Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი, "აკადემია-სახელოსნო 42“-ის დამფუძნებელი მანანა კაზაკოვა. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
- თეა:
- ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. ამ ეტაპზე რას საქმიანობთ? "თეატრი- სახელოსნო 42“-ის შეყვარება უკვე მოასწარით? რით განსხვავდება ის "მარჯანიშვილის თეატრისგან“ და თუნდაც "სარდაფისგან“?
- ვთამაშობ სპექტაკლებს. ამასთანავე, თეატრთან ერთად დავაარსე "აკადემია სახელოსნო 42“, სადაც რამდენიმე კურსი გავხსენით. რა თქმა უნდა, ეს თეატრი ძალიან შემიყვარდა, რადგან ის დამოუკიდებელია. ლევანის ოცნება იყო, რომ დამოუკიდებელი თეატრი ჰქონოდა და ეს ოცნება სოფოს დამსახურებითა და ჩვენი საერთო ძალისხმევით, პირველ რიგში ლევანის, ახდა.

თეატრების ერთმანეთთან შედარება, ალბათ, მაინცდამაინც სწორი არ არის - ყოველ ეტაპზე მისდამი განსხვავებული დამოკიდებულება გაქვს. "თეატრალური სარდაფი“ ჩვენი ახალგაზრდობა და პირველი ნაბიჯები იყო. ისიც დამოუკიდებელი თეატრი გახლდათ და ყველას გამორჩეულად გვიყვარდა. "სარდაფელები“ დღესაც რომ ვხვდებით ერთმანეთს, ნათესავებივით ვართ, რადგან იქ ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდული წლები გავატარეთ. იმ "სარდაფში“ რაღაც სწორი და საოცარი ხდებოდა - პროფესიისადმი ნამდვილი სიყვარული და ბოლომდე დახარჯვა. გარეთ მძიმე პერიოდი იყო, 90-იანი წლები, მაგრამ თეატრი ჩვენთვის ერთგვარ შუქურას, განათებულ პატარა ადგილს ჰგავდა, სადაც ჩვენც ბედნიერები ვიყავით და მაყურებელიც. დღესაც მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან: "ჩვენ "სარდაფში“ გავიზარდეთ, ის იმდენ სიხარულს გვანიჭებდა“. იქ ადამიანები მხოლოდ სპექტაკლისთვის კი არა, ერთმანეთის სანახავადაც მოდიოდნენ და უამრავი დადებითი რამ ხდებოდა.
პარალელურად იყო მარჯანიშვილის თეატრი. თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ბატონმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა სადღაც, სპექტაკლზე შემამჩნია და მკითხა, ახლა სად ხარო. ვუპასუხე, არსად, ინსტიტუტი ახლახან დავამთავრე-მეთქი. დამირეკა, 2 სექტემბერს თეატრთან დამხვდა და შიგნით შემიყვანა. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. ქალბატონი გურანდაც და ბატონი ოთარიც ახლა უკვე გარდაცვლილები არიან, მაგრამ მათი ყოველთვის მადლიერი ვიქნები და არასდროს დამავიწყდება ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთეს.

მარჯანიშვილის თეატრი განსაკუთრებით იმ პერიოდში მიყვარდა, როცა ლევანი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, თუმცა ეს ადგილი ჩემთვის ლევანისგან დამოუკიდებელ სივრცედაც რჩებოდა. მასზე გათხოვებამდე უკვე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვიყავი და ეს ჩემი დამოუკიდებელი ნაბიჯები იყო, რათა მხოლოდ "მეუღლის სტატუსით“ არ ვყოფილიყავი და ჩემი საკუთარი შემოქმედებითი ურთიერთობები მქონოდა. მას შემდეგ კი, რაც ზურიკო ბერიკაშვილი აღარ არის, მარჯანიშვილის თეატრი ჩემთვის ძალიან სევდიან ადგილად იქცა. შიგნით შესვლისას სულ მას ვეძებ, რომ შევდივარ. თეატრი ხომ მხოლოდ შენობა არ არის, ის ადამიანებია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩვენ, ახალგაზრდები, ერთად მიგვიღეს "მარჯანიშვილში“ და მას მერე ერთად მოვდიოდით... ახლა, ასე უცებ რომ აღარ არის, ძალიან მიჭირს...
ვინი:
- ოჯახის დამსახურებად მიიჩნევთ თქვენს მსახიობობას?
- ნაკლებად. ჩემს მსახიობობაზე საუბრისას, პირიქით, ყველა მებრძოდა და არავის უნდოდა, ამ გზას გავყოლოდი. მსახიობებს, როგორც წესი, არ სურთ, რომ შვილებმა მათი ბედი გაიზიარონ. მიუხედავად იმისა, რომ თავად თავგანწირვით უყვართ ეს პროფესია, მამაჩემიც სულ წინააღმდეგი იყო. ჩემმა სურვილმა მაინც სძლია ამ წინააღმდეგობას.

