ავტორი:

ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა აშშ-ში დააკავეს - მათ ბრიტანეთში დამატებითი ბრალდებები წაუყენეს, საქმე ეხება გაუპატიურებას, ტრეფიკინგს და ბავშვთა პორნოგრაფიას: დეტალები

ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა აშშ-ში დააკავეს - მათ ბრიტანეთში დამატებითი ბრალდებები წაუყენეს, საქმე ეხება გაუპატიურებას, ტრეფიკინგს და ბავშვთა პორნოგრაფიას: დეტალები

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკანდალურად ცნობილი ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა, ტრისტანი დააკავეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ ახალი, უმძიმესი ბრალდებების შესახებ გააკეთა განცხადება.

  • გაუპატიურება, ტრეფიკინგი და ბავშვთა პორნოგრაფია

ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის (CPS) ინფორმაციით, 39 წლის ენდრიუ ტეიტს ბრალი ედება გაუპატიურების შვიდ ახალ ეპიზოდში, ასევე სექსუალურ ტრეფიკინგსა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

მისი ძმის, 37 წლის ტრისტან ტეიტის წინააღმდეგ კი წარდგენილია ბრალდებები სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურების ორ ეპიზოდსა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ხელშეწყობაში. გამოძიების თანახმად, აღნიშნული დანაშაულები 2010 წლის ივლისიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდშია ჩადენილი.

პროკურატურის განცხადებით, საქმეში სულ შვიდი სავარაუდო მსხვერპლი ფიგურირებს.

აშშ-ის მარშალების სამსახურმა BBC-ს დაუდასტურა, რომ ძმები ტეიტები პატიმრობაში იმყოფებიან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, დაკავება ექსტრადიციის პროცედურის ფარგლებში მოხდა. ბრიტანეთის მხარე ითხოვს ძმების გადაცემას, რომლებიც ბრიტანეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეები არიან.

ტეიტების ადვოკატმა, ჯოზეფ მაკბრაიდმა, ბრალდებებს „პოლიტიკური დარტყმა“ უწოდა. მისი თქმით, ახალი ბრალდებები მიზნად ისახავს ძმების მიერ აშშ-ში შეტანილი ცილისწამების სარჩელის განეიტრალებას.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მაისში პროკურატურამ უკვე დაადასტურა 21 ბრალდების სია, რომლებზეც ძმებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მანამდე ისინი რუმინეთში იმყოფებოდნენ, სადაც ასევე სისხლისსამართლებრივ გამოძიებას ექვემდებარებოდნენ. ივნისში ძმებმა სასამართლოში წააგეს დავა, რომლითაც ბრიტანეთში მათი მამხილებლების ვინაობის გაგებას ითხოვდნენ.

წყარო