კვირას საღამოს, ვადაზე ადრე ოფიციალურად დასრულდა უნგრეთის პრეზიდენტის, თამაშ შუიოკის პრეზიდენტობა.
ის გადადგა მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ქვეყნის კონსტიტუციურ შესწორებებს, რომლებიც უნგრეთის პარლამენტმა მიიღო. დოკუმენტის თანახმად, საპრეზიდენტო ვადა "ნდობის სერიოზული დაკარგვის“ გამო სრულდება.
დეპუტატებმა ასევე თანამდებობიდან გადააყენეს უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი და კენჭისყრაში მონაწილეობა აუკრძალეს ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც პარლამენტში სამი ვადა იმუშავა - ეს შეეხება წინა პრემიერის, ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესის“ ფრაქციის შემადგენლობის ნახევარზე მეტს.
მადიარი შუიოკს ხშირად ადანაშაულებდა იმაში, რომ ის ორბანის ინტერესებს ემსახურებოდა და მისგან გადადგომას ითხოვდა.
მანამდე პრეზიდენტი ამბობდა, რომ თავისი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ნებაყოფლობით არასდროს წავიდოდა. თუმცა გასული კვირის ბოლოს მან გადაწყვიტა ხელი მოეწერა შესწორებებისთვის, ხოლო ამავდროულად ახალი მთავრობა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.
შუიოკმა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას "უნგრეთის კონსტიტუციური დემოკრატიისთვის დამანგრეველი მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, "პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად თავისუფალი საზოგადოების საკვანძო პრინციპები გაითელა“.
შესწორებების მიღების შემდეგ შუიოკს ხუთი დღე ჰქონდა მათზე ხელის მოსაწერად - წინააღმდეგ შემთხვევაში მას კონსტიტუციური კრიზისისა და იმპიჩმენტის პროცედურის პერსპექტივა ელოდა.
ორშაბათს ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო პოსტს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას იუდიტ პოლგარს შესთავაზებდა.
"ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს... იუდიტ პოლგარის სახელი განუყოფლადაა დაკავშირებული ნიჭსა და თავდადებასთან. როგორც ყველაზე წარმატებული ქალი მოჭადრაკე, ის 26 წლის განმავლობაში სათავეში ედგა მსოფლიო რეიტინგს და ასევე შედიოდა მსოფლიოს მოჭადრაკეთა პირველ ათეულში“, - დაწერა მადიარმა.
ორშაბათს საღამოსვე პოლგარმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ის არ არის მზად გახდეს პრეზიდენტი.
"ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში მისი პარტიის დამაჯერებელი უმრავლესობის მიუხედავად, რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი მიიწვია. ამავდროულად, ჩემს თავში ვერ ვგრძნობ საკმარის ძალას იმისთვის, რომ ავიღო ისტორიული პასუხისმგებლობა გაყოფილი ერის გასაერთიანებლად, ასე რომ, ვერ მივიღებ ამ შეთავაზებას“, - განმარტა პოლგარმა და დასძინა, რომ მხარს დაუჭერს ახალ, დამოუკიდებელ პრეზიდენტს.
პოლგარი, რომელსაც 23 ივლისს 50 წელი უსრულდება, ისტორიაში ყველაზე ძლიერ ქალ მოჭადრაკედ.

მან ჭადრაკის თამაში ხუთი წლის ასაკში დაიწყო და დიდოსტატი უკვე 15 წლისა გახდა, რის შედეგადაც ბობი ფიშერის რეკორდი მოხსნა.
პროფესიული კარიერის დასაწყისიდანვე ის მამაკაცთა ტურნირებში გამოდიოდა და 2002 წელს, რუს და მსოფლიო მოჭადრაკეებს შორის გამართული ტურნირის დროს, გარი კასპაროვს მოუგო.
მანამდე, 1998 წელს, მან ერთ-ერთი ტურნირის დროს ანატოლი კარპოვიც დაამარცხა.
2014 წელს მან პროფესიული გამოსვლები შეწყვიტა, მოგვიანებით კი სათავეში ედგა უნგრეთის ჭადრაკის ნაკრებს.
შესაძლებელია თუ არა ნებისმიერი ჯანსაღი ბავშვისგან გენიოსის აღზრდა? უნგრელი ფსიქოლოგისა და პედაგოგის, ლასლო პოლგარისთვის ეს უბრალოდ თეორიული კითხვა არ ყოფილა. XX საუკუნის 60-იან წლებში მან წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, თანდაყოლილი ნიჭი მითია, ხოლო ნებისმიერი სფეროს მწვერვალების დაპყრობა სწორი მეთოდოლოგიით, ადრეული ასაკიდან დაწყებული სწავლებითა და დაუღალავი შრომითაა შესაძლებელი.

