ავტორი:

“არ არსებობს კვირა, რომ არ მოგვწერონ: “სად შეიძლება ლომის ბოკვერი ვიყიდო?“ - მათთვის სათამაშოსავითაა... იგივე ხდება მაიმუნების შემთხვევაშიც“ - თბილისის ზოოპარკის ყოველდღოურბასა და გამოწვევებზე მზია შარაშიძე გვესაუბრა

“არ არსებობს კვირა, რომ არ მოგვწერონ: “სად შეიძლება ლომის ბოკვერი ვიყიდო?“ - მათთვის სათამაშოსავითაა... იგივე ხდება მაიმუნების შემთხვევაშიც“ - თბილისის ზოოპარკის ყოველდღოურბასა და გამოწვევებზე მზია შარაშიძე გვესაუბრა

წლების წინ ამბობდა, ან National Geograpic-ში, ან Discovery-ზე, ან ზოოპარკში ვიმუშავებო. მერე ისე მოხდა, რომ ზოოპარკში სამსახური მართლაც დაიწყო - სურვილი აუხდა... მას მერე 12 წელი გავიდა...

რა შემატა მზია შარაშიძეს ზოოპარკში მუშაობამ როგორც სამსახურებრივი, ისე ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისით, რა მოთხოვნები აქვთ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ზოოპარკის თანამშრომლების მიმართ, რატომაა ზოოპარკში ყველაზე ბევრი დათვი, რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა ზოგადად ცხოველებთან დაკავშირებით, ამაზე ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მზია-ლუკა შარაშიძე გვესაუბრება.

- ჩემთვის ეს ძალიან საყვარელი სამსახურია, რადგან აქ მოსვლა ყოველთვის მიხარია. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ იქ მისვლა ეზარებოდეს, ყოველი ორშაბათის დადგომა სტრესი იყოს და მხოლოდ პარასკევს საღამოს გრძნობდეს თავს ბედნიერად. წინასწარ იმის წარმოდგენა, რომ ორშაბათიდან ისევ თავიდან იწყება ეს ტრიალი, ძალიან რთულია. ასეთ რეჟიმში მუშაობა ადრე თუ გვიან ყველას ყელში ამოსდის ხოლმე - მერე ან მიმართულებას იცვლი, ან საერთოდ მიდიხარ სადმე სხვაგან.

თბილისის ზოოპარკში, მართალია, არ არის ისეთი ანაზღაურება, როგორიც, დავუშვათ, სხვა კერძო ბიზნესკომპანიებშია, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც მისვლა ყოველთვის გიხარია და საქმე დამატებით ტვირთად არ გაწევს. ადრეც აღმინიშნავს სხვაგან: ხშირად ორგანიზაციებში ისეთი გარემოა, რომ თანამშრომლები უფროსის ან დირექტორის დანახვაზე უცებ იძაბებიან. სამსახურში მისვლისას დირექტორის მანქანის დანახვაც კი რაღაც უხილავ დაძაბულობას იწვევს - “უი, უფროსი მოსულა“. ჩვენთან კი პირიქითაა: უფროსის მანქანას რომ დავინახავთ, სიხარულის განცდა გვეუფლება და არა დაძაბულობის. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ეს სამსახური ჩვენთვის ტვირთი არ არის.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან იმ საქმეს, რომელიც გიყვარს და გახარებს, ბევრად უფრო დიდი ენთუზიაზმით აკეთებ. რაც არ უნდა ბევრს გიხდიდნენ, თუ საქმე არ გიყვარს, შინაგან კმაყოფილებას მაინც ვერასოდეს იგრძნობ.

- ზოოპარკი სხვა სამსახურებისგან იმით განსხვავდება, რომ თქვენი ზრუნვის საგანი ზოოპარკის ბინადრები, ცხოველები არიან. მათთან მუშაობა კი - თქვენი მთავარი პრიორიტეტია...

- ზუსტად ისეა. ჩვენთან უმთავრესი პრიორიტეტი ცხოველია. ამიტომ პირველ რიგში მისი საჭიროებებიდან გამოვდივართ: რა სჭირდება კონკრეტულ ცხოველს? რა უნდა უზრუნველყო, რომ მან თავი კარგად იგრძნოს? შენ რა შეგიძლია გააკეთო ამისთვის?

ზოოპარკს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. როდესაც მათთან დისკუსიაში შევდივარ, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ უბრალოდ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ.

- გულისხმობთ იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნიათ, რომ ცხოველი ბუნებაში უნდა იყოს და არა გალიაში?

- არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზოოპარკი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სრულიად მისაღებია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი სუბიექტური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, ეს პოზიცია უნდა იყოს საღი, არგუმენტირებული და სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ცხოველისთვის სასარგებლო კი არა, საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს.

არ მომწონს, როდესაც ცხოველების სიყვარული მხოლოდ ზედაპირული კომენტარების წერით შემოიფარგლება, რომლებსაც რეალობასა და კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული არანაირი საფუძველი არ გააჩნია. გამოდიან და ჭკუას გარიგებენ, თუმცა როცა ჩაეძიები, აღმოჩნდება, რომ ცხოველებზე არც წიგნი წაუკითხავთ, არც დოკუმენტური ფილმი უნახავთ და არც გარეულ ცხოველთან ჰქონიათ ოდესმე უშუალო შეხება. მიუხედავად ამისა, მაინც აძლევენ თავს უფლებას, დაგმოძღვრონ. ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებელია. ერთი რამ, რაშიც ამ ადამიანებს ვეთანხმები, არის ის, რომ გარეული ცხოველი მართლაც არ უნდა იყოს გალიაში - სათანადო, ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში უნდა იცხოვროს. ეს არის უმთავრესი. სწორედ ამიტომ იცვლება ყოველწლიურად თანამედროვე ზოოპარკების კონცეფცია. განვითარებულ ქვეყნებში ცხოველები გალიებში აღარ ჰყავთ და არც წვრთნიან მათ. ხშირად ცირკთან ავლებენ ხოლმე პარალელს...

- ჰო, სწორედ ამის თქმა მინდოდა...

- ამ ორგანიზაციას განსხვავებული კონცეფცია აქვს. ზოოპარკში ცხოველებს თავად აქვთ არჩევანის საშუალება, რა გააკეთონ და რა - არა. მათ არავინ წვრთნის, მით უმეტეს - იძულებით. არავინ აიძულებს მათ ისეთი რამის გაკეთებას, რაც მათ ბუნებრივ ქცევას არ შეესაბამება და მათთვის უცხოა.

საერთოდ ადამიანების კრიტიკის ძირითადი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობაა... უბრალოდ არ იციან, რა მდგომარეობაა ზოგადად ეკოსისტემაში ცხოველების თვალსაზრისით. “უი, როგორ მიყვარს ლომი და როგორ მეცოდება, გალიაში რომ არის“. მაგრამ არ იციან, რა მდგომარეობაშია რეალურად ეს ცხოველი, ემუქრება თუ არა გადაშენების საფრთხე...

ყველაზე კარგი ილუსტრაციაა მათი მოთხოვნა: “დაკეტეთ ზოოპარკები და გაუშვით ეს ცხოველები ბუნებაში“. ამ დროს ადამიანმა ისიც კი არ იცის, რომ ზოოპარკში გაზრდილ ცხოველს ბუნებაში ვერ დააბრუნებ, რადგან ის იქ ვერ გადარჩება და მოკვდება. ზოოპარკში დაბადებულმა და გაზრდილმა ცხოველმა არ იცის დამოუკიდებლად თავის გადარჩენა, საკვების მოპოვება და ადამიანისგან განრიდება. რომ ამბობენ, გაუშვით ბუნებაში, - როგორ წარმოუდგენიათ? გასაგებია, რომ საქართველოში ჰიპოპოტამს ველურ ბუნებაში ვერ გავუშვებ, მაგრამ სხვა ცხოველიც რომ წავიყვანოთ და გავუშვათ, ეს მისთვის გარანტირებული სიკვდილი იქნება. ჰგონიათ, რომ ბუნებაში ყველაფერი ისეა, როგორც საბავშვო წიგნების ფერად ნახატებში - ვეფხვი და ანტილოპა ერთად რომ ძოვენ.

- კი, მეც მომისმენია არაერთი მცდარი მოსაზრება...

- ერთ-ერთი მცდარი შეხედულება ისაა, რომ ძალიან დიდ ნაწილს ჰგონია, თითქოს ზოოპარკის ცხოველები ველური ბუნებიდან არიან მოყვანილი. ჰგონიათ, რომ მივდივართ, სადღაც ამ ცხოველებს ვატყვევებთ და ვკეტავთ. ასე არ ხდება. თანამედროვე, განვითარებულ ზოოპარკებში აკრძალულია ველური ბუნებიდან ცხოველების აყვანა და მათი დატყვევება. ზოოპარკებში მხოლოდ იქ დაბადებული და გაზრდილი ცხოველები არიან, რომლებსაც ზოოპარკები შემდეგ ერთმანეთს უცვლიან ან უგზავნიან. ბუნებიდან ცხოველის აყვანა ხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში - როდესაც სახეობა გადაშენების პირასაა, ველურ ბუნებაში სულ მცირე რაოდენობის ინდივიდია დარჩენილი და ზოოპარკები იღებენ პასუხისმგებლობას მათ გამრავლებასა და გადარჩენაზე.

სხვა შემთხვევაში, ზოოპარკის ბინადრები ტყვეობაშივე არიან დაბადებულები. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში არსებობს გამონაკლისიც. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დათვები. ხშირად გვეჩხუბებიან ხოლმე, აი, რატომ გყავთ ზოოპარკში ამდენი დათვი?!.

- ჰო, მართლაც, რატომ გყავთ ამდენი დათვი?

- ზოოპარკში რამდენი დათვიც გვყავს, ყველა ჩამორთმეულია - არცერთი მათგანი არც ჩვენთან დაბადებულა და არც სხვა ზოოპარკიდან მოგვიყვანია. გაზაფხულზე დედა დათვს ბელები უჩნდება. ბრაკონიერები ტყეში კლავენ დედა დათვს და ბელები უპატრონოდ რჩებიან. მერე ადამიანები ნახულობენ ამ პატარა, საყვარელ ბელებს და სახლში მიჰყავთ სათამაშოდ. ერთი-ორი თვე ერთობიან, მაგრამ მერე ეს ბელი იზრდება, მისი მოვლა რთულდება და საშიშიც ხდება. სად უნდა წაიყვანონ?!

საქართველოს კანონმდებლობით, ველური ცხოველის დატყვევება აკრძალულია - ცხოველი კონფისკაციას ექვემდებარება, ხოლო კანონდამრღვევი უნდა დაჯარიმდეს. ამის შემდეგ ეს დათვები ჩვენთან, ზოოპარკში მოჰყავთ. ადამიანების გვერდით გაზრდილ დათვს ბუნებაში ვეღარ დააბრუნებ, რადგან ტყეში რომ გაუშვა, ისევ სოფელში ჩამოვა - მისთვის ადამიანი საკვების წყაროსთან ასოცირდება.

ასე გვემატება ყოველ წელს რამდენიმე ბელი ვოლიერში. სულ ვამბობთ, ზოოპარკი არ არის დათვების თავშესაფარი, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს სხვა ოფიციალური თავშესაფარი ან სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც გარეული ცხოველი შეიძლება მოხვდეს (თორემ კერძო ინიციატივები კი არის). ჰოდა, იძულებულები ვართ, ჩვენ შევიფაროთ. ამის ნაცვლად, რომ ადამიანებმა რეალურ პრობლემაზე მოახდინონ რეაგირება - დასვან კითხვა, რატომ ბრაკონიერობს ხალხი და რატომ მოჰყავთ ბელები სათამაშოდ - პირიქით, ჩვენ გვეკითხებიან: “რატომ გყავთ ამდენი დათვი?“. რეალური მიზეზი კი ეს არის. რეალურ პრობლემას არავინ უღრმავდება და მისი მოგვარების გზებს არავინ ეძებს. ზოგი ჩვენზე ბრაზდება, თითქოს ჩვენ გვიხაროდეს ამდენი დათვის შემოკედლება.

- აქ “შანის“ მაგალითიც გამოდგება. იგი ზოოპარკის ის ბინადარი აღმოჩნდა, რომელიც გარკვეული თუ გაურკვეველი გზით ჯერ საქართველოში მოხვდა, შემდგომ კი - თქვენთან. როგორ შეაფასებთ ამ შემთხვევას?

- “შანის“ შემთხვევა მართლაც განსაკუთრებულია. დღემდე ძალიან ხშირად მხვდება კომენტარები: “აი, რა გინდოდათ, რა კარგად იყო ეს ლომი “პორშეში“ და ახლა ზოოპარკში მიწაზე აგდია“. იმ ადამიანისთვის, ვისაც ლომის ქცევებსა და თავისებურებებზე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, “პორშეს“ სალონში მყოფი ლომი კარგ პირობებში მყოფად მიიჩნევა, ზოოპარკში ყოფნა კი - ტანჯვად. რაც არ უნდა თქვას იმ ადამიანმა, თითქოს ცხოველების სიყვარული ამოძრავებს, მე ამას ვერასოდეს გავიგებ.

- დღეს როგორია “შანის“ მდგომარეობა?

- დღესდღეობით ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბინადარია, რადგან ჩვენს ხელში გაიზარდა. სახელი ბატონმა ზურამ (ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი. - ავტ.) მოუფიქრა, “მზის სხივს“ ნიშნავს. ცალკე საკითხია, როგორ და რატომ მოხვდა საქართველოში, ეს შესაბამისი ორგანოების გასარკვევია და არა ჩვენი. ჩვენთან რომ მოიყვანეს, ფაქტობრივად მომაკვდავი იყო - დასუსტებული, დაუძლურებული, ჯანმრთელობის უამრავი პრობლემით. თვეების განმავლობაში ჩვენს ვეტექიმებს ინტენსიური მუშაობა დასჭირდათ, რომ ეს ცხოველი მდგომარეობიდან გამოეყვანათ. მუდმივად გვქონდა კონტაქტი უცხოელ სპეციალისტებთან, ვუგზავნიდით ფოტოებს, ანალიზებს, აღვუწერდით მდგომარეობას. ისინი თავიანთ რეკომენდაციებს გვაძლევდნენ. სხვათა შორის, მათთვისაც დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ “შანი“ დღეს ასეთ კარგ ფიზიკურ ფორმაშია. თავიდან ერთ-ერთმა უცხოელმა სპეციალისტმა ისიც კი თქვა, რომ შესაძლოა ცხოველის “დაძინება“ მოგვიწიოს, რადგან იმდენად მძიმე პრობლემები ჰქონდა, რომ მათი დაძლევის შანსი მცირე იყო.

ჩვენ ხომ ძალიან კრიტიკულად განწყობილი ერი ვართ და ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენთან ყველაფერი ცუდია - “ჩვენმა ექიმებმა რა იციან“. რეალურად კი, მართლა ძალიან მაგარი სპეციალისტები და ვეტექიმები გვყავს, რომლებმაც ამ ლომის შემთხვევაში შეძლეს ის, რაც შეიძლება ბევრ წარმატებულ უცხოურ ზოოპარკში ვერ მოეხერხებინათ და ეთქვათ, უნდა “დავაძინოთო“. ჩვენ არ შევეშვით, არ დავნებდით - ხან წამლობა, ხან კატე (კომპიუტერული ტომოგრაფია) გადავუღეთ... თან ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს ისეთი მატერიალური ბაზა, როგორიც უცხოეთშია.

უკანა თათების პრობლემა, მოეხსნა, ოდნავ განზე აქვს, მაგრამ საგრძნობლად მოუძლიერდა კიდეც, სრულფასოვნად მოძრაობს, თამაშობს. ვიზუალურად ცოტა ეტყობა, მაგრამ ეს მოძრაობაში ხელს არ უშლის. დაუკვირვებელი თვალი ვერც კი შეამჩნევს, რომ ოდესღაც უკანა კიდურების პრობლემა ჰქონდა. ჯანმრთელადაა და აგრძელებს ცხოვრებას.

- თუმცა ლომი სოციალური ცხოველია და ცნობილია, რომ ისინი ბუნებაში დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ...

- კი, ასეა, სჭირდება გვერდით თანამოძმე (ტიპური ლომია, ლათინურად Panthera leo ჰქვია). ბუნებაში ლომები დიდ ჯგუფებად ცხოვრობენ, რომლებსაც “პრაიდი“ ჰქვია. ახლა გვინდა, რომ “შანის“ მეწყვილე ვუპოვოთ, რომ სრულფასოვნად იცხოვროს. თუმცა, იმის გამო, რომ “შანი“ ადამიანებთან ერთად გაიზარდა (ფაქტობრივად, დირექტორის კაბინეტში), იმდენადაა ადამიანებს მიჩვეული და არ აქვს თავისნაირებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომ მისი დაწყვილება რთული საკითხია.

ხალხი გვწერს ხოლმე: “ხომ გყავთ სხვა ლომები, შეუშვით იმათთან“. ესეც, რა თქმა უნდა, უმეცრებაა. უკვე ჩამოყალიბებულ, ზრდასრულ ლომების ჯგუფში პატარა, უცხო ლომს ვერ შევუსვამთ, რადგან ძალიან დიდი ალბათობით უბრალოდ მოკლავენ. ხალხს არ აქვს სათანადო ინფორმაცია და მათ წარმოდგენაში ეს პროცესი ასე გამოიყურება: ჩასვამ შანის სხვა ლომებთან, ისინი თბილად მიიღებენ, თათს გადაუსვამენ და იცხოვრებენ სიამტკბილობაში?! ასე არ მოხდება, ამიტომ ჩვენს არსებულ პრაიდში მას ვერ ჩავსვამდით.

- რა გარანტიაა, რომ თანამოძმის (მეწყვილის) შემთხვევაშიც მსგავსი რამ არ მოხდება?

- არც მაგისი გარანტია არსებობს... თავიდან მოლაპარაკება გვქონდა ერთ-ერთ ზოოპარკთან, რომელსაც “შანის“ ასაკის ლომები ჰყავდა. გავუგზავნეთ სურათები და ვიდეოები, მაგრამ საბოლოოდ უარი გვითხრეს. მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი ლომი ადამიანებსაა მიჩვეული. მათ კი საკუთარი ლომები ერთად ჰყავთ გაზრდილი, ადამიანებთან ასეთი მჭიდრო კონტაქტი არ აქვთ და არ იცოდნენ, როგორ შეეგუებოდა მათ ლომებს. ასეთი შეჯვარება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და იმ ეტაპზე უარი გვითხრეს. მოკლედ ეს ძალიან დიდი პრობლემა და საფრთხეა.

- რა არ უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ფაქტების წინაშე არ აღმოვჩნდეთ?

- არ არსებობს კვირა, რომ არ მოგვწერონ: “სად შეიძლება ლომის ბოკვერი ვიყიდო?“. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ძალიან აცდენილნი არიან რეალობას. თავი დავანებოთ იმას, რომ საერთოდ არ ფიქრობენ, რა სჭირდება გარეულ ცხოველს... რა ზომის ვოლიერი სჭირდება, რამდენი ხორცი უნდა აჭამონ, როგორი ვეტმომსახურებაა უნდა. ცხოველს რაღაც რომ ატკივდება, რას აკეთებენ? ამაზე არ ფიქრობენ.

ვთქვათ და ადამიანს აქვს კუნძულიც და იმდენი ფულიც, რომ შესაბამისი ვოლიერი აუშენოს და იმდენი ხორცი აჭამოს, რამდენიც სჭირდება. მაგრამ იმ ლომს ოპერაცია ან მკურნალობა რომ დასჭირდება, პრობლემა რომ შეექმნება, სად მიდის, რას აკეთებს?!

