ავტორი:

საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიას კრძალავს — კანონი 2027 წლიდან სრულად ამოქმედდება

საფრანგეთი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიას კრძალავს — კანონი 2027 წლიდან სრულად ამოქმედდება

საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილებით, საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას კანონით შეზღუდავს.

  • ახალი კანონის თანახმად, სოციალურ მედიაში ანგარიშის შესაქმნელად ყველა მომხმარებელს ასაკის დადასტურება მოუწევს. ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს ბავშვებისა და მოზარდების დაცვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კანონის მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმები ვალდებული იქნებიან გამოიყენონ საფრანგეთის მონაცემთა დაცვის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ასაკის გადამოწმების სისტემები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს და მათი გამოყენება უსაფრთხოა.

თუმცა, ინიციატივას კრიტიკოსებიც ჰყავს. მათი თქმით, ასაკის გადამოწმების სისტემა შესაძლოა მომხმარებლების კონფიდენციალურობას საფრთხეს უქმნიდეს, გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ მოზარდებმა შეზღუდვების გვერდის ავლა შეძლონ.

საფრანგეთი ამ გადაწყვეტილებით ავსტრალიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვა დააწესა. ავსტრალიაში მსგავსი კანონი 16 წლამდე ასაკის პირებზე ვრცელდება, თუმცა ადგილობრივი მონაცემების მიხედვით, ბევრი მოზარდი პლატფორმებით კვლავ სარგებლობს.

ავსტრალიელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აკრძალვამ ტექნიკური თვალსაზრისით სრულად ვერ გაამართლა, თუმცა აჩვენა, რომ მსგავსი რეგულაციების დანერგვა პრაქტიკულად შესაძლებელია. მათი შეფასებით, საფრანგეთის მოდელს წარმატების მეტი შანსი აქვს, რადგან ასაკის დადასტურება ყველა მომხმარებლისთვის იქნება სავალდებულო, თუმცა ეს პირადი მონაცემების დაცვის მიმართულებით დამატებით გამოწვევებსაც ქმნის.

წყარო