არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი , - ამის შესახებ მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი თელავში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვაში აცხადებს.
"მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციას, რომ საქმეს დეტალურად იძიებს. არანაირი ძალადობას, არც ჩემი მხრიდან, არც პოლიციის მხრიდან და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ქონია ადგილი. ძალიან ბევრი პოსტი იდება, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იწერება და ყველამ იცოდეთ სიმართლე“,- აცხადებს მომღერალი.
ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.
შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.