თავისი თეორიის დამტკიცება მან საკუთარ ოჯახში გადაწყვიტა.
ლასლომ მომავალ მეუღლეს, კლარას, ჯერ კიდევ ქორწინებამდე გაანდო თავისი ჩანაფიქრი. მათ გადაწყვიტეს, შვილები სკოლაში არ გაეგზავნათ და შინა სწავლების (Homeschooling) მოდელზე გადასულიყვნენ.
სფეროდ, სადაც ექსპერიმენტის შედეგი ყველაზე ობიექტურად შეფასდებოდა, ჭადრაკი აირჩიეს - თამაში, სადაც შედეგები გაზომვადია, რეიტინგი უტყუარია და გენდერული თუ ასაკობრივი სტერეოტიპები იმპერიულად ბატონობდა.
პოლგარების ოჯახში სამი ქალიშვილი დაიბადა: ჟუჟა (სუზანი), სოფია, იუდიტი.
მათი ყოველდღიური რუტინა მოიცავდა საათობრივ ვარჯიშს ჭადრაკში, უცხო ენების სწავლასა და ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას. ჭადრაკი მათთვის იძულება კი არა, მთავარი თამაში და გატაცება გახდა.
ექსპერიმენტის შედეგები იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ლასლო პროგნოზირებდა:
ჟუჟა პოლგარი: გახდა პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება სტანდარტული ტურნირების გზით მოიპოვა. მოგვიანებით ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
სოფია პოლგარი: გახდა საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის და ქალთა შორის დიდოსტატი. მან ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი აჩვენა 1989 წლის რომის ტურნირზე ("რომის სასწაული“).
იუდიტ პოლგარი: ექსპერიმენტის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. მან ბობი ფიშერის რეკორდი მოხსნა და 15 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი ისტორიაში. იუდიტი 26 წლის განმავლობაში უცვლელად სათავეში ედგა ქალთა მსოფლიო რეიტინგს, შევიდა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე მამაკაცთა ათეულში.

ლასლო პოლგარის ექსპერიმენტმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ქალის ტვინი ჭადრაკში მამაკაცისას ჩამორჩება. მან ასევე საფუძვლიანად შეარყია წარმოდგენები "თანდაყოლილი გენიალურობის“ შესახებ.
კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ბავშვებს "წაართვეს ბავშვობა“, თუმცა სამივე და უარყოფს ამას -ისინი აცხადებენ, რომ მათი ბავშვობა იყო ბედნიერი, საინტერესო და სავსე საყვარელი საქმით.
დღეს ლასლო პოლგარის გამოცდილება ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ქეისად რჩება.
დებს არაერთხელ მოუწიათ ქართველ მოჭადრაკეებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით საჭადრაკო ოლიმპიადებზე.
რამდენიმე ხნის წინ, თავის "ფეისბუქგვერდზე" ქალთა შორის მსოფლიოს ექსჩემპიონმა ჟუჟა პოლგარმა ის დრო გაიხსენა, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო.
მან ამ დაპირისპირების ამსახველი ფოტო ატვირთა, რომელზეც ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს.

უნგრელმა მოჭადრაკემ თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ნონა იყო ვაჟთა შორის პირველი და მაია - მეორე დიდოსტატი გახდა. “თამაშამდე ყველანი ვიღიმოდით, მაგრამ ზარის ჩამოკვრისთანავე იწყებოდა საქმე და მხოლოდ საქმე”, - დაწერა მან