მახო:
- დიდ მსახიობს, მიხეილ კაზაკოვს, რომელიც თქვენი მამა იყო, რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?
- მამას ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. მან ჩემს პროფესიას, მსოფლმხედველობასა და განათლებას უამრავი რამ მისცა. გავიზარდე ისეთ ლექსებზე, პოეზიასა და ლიტერატურაზე. ის უკიდეგანოდ განათლებული ადამიანი იყო, ყოფიერი პრობლემები ნაკლებად აინტერესებდა და ჩვენი ურთიერთობაც ამაღლებულ თემებზე იყო დამყნობილი. მშობლები გაშორებულები იყვნენ და მახსოვს, მამა რომ ახლოს გავიცანი, პირველად პუშკინის ზღაპარი წამიკითხა... იმ მომენტში ვერ ხვდები, რამხელა გავლენა აქვს ამას, მაგრამ მოგვიანებით აცნობიერებ, რომ სამყარო მხოლოდ კვება, ტანსაცმელი და მატერიალური პრობლემები არ არის. ეს ყოველივე მომავალში მარტოობასაც კი საინტერესოს ხდის, რადგან შეგიძლია საკუთარი თავი თავადვე გაართო. ჩვენი ყოველი შეხვედრა გამორჩეული იყო: პირველი ფილმი, რომელიც ერთად ვნახეთ, პირველი შეხვედრა პოეზიასთან, მისი შთაბეჭდილებები წიგნზე, თეატრზე, კინოსა თუ მხატვრობაზე - ეს ყველაფერი მას უკავშირდება და ადამიანს თვალსაწიერს საოცრად უფართოებს.
თამარი:
- საქართველოში არაქართული გვარით ცხოვრებას ოდესმე რაიმე პრობლემა თუ შეუქმნია. თუმცა ვიცი, რომ ეროვნებით ქართველი დააწერინეთ თავის დროზე პასპორტში? მამამ იცოდა ეს?
- მამაჩემისთვის ეროვნება შინაგანი შეგრძნება იყო. ადრე პასპორტში ეროვნება იწერებოდა და ამას თავად ირჩევდი. ვინაიდან კაზაკოვა ვიყავი, გარეშე პირებს ეგონათ, რომ აუცილებლად "რუსი“ უნდა ჩამეწერა. მე შევეწინააღმდეგე - ვთქვი, რომ ქართველი ვარ და თავს მეტად ქართველად ვგრძნობ. არ უარვყოფ ჩემი იდენტობის გენეტიკურ ნაწილს, მაგრამ ჩემი შეგრძნებით ქართველი ვარ: ქართულ სკოლაში და ქართულ ოჯახში გავიზარდე. სამშობლო ერთია. შეიძლება იყოს მეორე სამშობლოც, მაგრამ მე ავირჩიე საქართველო. მამაჩემს ამაზე არანაირი პროტესტი არ ჰქონია. პირიქით, თვითონაც ძალიან კოსმოპოლიტი იყო, ნახევრად ებრაელი, რომელმაც ცხოვრება რუსულ კულტურას უძღვნა, მოგვიანებით კი ისრაელშიც ცხოვრობდა, ასე რომ, ეს მისთვის უცხო არ ყოფილა.
დათა:
- სცენაზე სპექტაკლის მიმდინარეობისას რაიმე უხერხული სიტუაცია თუ შეგქმნიათ და როგორ გამოსულხართ მდგომარეობიდან?
- ხშირად გვთხოვენ თეატრალური კურიოზების მოყოლას. სპექტაკლის დროს ან კოლეგებთან ერთად იმ მომენტში კი ძალიან სასაცილოა, მაგრამ როცა ყვები, მოსაყოლად დიდი არაფერია ხოლმე. თუმცა, კურიოზები და უხერხული სიტუაციები თეატრში ხშირად ხდება. მდგომარეობიდანაც გამოდიხარ, სიცილს იკავებ, ან ვერ იკავებ... ერთხელ, "სოლომან მორბელაძეს“ ვთამაშობდით, ქალბატონი ნანი ჩიქვინიძე "დედაჩემის“ როლში იყო. ფინალურ სცენაში ნაჯახი უნდა ამეღო და დედას გამოვკიდებოდი. უცებ ვხედავ, რომ რეკვიზიტორს ნაჯახის დადება დავიწყებია. სცენაზე მაყურებელთან იმდენად ახლოს ვიყავით, რომ ვერც გადავულაპარაკებდი და ვერც ვანიშნებდი რამეს. სხვა გზა არ იყო, მივედი და ვითომ დახრჩობა დავუპირე. ქალბატონი ნანი შეშინებული მიყურებდა, იფიქრა, ეს გოგო გაგიჟდაო, მაგრამ სიტუაციიდან რაღაცნაირად უნდა გამოვსულიყავით...

