ავტორი:

"ლეგიონერების ეპიდემია" ნიუ-იორკში - არის მსხვერპლი: რამ გამოიწვია დაავადება და რას ურჩევს ქალაქში მყოფებს ჯანდაცვის უწყება

"ლეგიონერების ეპიდემია" ნიუ-იორკში - არის მსხვერპლი: რამ გამოიწვია დაავადება და რას ურჩევს ქალაქში მყოფებს ჯანდაცვის უწყება

ნიუ-იორკში ლეგიონერების დაავადებით სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

  • კვირის მონაცემებით, ქალაქში დაავადების 74 შემთხვევაა დაფიქსირებული, რვა ადამიანი კი კვლავ საავადმყოფოში მკურნალობს. 51 პაციენტი, რომლებიც ინფექციის გამო ჰოსპიტალიზებული იყვნენ, უკვე გაწერეს.

"გულდაწყვეტილები ვართ, რომ კიდევ ერთი ნიუ-იორკელი ლეგიონერების დაავადებით გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, — განაცხადა ნიუ-იორკის ჯანდაცვის კომისარმა, დოქტორმა ალისტერ ფ. მარტინმა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევები ქალაქის აპერ ისთ საიდზე მდებარე შენობების გამაგრილებელ კოშკებში აღმოჩენილ ლეგიონელას ბაქტერიასთანაა დაკავშირებული.

შემოწმების შედეგად ბაქტერია 76 შენობის გამაგრილებელ სისტემაში აღმოაჩინეს. შენობების მფლობელებს სისტემების გაწმენდა, დეზინფექცია და საჭირო სამუშაოების ჩატარება დაევალათ. ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აუცილებელი პროცედურები უკვე დასრულებულია.

ლეგიონერების დაავადებას ლეგიონელას ბაქტერია იწვევს, რომელიც ხშირად გვხვდება თბილ და ნესტიან გარემოში, მათ შორის გამაგრილებელ კოშკებში, ჯაკუზებში, სპა-ცენტრებსა და ზოგიერთ წყლის სისტემაში. ინფექცია ადამიანზე ჰაერში გაფანტული დაბინძურებული წყლის წვეთებით გადადის.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ნიუ-იორკში მიმდინარე შემთხვევების ჯგუფი არ უკავშირდება სასმელ წყალს, შხაპებს ან კონდიციონერებს.

უწყების ინფორმაციით, 8 ივლისის შემდეგ დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაავადება ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის და მისი მკურნალობა შესაძლებელია, თუ ინფექცია დროულად გამოვლინდა და პაციენტს ანტიბიოტიკები დაენიშნა.

წყარო