ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის თავიდან აცილებას ემსახურება.
"აქ არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვეღარ შეძლონ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
დანიელ ორტეგა ნიკარაგუას 2007 წლიდან მართავს. მისი მეუღლე, როსარიო მურილო, რომელიც ქვეყნის "თანაპრეზიდენტის“ სტატუსს ატარებს, ასევე ხელისუფლების სათავეშია. ანალიტიკოსების შეფასებით, ორტეგას ბოლო განცხადება ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს.
გასულ წელს ორტეგამ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რომლის შედეგადაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან ექვს წლამდე გაიზარდა. აშშ-ის ხელისუფლება ნიკარაგუის მმართველობას "მურილო-ორტეგას დიქტატურად“ მოიხსენიებს.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ნიკარაგუაში ამჟამად დაახლოებით 50 პოლიტიკური პატიმარია. ბოლო წლებში ხელისუფლებამ ასობით ადამიანს მოქალაქეობა ჩამოართვა, დახურა 5 600-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, 29 უნივერსიტეტი და 58 მედიასაშუალება.