უცნობი:
- თეატრის ინტრიგებში, კულუარულ სიტუაციებში თუ აღმოჩენილხართ?
- რაც შეეხება თეატრალურ კლიშეებსა და ინტრიგებს - ჩვენ იმდენად გაგვიმართლა, რომ ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობდით. დიდი რომანები, ბოჰემური და სკანდალური ცხოვრება არ გვქონია. ლევანის ირგვლივ ინტრიგები ვერასდროს ღვივის. ვფიქრობ, ეს ლიდერზე, ხელმძღვანელზეა დამოკიდებული - თუ ის თავად არ აძლევს გასაქანს ჭორებს, ენის მიტან-მოტანას და საქმეს აკეთებს, მაშინ დასშიც სიმშვიდეა.
გიორგი:
- როლი, რომელიც გინდათ, რომ ითამაშოთ და ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა?
- მსახიობებს ხშირად აქვთ სურვილი, რომ აუცილებლად ჰამლეტი ან ანა კარენინა უნდა ითამაშონ, მაგრამ გარანტია არ არსებობს, რომ მაინცდამაინც ეს როლები მოუტანთ ბედნიერებას. როლი მაშინ გიყვარს, როცა ის გამოგდის. არავინ იცის, რომელი როლი მოუტანს წარმატებას. ხშირად ისეთ როლს მოუტანია წარმატება, რომელზეც წინასწარ არც მიფიქრია. ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი როლი უნდა გიყვარდეს.
ვიკა:
- ახალგაზრდებთან მუშაობთ, მსახიობის ოსტატობას ასწავლით - მკაცრი პედაგოგი ხართ?
- ამჟამად ახალგაზრდებთან ვმუშაობ, რაც ჩემი ცხოვრების ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპია. პედაგოგიკამ საოცრად გამიტაცა. მსახიობებთან ნაკლებად ვმუშაობ, უფრო სხვა პროფესიის ადამიანებს ვეხმარები, რომლებსაც მეტყველებისა და საჯარო გამოსვლების კურსი სჭირდებათ. საჯარო გამოსვლა ხომ სტრესულია და სცენაზე ყოფნას ჰგავს. მნიშვნელობა არ აქვს, 20 კაცის წინაშე დგახარ თუ 100-ის, ეს მაინც აუდიტორიაა. დღეს ნებისმიერ პროფესიას სჭირდება საკუთარი თავის თუ პროდუქტის პრეზენტაცია, ორატორობა კი ხელოვნებაა. მსახიობი ამ სტრესს თავიდანვე შეგუებულია, მაგრამ, მაგალითად, ექიმი ან სტომატოლოგი სულაც არ არის ვალდებული, სცენურ ელემენტებს ფლობდეს, თუმცა დღეს მათ ხშირად უწევთ კონფერენციებზე გამოსვლა და კოლეგების წინაშე ცოდნის წარდგენა, რაც მათ სტრესავს. ეს კურსები მათთვის დიდი დამხმარე ძალაა, რაც ძალიან მახარებს.
ნანა:
- რა თვისება მოგეწონათ თქვენი მომავალი მეუღლის (რეჟისორი ლევან წულაძე). ცნობილია, რომ მასზე გათხოვება ძალიან სწრაფად გადაწყვიტეთ?
- ჩვენი და ლევანის შეუღლება ძალიან სწრაფად გადაწყდა. მაშინ ისეთი დრო იყო - 90-იანებში შუქი არ გვქონდა, კინო და თეატრი ნაკლებად იყო, გარეთ ისროდნენ და ციოდა. ალბათ ამ გარემომაც დააჩქარა ჩვენი გადაწყვეტილება. ახლანდელი ახალგაზრდები მოგზაურობენ, ევროპაში დადიან, მთაში და უამრავი ადგილი აქვთ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად.

