თბილისში ძლიერი წვიმის გამო ქალაქის რამდენიმე რაიონსა და კონკრეტულ ქუჩებზე პრობლემები შეიქმნა. ამის შესახებ თბილისის მერმა წუხელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძე წვიმის დროს "ლაივში" ჩაერთო.
"ძალიან ძლიერად წვიმს თბილისში, ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად არიან მობილიზებული. ყველა უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობა არის. "თბილსერვისის" სამსახური არის სრულ მზადყოფნაში - გამგეობები, ასევე, რა თქმა უნდა, შსს, საპატრულო პოლიცია, რომელიც ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ჩაიკეტოს გზის კონკრეტული მონაკვეთები პრევენციულად, რომ პრობლემა არ იყოს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - გააცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით,მარჯვენა სანაპიროზე უკვე დაიწყო წყლის ნაკადმა კლება.
" ამ წუთებში ვიმყოფებით სანაპიროზე, სადაც შეიქმნა გარკვეული პრობლემა, დატბორვა არის, თუმცა წყალმა უკვე დაიწყო გადინება. სანიაღვრე ჭების თავები წამოწეულია და გახსნილია. იყო გარკვეული ლოკაციები, სადაც იყო დატბორვა, უნივერსიტეტის, თამარაშვილის ქუჩა" , - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ძლიერო წვიმის შედეგად ყველაზე პრობლემური იყო დიდი დიღომი, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორია, ასევე, სოფელ დიღომში რამდენიმე ლოკაცია. ასევე, პრობლემა იყო უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერისთავის ქუჩაზე.
ბედნელიანის თქმით, მერიის ცხელ ხაზზე შესული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ რჩება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, თუ სად არის შეზღუდული ძლიერი წვიმის გამო დატბორილ მონაკვეთებზე მოძრაობა პრევენციულად
ლევან მაისურაძის განცხადებით, საპატრულო პოლიცია და სხვა შესაბამისი უწყებები კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ, პრობლემების აღმოსაფხვრელად, ხოლო რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის თამარაშვილის ქუჩაზე, მოძრაობა უკვე აღდგენილია.
"პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები შსს სხვადასხვა დეპარტამენტებთან ერთად აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობენ, ვინაიდან, აღმოიფხვრას უხვი ნალექიდან გამომდინარე ხარვეზები.
შეზღუდვები ამჟამად გვაქვს მარჯვენა სანაპიროზე, ნაწილობრივი, ლოკალური შეზღუდვები გვაქვს, ასევე ქალაქის სხვადასხვა უბნებში, დიდუბე ჩუღურეთის მიმართულებაზე წერეთელი- ერისთავის ქუჩის კვეთაზე, თამარაშვილის ქუჩაზე აღმოიფხვრა პრობლემები. ეფექტური მუშაობის შედეგად მოძრაობა აღდგენილია. სხვადასხვა უბნებში გრძელდება მუშაობა, სადაც აღდგენილი იქნება დროულად მოძრაობა", - განაცხადა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.