ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დაძაბულობა, სუეცის არხის მიმართულებით გაზრდილი საფრთხეები და ნავთობის ფასების მორიგი ზრდა, შესაძლოა, საქართველოზეც აისახოს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი არ არის, ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში გავლენა პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობებით აღარ განისაზღვრება.
„ირანთან ჩვენი ვაჭრობის წილი საკმაოდ მცირეა. თუ საგარეო ვაჭრობას შევხედავთ, ირანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის დაახლოებით ოცეულის ბოლოს არის, ხოლო ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო დაბალ პოზიციას იკავებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ირანში ან ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესები ჩვენზე გავლენას არ ახდენს.
საქმე ის არის, რომ მსგავსი კრიზისები ყოველთვის ქმნის გაურკვევლობის ფაქტორს. პრობლემა მხოლოდ საწვავის ფიზიკური დეფიციტი არ არის. ბაზრისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მოლოდინი და რისკი. როდესაც იზრდება გაურკვევლობა, კომპანიები, იმპორტიორები და გადამზიდავები ცდილობენ საკუთარი რისკები წინასწარ დააზღვიონ. სწორედ ამიტომ ჩნდება ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საბოლოოდ პროდუქციის ღირებულებას ზრდის. რაც უფრო დიდი გაურკვევლობა, მით უფრო დიდია დანამატიც. სხვანაირად რომ ვთქვათ, გაურკვევლობის ფაქტორი ფასში ისახება “, – ამბობს სოსო არჩვაძე. განაგრძეთ კითხვა>>>