ჩვენ სად უნდა გაგვეცნო ერთმანეთი?! ერთხელ მთელი დღე მეტროში გავატარეთ - აქეთ წავედით, იქით წამოვედით, მერე გავიყინეთ და სახლებში წავედით. აი, იმ პირობებმაც განაპირობა ყველაფრის დაჩქარება. თავიდანვე ძალიან მომეწონა. მამაჩემმა იცოდა თქმა ლევანზე: "ჩვენი ოპერის ადამიანიაო“. კიპლინგს ხომ აქვს ფრაზა: "მე და შენ ერთი სისხლის ვართ“. ამას ვგრძნობდი - არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ოჯახური ღირებულებებით, სოციალიზმის სიძულვილით... 1937 წელს მისი ბაბუები და ჩემი ერთი და იმავე ბედ ქვეშ იყვნენ. ჩვენი ფასეულობები ერთი იყო და ეს დღემდე უცვლელია. არ შეგეშლება, მაშინვე ხვდები, შენი ადამიანია, თუ არა, - ერთი და იგივე ოპერის ადამიანები ვიყავით.

ლაკო:
- ბატონი ლევანი როლებით განებივრებთ? მუშაობისას მკაცრია?
- თუ დააკვირდებით, ლევანის სპექტაკლებში სულ ერთად ვართ, თუმცა, განსაკუთრებით დასაწყისში, მთავარ როლებს იშვიათად ვთამაშობდი. არ არსებობდა სტერეოტიპი, რომ რეჟისორის ცოლი აუცილებლად მთავარ როლებში უნდა იყოს. პირიქით, სულ გვერდითა როლები მქონდა. ვფიქრობ, ამან რთული, მაგრამ ძალიან მყარი გზა გამატარა. საკუთარი თავი მთავარი როლებით კი არა, გვერდითა როლებით დავიმკვიდრე, რაც ბევრად რთულია. ცნობილი ფრაზა, რომ "არ არსებობენ პატარა როლები, არსებობენ პატარა მსახიობები“, - სიმართლეა.
მთავარ როლში შეცდომის გამოსწორების მეტი შანსი გაქვს, მეორეხარისხოვან როლში კი, თუ პირველივე ნოტი არასწორად აიღე, შანსი აღარ გეძლევა. თუმცა, ეს ლევანის რენომესაც უმაგრებდა და მეც დამეხმარა დისციპლინირებაში. ალბათ, სულ მთავარ როლებში რომ ვყოფილიყავი, მეტი ამბიცია გამიჩნდებოდა და ადამიანურ პლანში მეტ შეცდომას დავუშვებდი. თეატრში ოჯახური პრივილეგიები არ უნდა გადმოიტანო. მე მეტი მომეთხოვება. ვიღაცამ თუ უნდა დააგვიანოს, მე არ უნდა დავაგვიანო. დისციპლინა მკაცრია, მაგრამ თვითონაც მაქვს შინაგანაწესი.

ია:
- ლევან წულაძე გამოირჩევა კარგი იუმორით, ამბის თხრობის გამორჩეული სტილით, - სახლშიც ასეთივეა?
- ხშირად მეკითხებიან, ალბათ სახლში სულ მხიარულად ხართ, ლევანს ხომ საოცარი იუმორი აქვსო. დიახ, მისმა იუმორმა, ირონიამ და თვითირონიამ ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა. თუმცა, სახლში ის სულაც არ არის მხიარული. პირიქით, ძალიან მარტოსული ადამიანია, რომელიც ბევრს ფიქრობს. რეჟისურა ხომ ფიქრია. მისი სპექტაკლები მისსავე ფანტაზიასა და ძიებაში იბადება. როცა დაძაბულია და სპექტაკლის რაღაც გადაწყვეტაზე ფიქრობს, ზოგჯერ ჩუმი თანაარსებობაც კი აღიზიანებს და ურჩევნია სრულიად მარტო იყოს. ამიტომ, უყვარს ხოლმე თქმა, არ გინდა, გაისეირნო?
მაკა:
- ის ამბობს, რომ მანანას ოჯახში მენეჯერის ფუნქცია აქვს, კარგად აგვარებს რიგ საკითხებს და მე ეს პასუხისმგებლობა ჩახსნილი მაქვს. ასეა?
- ამასთანავე, მე ბევრი საყოფაცხოვრებო საქმე მაქვს საკუთარ თავზე აღებული. ლევანი ძალიან მორიდებული ადამიანია, ამიტომ. ნებისმიერი მოლაპარაკება, იქნება ეს ხელოსანთან თუ ინკასატორთან, კომუნალურების გადახდა თუ სხვა წვრილმანი, ყოველთვის ჩემი მოსაგვარებელია.
ეკუნა:
- თბილისი დატოვეთ და საცხოვრებლად ოქროყანაში გადახვედით. შეეგუეთ დედაქალაქის ცენტრიდან პერიფერიაში ცხოვრებას?
- რთული წარმოსადგენი იყო, რომ ლევანი ოდესმე "პლეხანოვს“ დათმობდა, რადგან სულით ხორცამდე პლეხანოველია და მისი ბავშვობა თუ ყრმობა ამ უბანს უკავშირდება. თუმცა, დადგა მომენტი, როცა ოქროყანაში კერძო სახლი ავაშენეთ და გადავედით. ჩემი შვილიშვილი, ანდრო, იქვე დადის ბაღში. მაგით მოვხიბლე, რომ საკუთარი სახლი გვექნებოდა. იქ შესანიშნავი ჰაერი და სიწყნარეა, თანაც ქალაქთან ძალიან ახლოსაა. ცხოვრება სხვადასხვა ეტაპისა და სირთულისგან შედგება. ამ ბოლო დროს ძალიან გავერთე ნეირობიოლოგიით. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ბებიები და მშობლები გვასწავლიდნენ, ჩვენს ტვინშია. ადამიანს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჰგონია და ხშირად თავადვე ამბობს უარს განვითარებაზე მხოლოდ შიშის გამო. ყველაზე საინტერესო ცხოვრებაში საკუთარი თავის, კომპლექსებისა და სიზარმაცის გადალახვაა. ოღონდ ეს უნდა გააკეთო არა უბრალოდ სარკის წინ დგომით და საკუთარი თავის ქებით, არამედ რეალური საქმითა და შიშებზე გამარჯვებით...
არ მიყვარს ტრაბახი და ტრაბახა ხალხი. ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, განსაკუთრებით თანაცხოვრების პირველ წლებში. მთავარია, ისწავლო, რა უნდა დათმო და რა - არა.

სალო:
- რას მიიჩნევთ თქვენს ცხოვრებაში რთულ პერიოდად, რომელიც დაძლიეთ და ფაქტობრივად გაიმარჯვეთ?
- ჩემ შემთხვევაში დედობა და ბებიობა სრულიად განსხვავებული როლებია. დედას სულ სხვა პასუხისმგებლობა აქვს, ბებიას - სხვა. მთავარი არის დედა, მშობელი. ახლა თინათინს და მის მიღწევებს ვუყურებ, მახსენდება ყველა ის უძილო ღამე, ნერვიულობა და ნაფიქრი, თუ რამდენად სწორად ვზრდიდი შვილს. შვილის გაზრდა ჰგავს ყვავილის მოვლას, რომელშიც ენერგიას დებ, ის კი მერე იფურჩქნება. დედობა ყველაზე რთული როლია. ანდრუშა - ჩვენი ოქროს ბიჭი რომ გაჩნდა, იქ უკვე ბებიის ამპლუაში ვარ. ბებიის ფუნქცია უფრო მეტი განებივრება და ნაკლები სიმკაცრეა. აღზრდის საკითხებს თინათინი და გიორგი წყვეტენ, მე კი უფრო მოსიყვარულე, გარე მაყურებელი ვარ.

დაბოლოს, გეტყვით, მაყურებელს ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს - თქვენ რომ არ იყოთ, არც ჩვენ ვიარსებებდით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ლევანის სპექტაკლების სწორად აღქმისა და შეფასებისთვის. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ბევრი რამ გაპრიმიტიულდა, ნაკლებად გემოვნებიანი გახდა. ხელოვნებას ხშირად მარტივად დაღეჭილს სთავაზობენ მაყურებელს. ლევანივით განათლებული და ჭკვიანი რეჟისორის მიერ მიწოდებული აზრების თქვენგან სწორად გაგება უდიდესი სტიმულია, რათა მან კიდევ უფრო საინტერესო შემოქმედება გვაჩუქოს.
დიდი მადლობა და ნახვამდის!
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/WjVANe018VM?si=gh-cfiusyxyXWeHp" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>