცხადებდა, რომ მომღერალმა მას ვალის გამო მეგობრის "ჭკუის სწავლება“ სთხოვა, თუმცა საქმე მკვლელობით დასრულდა. მომღერლის ბრალეულობა ვერ დამტკიცდა, სიძემ კი სასჯელი მოიხადა.

სიყვარულით სავსე ცხოვრება და ათასი ქალი

სოსო ყოველთვის სარგებლობდა ქალების ყურადღებით. მისი პირველი მეუღლე პიანისტი ნინო უჩანეიშვილი იყო. ისინი კონსერვატორიაში შეხვდნენ ერთმანეთს, ჯარიდან სოსო დღეში 5 წერილს სწერდა. დაბრუნების შემდეგ კი დაქორწინდნენ და შეეძინათ ვაჟი - ლევანი. თუმცა იურმალას კონკურსმა სოსოს დიდებასთან ერთად ირინა პონაროვსკაიასთან ვნებიანი რომანიც მოუტანა, რასაც ის მეუღლესაც არ უმალავდა.

დღეს მომღერალი ნანობს ნინოსთვის მიყენებულ ტკივილს, თუმცა მაშინ მოსკოვში წარმატებითა და ლამაზი ქალების ყურადღებით ტკბებოდა. ოფიციალურად ისინი მხოლოდ 2003 წელს განქორწინდნენ. პონაროვსკაიასთან დაშორების შემდეგ, სოსო ინტერვიუებში სიამაყითაც კი ამბობდა, რომ ცხოვრებაში ათასზე მეტი ქალი გააბედნიერა.

მოგვიანებით, თბილისში "ცუდი წრისგან" დასაცავად, სოსომ და ნინომ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ლევანი მოსკოვში მამასთან გადასულიყო. ბიჭმა სასწავლებელი და სამხედრო-ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა სამხედრო საქმეს მამის რესტორნების მართვა ამჯობინა.

საბედისწერო ავარია და ერთადერთი "ჯვარდაწერილი“ ცოლი

1996 წელს სოსო მძიმე ავარიაში მოყვა. იგი ნასვამ მეგობარს მანქანაში გვერდით დაუჯდა. გზაზე ფეხით მოსიარულის აცილების მცდელობისას მანქანა ბოძს შეეჯახა - მძღოლს ნაკაწრიც არ ჰქონია, სოსომ კი მძიმე ტრავმები და ტვინის შერყევა მიიღო, რასაც მოგვიანებით ეპილეფსიური შეტევები დაერთო.

სწორედ ამ მძიმე პერიოდში, როცა ის ეკლესიაში დადიოდა და განკურნებას სთხოვდა ღმერთს, მის ცხოვრებაში 16 წლის ირინა პატლახი გამოჩნდა. გოგონა თეატრალურ წრეზე დადიოდა იმავე შენობაში, სადაც სოსოს სტუდია იყო. 34 წლის მომღერალს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ირინას მშობლები ასაკობრივი სხვაობისა და სოსოს "ლოველასური“ რეპუტაციის გამო წინააღმდეგნი იყვნენ, მას შემდეგ, რაც გოგონა 18 წლის გახდა, მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება.

წყვილს ორი ქალიშვილი - ლიზა და სანდრა შეეძინათ. საინტერესოა, რომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სოსოს ავარიის ყველა შემდგომი სიმპტომი და ეპილეფსიური შეტევა სრულიად გაუქრა.

თანაცხოვრებიდან 17 წლის შემდეგ სოსომ ირინას ხელი სთხოვა, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაზე მათ უარი თქვეს და ჯვარი ეკლესიაში დაიწერეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ღვთის წინაშე ყოფნა პასპორტში შტამპზე ბევრად მნიშვნელოვანია. სოსომ დიდი ხანია დაივიწყა ძველი თავგადასავლები და დღეს მისი ერთადერთი მუზა მისი მეუღლეა..