ამერიკელი მსახიობი კეილი ჰოტლი, რომელიც ფილმების სერიაში „Godzilla vs Kong“ მონაწილეობდა, 18 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
მსახიობის მამამ, ჯოშუა ჰოტლმა, Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამერიკული ჟესტების ენით დაადასტურა შვილის დაღუპვის დეტალები.
მერილენდის შტატის ქალაქ ფრედერიკის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს დილით მომხდარი ავარიის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად „სიჩქარის გადაჭარბება“ სახელდება. ინციდენტში მხოლოდ ერთი ავტომობილი მონაწილეობდა.
ტეხასის სმენადაქვეითებულთა სკოლამ, სადაც ჰოტლი სწავლობდა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გააზიარა:
"ჩვენი გული კეილის ოჯახთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან და თითოეულ იმ ადამიანთანაა, ვინც მას ამ უმძიმეს პერიოდში იცნობდა და უყვარდა".
სკოლის წარმომადგენლებმა ასევე მოუწოდეს საზოგადოებას, პატივი სცენ ოჯახის პირად ცხოვრებას და თავი შეიკავონ ავარიის გარემოებებზე სპეკულირებისგან.
სტუდია Warner Bros-მა, რომელიც პოპულარული ფილმების დისტრიბუციას ეწეოდა, X-ზე გამოქვეყნებული პოსტითა და მსახიობის ფოტოთი მიაგო პატივი მის ხსოვნას.
ფრედერიკის ოლქის შერიფის ოფისის ცნობით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:50 საათზე გამოძახებით მივიდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, 19 წლის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ხოლო მეორე მგზავრმა ადგილზევე უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე.
ჰოტლი „Godzilla vs Kong“-ში ისეთ ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან რებეკა ჰოლი, ალექსანდრ სკარსგარდი და მილი ბობი ბრაუნი. 2024 წლის გაგრძელებაში შესრულებული როლისთვის მან „Saturn Award“-ის ნომინაციაც კი მიიღო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა.