22 ივლისის ღამეს რუსეთის რამდენიმე რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური შეტევა დაფიქსირდა. დარტყმის მთავარი სამიზნე რუსეთში უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები გახდა. იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოდარსა და სტავროპოლის მხარეში (ნევინომისკში) მდებარე საწყობებში.

აფეთქებების სერია და ხანძარი კრასნოდარში
ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, კრასნოდარში 20-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქის გარეუბანში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დრონების ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და WildЯberries-ის 150 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობო კომპლექსს მიაყენა ზიანი.
რეგიონის ოპერატიული შტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, აფეთქებები გაისმა ქალაქ არმავირშიც, სადაც იერიში ნავთობბაზაზე განხორციელდა და ხანძარი გაჩნდა.

ნევინომისკის ჰაბის ხანძარი და დაშავებულები
კრასნოდარის პარალელურად, დრონები თავს დაესხნენ სტავროპოლის მხარესაც. ქალაქ ნევინომისკში ალმოდებული Wildberries-ის კიდევ ერთი მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი აღმოჩნდა.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორის, ვლადიმერ ვლადიმიროვის განცხადებით, საწყობზე დარტყმის შედეგად კომპანიის 5 თანამშრომელი დაიჭრა. Wildberries-ის დამფუძნებელმა, ტატიანა კიმმა დაადასტურა ინციდენტი და აღნიშნა, რომ პარტნიორებისთვის ყველა ოპერატიული ინფორმაცია სპეციალურ პორტალზე განთავსდება.

მილიარდიანი ზარალი და დარტყმები ლოგისტიკაზე
ეს ბოლო დღეებში Wildberries-ის ობიექტებზე განხორციელებული ერთადერთი შეტევა არ არის:
18 ივლისს დრონებით იერიში მიიტანეს ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკისა და მოსკოვის ოლქის ელექტროსტალის საწყობებზე. კოტოვსკში 7 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, ხოლო ელექტროსტალში 1 თანამშრომელი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
ექსპერტების შეფასებით, წინა იერიშებმა მწყობრიდან გამოიყვანა სავაჭრო პლატფორმის მთლიანი ლოგისტიკური სიმძლავრეების დაახლოებით 9%. Wildberries-ის უმსხვილეს ჰაბებზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსულ მხარეს უკვე მიაყენა 2.3 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი, რამაც შესაძლოა ქვეყნის მომარაგების სისტემაში სერიოზული შეფერხებები და ინფლაციის დაჩქარება გამოიწვიოს.