სოციალურ პლატფორმებზე აქტიურად ვრცელდება ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი ფიზიკურად უსწორდება რუსულად მოსაუბრე ქალს - ქალი ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ იმიტომ დაარტყეს, რომ რუსულად საუბრობდა, თუმცა ვრცელდება სხვა ვერსიებიც..
“კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო... ავარდა ერთი ბიჭი, სავარაუდოდ მთვრალი, დაარტყა რუს ქალს. ეს ქალები ამბობენ ახლა რუსულად ლაპარაკის გამო იძალადაო და ვიდეოს კომენტარებში რუსები თაგავენ კახა კალაძეს გვიშველეო.
არ ვამართლებ იმ ბიჭს, არ შეიძლება ქალის ცემა, რაც არ უნდა დააშავოს. უბრალოდ კახა მაინტერესებს რას იზამს." - წერს ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში.
“ეს ჩემი ძმაა. რა თქმა უნდა ძალადობას არ ვამართლებ, თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, რაც მოხდა.
ჩემი მეორე ძმის ქორწილში აი ეს გოგოები ხმაურის გამო ორჯერ გვასხამდნენ წყალს (აპარატურის დაზიანების მიზნით და დაზიანდა კიდეც). გვაფურთხებდნენ და გვაგინებდნენ და ამასთან, ვიდეოს გვიღებდნენ, რომ მათ საქციელზე რაიმე ქმედების დაფიქსირება შეძლონ ჩვენი მხრიდან,“ - წერს კახა ჭიღლაძე.
რაც შეეხება დაშავებულს, მისი თქმით რუსული ენის გამო “აწამეს“.
“ეს გენოციდი უკვე მომბეზრდა. რატომ აქვს ვინმეს უფლება, სხვა ადამიანი საკუთარი ენის გამო აწამოს? “- წერს ინციდენტის მონაწილე ქალი და არგუმენტად იშველიებს, რომ თავად უკრაინაში დაიბადა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს და ამავე ენაზე საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ მასთან ერთად უკრაინელი ქალები იმყოფებოდნენ, რომლებიც ასევე რუსულად საუბრობენ და დაბადების დღის აღსანიშნავად ყველანი საქართველოში შეიკრიბნენ.
“დღეს, ჩვენს ტერიტორიაზე ორ ცალკეულ სტუმარს შორის სამწუხარო ინციდენტი მოხდა. ჩვენმა გუნდმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, ჩაერია სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დახმარება გაუწია ჩართულ პირებს. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ უწყებებთან.
ინციდენტი გამოწვეული იყო ცალკეული სტუმრების ქმედებებით და არ ასახავს ჩვენი სასტუმროს ან ჩვენი გუნდის ქცევას ან ღირებულებებს.
ყველა სტუმრის უსაფრთხოება, დაცულობა და კომფორტი ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ჩვენ ვაგრძელებთ გარემოებების განხილვას, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი პროცედურების დაცვა. ჩართული პირების კონფიდენციალურობისა და ნებისმიერი მიმდინარე პროცესის პატივისცემის გამო, დამატებით კომენტარს კონკრეტულ დეტალებზე არ გავაკეთებთ,“ - წერია სასტუმროს ოფიციალურ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
იხილეთ ასევე: