ნიუ-იორკში ლეგიონერების დაავადებით სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.
"გულდაწყვეტილები ვართ, რომ კიდევ ერთი ნიუ-იორკელი ლეგიონერების დაავადებით გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, — განაცხადა ნიუ-იორკის ჯანდაცვის კომისარმა, დოქტორმა ალისტერ ფ. მარტინმა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევები ქალაქის აპერ ისთ საიდზე მდებარე შენობების გამაგრილებელ კოშკებში აღმოჩენილ ლეგიონელას ბაქტერიასთანაა დაკავშირებული.
შემოწმების შედეგად ბაქტერია 76 შენობის გამაგრილებელ სისტემაში აღმოაჩინეს. შენობების მფლობელებს სისტემების გაწმენდა, დეზინფექცია და საჭირო სამუშაოების ჩატარება დაევალათ. ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აუცილებელი პროცედურები უკვე დასრულებულია.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ნიუ-იორკში მიმდინარე შემთხვევების ჯგუფი არ უკავშირდება სასმელ წყალს, შხაპებს ან კონდიციონერებს.
უწყების ინფორმაციით, 8 ივლისის შემდეგ დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და მისი მკურნალობა შესაძლებელია, თუ ინფექცია დროულად გამოვლინდა და პაციენტს ანტიბიოტიკები დაენიშნა.