ავტორი:

ჩცდ-დან სპორტულ მედიაში: როგორია 12 წლის შემდეგ "დაჩის" ცხოვრება - "ბევრმა არ იცის, რომ თავიდან სულ სხვა როლის "ქასთინგზე" მივედი"

ჩცდ-დან სპორტულ მედიაში: როგორია 12 წლის შემდეგ "დაჩის" ცხოვრება - "ბევრმა არ იცის, რომ თავიდან სულ სხვა როლის "ქასთინგზე" მივედი"

პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" უამრავმა მსახიობმა მოსინჯა ძალები და არცთუ ცუდად. როგორც იცით, "დაქალებში" ბავშვებიც ძალიან კარგად ასრულებდნენ რეჟისორებისგან მიღებულ დავალებებს. დაჩი შიუკაშვილი სწორედ ერთ-ერი მათგანია, ვისაც სერიალში რამდენიმე სეზონის მანძილზე იღებდნენ... მისთვის პირველი სამსახური "ჩემი ცოლის დაქალები" იყო. 12 წლის ბიჭმა არც ისე მარტივ როლს თავი მშვენივრად გაართვა.

"ახლა უკვე აღარ ვარ მსახიობი - ვმუშაობ "სეტანტა სპორტში" (Setanta Sports). ვიდეოკონტენტის კრეატორი ვარ სპორტის სფეროში. მთელი ცხოვრება მინდოდა ამ სფეროში მემუშავა და ეს ოცნება ავისრულე" - გვეუბნება უკვე 24 წლის დაჩი შიუკაშვილი, რომელიც AMBEBI.GE-ს საკუთარ როლზე, სერიალზე და მის დღევანდელობაზე ესაუბრება.

- "კავეა პლუსი“ "დაქალების“ სერიების ჩვენება დაიწყო. პარალელურად სერიალის მსახიობებს გადაცემაც აქვთ, სადაც იწვევენ იმ მსახიობებს, რომლებსაც ესა თუ ის როლი აქვთ სერიალში შესრულებული. თქვენც მიგიწვიეს... საერთოდ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?

- მაშინ ძალიან პატარა - 12 წლის ვიყავი. ბევრმა არ იცის, რომ თავიდან სულ სხვა როლის ქასთინგზე მივედი - დათოს მეგობრის შვილის როლი უნდა მეთამაშა. იმ ამპლუაში იმდენად მოვეწონეთ, რომ მერე ამ როლზე დამამტკიცეს. ჩემი პერსონაჟი თავისი როლის თამაშისას ნელ-ნელა გაიზარდა, თორემ თავიდან გათვლილიც არ იყო, რომ ასეთი ხაზი ექნებოდა.

- სხვათა შორის, ბევრი პერსონაჟის ხაზი სერიალში ასე განვითარდა - თავიდან სასინჯად შეჰყავდათ და მერე მეტად ვითარდებოდა პერსონაჟის როლი. დათოს მეგობრის შვილის როლი ერთჯერადი იყო?

- დიახ, ეპიზოდური როლი იყო.

- როგორი იყო 12 წლის ბიჭისთვის პირველი ემოცია გადასაღებ მოედანზე, კამერასთან და ამ ჯგუფთან მუშაობისას?

- ჩემი მთავარი ემოცია იყო ინტერესი. ჩემს გარშემო ისეთი პროფესიონალი მსახიობები თამაშობდნენ, რომ ინტერესით ვუყურებდი, რას და როგორ აკეთებდნენ. ვცდილობდი, ჩემთვის გამემეორებინა ის, რასაც ეს დიდებული მსახიობები აკეთებდნენ... დაახლოებით ოთხი-ხუთი სეზონი მაინც ვიყავი. მამაჩემის როლს მალხაზ აბულაძე თამაშობდა. უძლიერესი მსახიობი და კადრს მიღმა სულ სხვა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. მასთან კომფორტულად ვგრძნობდი თავს - დაყვირება იყო საჭირო თუ სხვა რამ, თამაში არ მიჭირდა. ასევე ეკა დემეტრაძე (ნატაშკა) - იმდენად ემოციურად და კარგად თამაშობდა, რომ მეც მიღვივებდა ემოციას. სატირალიც რომ ყოფილიყო, მასთანაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს...

- ფსიქოლოგიური როლი გქონდათ. რა რესურსი იყო საჭირო მის სათამაშოდ?

- ჩემი პერსონაჟი საკმაოდ მძიმე ტიპი იყო. საბედნიეროდ, ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ასეთი ოჯახი არ მინახავს, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობაში ბევრია ასეთი... რესურსი ის იყო, რომ უნდა წარმოგედგინა, თითქოს ასეთ მძიმე ოჯახში ცხოვრობდი, რაც მენტალურად რთული გახლდათ. თუმცა, დღეს რომ შევხედოთ, ჩემი პერსონაჟის ფინალი მაინც დადებითი გამოვიდა - მან შეძლო შეცვლა. თუ ვინმე მსგავს სიტუაციაში მყოფი დაინახავს, რომ იქიდანაც შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალო, გამიხარდება.

- იმ პერიოდში, სკოლაში, ალბათ ძალიან პოპულარული ბიჭი გახდით, არა?

- პატარა ვიყავი და ემოციურად ასე ვერ აღვიქვამდი. ქუჩაში კი მაჩერებდნენ ხოლმე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გააზრებული მქონდა ის პოპულარობა.

- რატომ აღარ გაგრძელდა თქვენი ხაზი სერიალში?

- ეგ სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა უკეთ იცის - ასე დაიწერა... მუშაობა მიწევდა ძირითადად გიორგი ლიფონავასთან. გუნდის წევრები საოცრად კარგად გვექცეოდნენ, საუკეთესო გუნდი იყო.

- სახლში რას ამბობდნენ ოჯახის წევრები, როდესაც თქვენი მონაწილეობით მორიგ სერიას უყურებდნენ?

- დედაჩემიც ამ სფეროში მუშაობს - კოსტიუმების მხატვარია. აღფრთოვანებულები იყვნენ ხოლმე, რადგან მსახიობობა არასდროს მნდომებია და მაინც ნორმალურად გამომდიოდა თამაში... მგავდა თუ არა ჩემი პერსონაჟი რაიმეთი? არაფრით, ისე გაბრაზება მეც ვიცოდი ხოლმე...

- სამსახიობოზე ჩაბარებაზე რატომ არ იფიქრეთ?

- შინაგანად არ იყო ჩემი სფერო. ეს დღეს თუ არა, ხვალ მაინც გამოჩნდებოდა. აჟიოტაჟს არ ავყევი, „თეატრალურზე“ არ ჩავაბარე და ამ გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- როგორ აფასებთ სერიალს ზოგადად?

- მჯერა, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ ყველაზე დიდი ქართული სერიალია, რაც კი ოდესმე ყოფილა. ყველაზე უკეთ ასახავს ქართულ რეალობას. ეს არის პროექტი, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ. იდეალურად აღწერს აქაურობას - ადგილობრივებისთვისაც სასიამოვნო სანახავი იყო და ემიგრანტებისთვისაც, ვისაც სამშობლო ენატრებოდა.

- უარყოფითი კომენტარები თუ ყოფილა თქვენს პერსონაჟზე? ხანდახან მაყურებელს პერსონაჟი და მსახიობი ერევა ხოლმე ერთმანეთში...

- ჩემს მიმართ ასეთი რამ არ მახსენდება. პერსონაჟი კი იყო მძიმე და პუბლიკის წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ პირადად ჩემზე არ გადმოსულა ეს უარყოფითი ემოცია...

- რომელი იყო ყველაზე ემოციური სცენა?

- ორ სცენას გამოვყოფდი: პირველი - როდესაც ნატაშკა ჩამოვიდა და წაგვიყვანა; მეორე - როდესაც პაატა ბრუნდებოდა და სახლში ვუყვიროდი. ეს ორი ყველაზე ემოციური სცენა იყო... საერთოდ არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა - სცენარი რომ წავიკითხე, საერთოდ ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა, რა ემოცია უნდა გამომეხატა. მაგრამ მაგარი მსახიობების გვერდით ვიყავი, რამაც სტიმული მომცა, რომ თუნდაც დამეყვირა. რომ დავიყვირე, ყველას გაეცინა, ასე არასოდეს მოვქცეულვარ, რეჟისორსაც გაუკვირდა, გაეცინა და ნუ, მოეწონა...

- გარდასახვის უნარი გქონიათ...

- შესაძლოა უბრალოდ კარგი შემსრულებელი ვარ, თორემ არტისტი - ნაკლებად.

- დღევანდელ საქმიანობაზეც რომ გვითხრათ: კონკრეტულად რას აკეთებთ „სეტანტაში“ და რა გეგმები გაქვთ?

- ვმუშაობ ვიდეოკონტენტზე „სეტანტა სპორტის“ მედიისთვის, ასევე ერთ-ერთ დიდ პროექტზე. მიყვარს კადრს მიღმა თუ კადრში მუშაობა. მგონია, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ უფრო დიდი მომავალი მაქვს. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.