ბოლო დღეებში ნატა ვიბლიანის გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება. შეგახსენებთ, რომ ქალი ბრალს რამდენიმე მამაკაცს სდებს, რომლებმაც ბავშვობაში გააუპატიურეს და ამბობს, რომ 14 წლის ასაკში იმშობიარა. უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა უმძიმეს ამბავს ასაჯაროებს, რომელიც მარნეულში მოხდა და არასრულწლოვანებისას გადატანილ სექსუალურ ძალადობას, ოჯახის დუმილს და ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტის ეხება.
სამირა ბაირამოვა:
- ნატა ვიბლიანის უმძიმესი ამბის პარალელურად ამ დღეებში შემთხვევით ერთი ამბავი გავიგე. ქალები საუბრობდნენ ჩვეულებრივად, თითქოს არაფერია, მაგრამ თითოეულ სიტყვაში ისეთი ტკივილი იდგა, რომ გული გეწვებოდა. ორი წლის წინ, მეზობლის ქორწილის მეორე დღეს, ოჯახში არეულობა დაიწყო. მიზეზი - 19 წლის პატარძალი "ქალიშვილი არ აღმოჩნდა“.
ჩვენთან ხომ წესებია უძველესი, მკაცრი წესები. ქორწილის ღამეს ელოდებიან თეთრ ნაჭერს სისხლით, როგორც "მტკიცებულებას“. მერე ამ ნაჭერს გადასცემენ ბიჭის მხარეს და თუ ყველაფერი "სწორადაა“, გოგოს ოჯახს აჯილდოებენ თითქოს ღირსება ასე იზომება. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. და რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩუმად არ დარჩენილა. პირიქით სწრაფად, უხალისოდ კი არა, დიდი მონდომებით გავრცელდა.
ასევე იცოდა, რომ არაერთი უნამუსო პატარა ბავშვის გაუპატიურებას შეეცდებოდა, რადგან ის ბავშვი არ იყო ქალიშვილი. ამიტომ დამალა, ტკივილი ჩაყლაპა. იმედით იცხოვრა, რომ ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა ადამიანი, ვინც მის შვილს ადამიანურად მიიღებდა, არა როგორც "დამნაშავეს“, არამედ როგორც მსხვერპლს. მაგრამ სოფელმა მაინც გაიგო.
გოგო დააბრუნეს დედის სახლში, თავისი მზითვით, თითქოს ნივთიც კი უკან დასაბრუნებელია, თითქოს ადამიანი არ არის. ბიჭისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. ექვსი თვის შემდეგ მან გოგო ისევ დააბრუნა თითქოს ეცადა, წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ საზოგადოებამ არ აპატია. ძმები, ნათესავები - ყველა მას მიუბრუნდა. "უნამუსო“ უწოდეს. ბოლოს იძულებული გახდა, ისევ უკან დაებრუნებინა გოგო უკვე ერთი შვილით.
ყველაზე მტკივნეული რა არის? - არავინ საუბრობს მოძალადეზე, ის თითქოს არც არსებობს. არ არის დამნაშავე, არ არის პრობლემა. არ არის საზოგადოებისთვის სალაპარაკო თემა. სამაგიეროდ, ყველა ადანაშაულებს დედას რომ მას რატომ გაუშვა ბავშვი მარტო. სოფელში სადაც ყველა ნაცნობი, ნათესავია, და რატომ დამალა? რატომ არ მისცა ხალხს ჭორაობის უფლება?
დღესაც არ ასვენებენ არც გოგოს, არც მის ოჯახს, არც იმ ბიჭს კითხვებით, ჭორებით, ზეწოლით. თითქოს მათი ტკივილი საკმარისი არ არის. ინტერესდებიან რა ხდება, საუბრობენ თუ არა, გეგმავენ მესამე ქორწინება ბიჭისთვის ან საერთო შვილს ურეკავს ბიჭი თუ არა…
ჩემი მუშაობის განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი ისტორია მომისმენია. ერთი კი განსაკუთრებით მძაფრად მახსოვს თითქმის იგივე, მაგრამ ამჯერად მოძალადე მამა იყო. ეს ორი წლის წინ მოხდა. ეს ორივე ამბავი მარნეულიდანა! საბედნიეროდ, ის ახლა ციხეშია. ოჯახი კი ელოდება “ საწყალი” მამის მალე ოჯახში დაბრუნებას. მაგრამ კითხვა ისევ რჩება რამდენი ასეთი ისტორია რჩება ჩუმად? რამდენი მსხვერპლი აგრძელებს ცხოვრებას სირცხვილის ტვირთით, რომელიც მათ არ ეკუთვნით? და კიდევ - რატომ ვსჯით მსხვერპლს და არა დამნაშავეს?" - წერს სამირა ბაირამოვა.