და ამას ეძახიან ცხოველის სიყვარულს: “მე მიყვარს ლომები, ამიტომ მინდა სახლში მყავდეს“. ის მათთვის სათამაშოსავითაა. ეს უგუნურებაა. მხოლოდ ლომზეც არ არის საუბარი - სახლში ზაზუნაც რომ გყავდეს, ისიც შენი პასუხისმგებლობაა, უნდა მიხედო და მოუარო. მერე გვიკვირს, რატომ გვაქვს ქუჩაში გაგდებული ძაღლების პრობლემა?! იგივე ხდება მაიმუნების შემთხვევაშიც. ჩვენ ახლა გვყავს ერთი ჩამორთმეული კაპუცინი და ორი მაკაკა.

მაიმუნიც ერთ-ერთი ისეთი ცხოველია, რომელიც ადამიანებს სულ უნდათ, რომ სახლში ჰყავდეთ. TikTok-ზე ან სოციალურ ქსელებში რაღაც ვიდეოებს ნახულობენ და ჰგონიათ, რომ სრულფასოვანი ბედნიერებისთვის მაიმუნი სჭირდებათ. ჰგონიათ, რომ ეს სიყვარულია. არადა, სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ იმ სასიყვარულო ობიექტის ნებისა და თანხმობის გარეშე, შენი ეგოისტური სურვილის გამო, ეს არსება გვერდით იყოლო. ჩვენთან ხვდებიან ჩამორთმეული მაიმუნები, რომლებიც საზღვარზე უკანონოდ შემოჰყავდათ გასაყიდად - ასეთ დროს ხდება კონფისკაცია.

არის შემთხვევებიც, როცა მაიმუნი ოჯახს მოჰყავს, რომელიც მას წლების განმავლობაში ზრდიდა. თავიდან ჰგონიათ, რომ უი, რა კარგია, მაგრამ ეს მაიმუნი იზრდება და სქესობრივ მომწიფებას რომ აღწევს, შეიძლება გახდეს აგრესიული, დაკბინოს ოჯახის წევრები ან სტუმრები.

მერე სახლში მაიმუნის ყოლა ნიშნავს, რომ გყავს აბსოლუტურად უმართავი ორი წლის ბავშვი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერს ასწავლი. ყოველთვის რაღაცას ჩამოაგდებს, გააფუჭებს, დაგლეჯს... ასეთი ცხოველი სამუდამოდ განწირულია, რადგან სხვა მაიმუნების ჯგუფი აღარ მიიღებს. ადამიანებთან გაზრდილი ცხოველი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი თანამოძმეებისგან და ჯგუფი მას რიყავს... აი, ეს არის მათი “სიყვარული“ - როდესაც საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად სახლში მოგყავს არსება, რომელსაც მერე სასიკვდილოდ წირავ.

- მგონი, ბუსაც ითხოვდნენ, სახლში რომ ჰყოლოდათ, ხომ?

- კი და ასეთ დროს ვეუბნები: “კარგით, ბუ რომ გყავდეს სახლში, იცი, რომ თაგვებით უნდა გამოკვებო? თაგვი ბუს ან ცოცხლად უნდა მისცე, ან შენ თვითონ უნდა გაჭყლიტო და ისე აჭამო. მერე ბუს ასეთი თავისებურება აქვს: ამ თაგვს რომ გადაყლაპავს, რამდენჯერმე უკან ამოანთხევს და მერე ისევ გადაყლაპავს“. ამას რომ იგებენ, მპასუხობენ: “უი, უი, აღარ მინდა“.

არადა, მანამდე ჰგონიათ, “ჰარი პოტერში“ რომ თეთრი ჰედვიგია, ისეთივე მშვენიერი იქნება - მხარზე დაისვამენ და ბედნიერად იცხოვრებენ. თუმცა ვინც არ გვიჯერებს, მერე ისევ ზოოპარკში მოდის საშველად...

(ინტერვიუს გაგრძელება ექნება)