ავტორი:

რა ჯდება ზღაპრული ქორწილი კომოს ტბის ულამაზეს სასახლეში - არნახული ფუფუნება და წვეულება, კოლოსალური ხარჯებით: რა მოთხოვნები აქვს ვილის ადმინისტრაციას

რა ჯდება ზღაპრული ქორწილი კომოს ტბის ულამაზეს სასახლეში - არნახული ფუფუნება და  წვეულება, კოლოსალური ხარჯებით: რა მოთხოვნები აქვს ვილის ადმინისტრაციას

ბოლო წლებში ქართულ შოუბიზნესსა და მაღალ საზოგადოებაში სულ უფრო მოდური გახდა ქორწილების გადახდა საზღვარგარეთ - ევროპის ისტორიულ ვილებში, ზღვის სანაპიროებსა თუ თვალისმომჭრელ სასახლეებში. წყვილები ირჩევენ ვიწრო, დახვეწილ წრეს, განსაკუთრებულ გარემოსა და შთაბეჭდილებებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ.

  • ქორწილებისთვის განსაკუთრებული მოდურია იტალია, კერძოდ კი კომოს ტბა, სადაც არა მხოლოდ ქართველები ქორწილებს, არამედ დაბადების დღეებსაც იხდიან.

გასულ კვირას კომოზე შორენა ბეგაშვილისა და ბიზნესმენ მამუკა ურუშაძის ჯვრისწერა შედგა. წყვილმა 8 ივლისს იტალიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ფუფუნებით სავსე ლოკაციაზე - კომოს ტბის ნაპირზე იქორწინა.

Villa Balbiano - კომოს ტბის 16-ე საუკუნის მარგალიტი

საღამო ლეგენდარულ Villa Balbiano-ში შედგა, რომელსაც კომოს ტბის არქიტექტურულ გვირგვინსა და ნამდვილ ისტორიულ განძს უწოდებენ. 2 ჰექტარზე გაშლილი მამული ტბაზე არსებულ კერძო რეზიდენციებს შორის ყველაზე დიდია.

სასახლის ისტორია მე-16 საუკუნეში იწყება, როდესაც იგი კარდინალმა ტოლომეო გალიომ ააგო. მე-18 საუკუნეში კი იგი ხელოვნების ცნობილმა მფარველმა, კარდინალმა ანჯელო მარია დურინიმ შეიძინა და გააფართოვა. კარდინალ დურინის მფარველობის ქვეშ Villa Balbiano ნამდვილ ინტელექტუალურ და მხატვრულ ცენტრად იქცა - მან დაამატა ექსკლუზიური ბიბლიოთეკა, სამლოცველო და მასპინძლობდა იტალიის გამორჩეულ მეცნიერებსა თუ პოეტებს.

დღეს სასახლის შიდა სივრცეებს ამშვენებს მე-17 საუკუნის ორიგინალური, უნიკალური ფრესკები და ანტიკვარიატი. ეზოს ტერიტორიაზე გაშენებულია საგულდაგულოდ მოვლილი იტალიური ბაღები საუკუნოვანი კვიპაროსების ხეივნებით, მარმარილოს ქანდაკებებით, შადრევნებითა და ექსკლუზიური ნავმისადგომით.

ეს ადგილი კინომოყვარულებისთვისაც კარგადაა ცნობილი:

  • House of Gucci (2021): რიდლი სკოტის ფილმში (ლედი გაგასა და ადამ დრაივერის მონაწილეობით) ვილა ალდო გუჩის (ალ პაჩინო) რეზიდენციას წარმოადგენს.
  • The Devil Wears Prada 2 (2026): ფილმში, სადაც ენ ჰეთევეი, მერილ სტრიპი და ემილი ბლანტი მონაწილეობენ, ვილა ბენჯი ბარნსის პერსონაჟის სახლად გვევლინება.რა ჯდება ოცნების ქორწილი Villa Balbiano-ში?

Villa Balbiano არ არის ღია საზოგადოებრივი ტურიზმისთვის - იგი ექსკლუზიურად ქირავდება მხოლოდ კერძო ღონისძიებებისა და გრანდიოზული ქორწილების გადასახდელად. თუმცა, ასეთი მასშტაბის ღონისძიება სერიოზულ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.

2026 წლის მონაცემებითა და luxury-ქორწილების დაგეგმვის საერთაშორისო სააგენტოების გათვლებით, Villa Balbiano-ში ქორწილის ბიუჯეტი იშვიათადაა €200,000-ზე ნაკლები (40 სტუმარზე, საცხოვრებლის ღირებულების გარეშე), ხოლო 100-კაციანი წვეულების შემთხვევაში ღირებულებამ შესაძლოა 1,000,000 ევროსაც კი გადააჭარბოს.

ბიუჯეტში შედის:

ვილის იჯარა: მხოლოდ ტერიტორიის ქირაობა 40 სტუმრამდე იწყება €50,000-დან. ამას ემატება ექსკლუზიურობისა და მომზადების გადასახადი (+€15,000), შაბათ-კვირის დანამატი (+€10,000) და დამატებითი სტუმრების საფასური.

სპეციალური კარავი: ვილის შიდა ფრესკებიანი დარბაზები მაქსიმუმ 40 სტუმარს იტევს. თუ სტუმრების რაოდენობა 40-ს აჭარბებს, ბაღში სპეციალური კარვის დამონტაჟება სავალდებულოა, რაც დამატებით €75,000 ჯდება.

ქორწილის ორგანიზება: ვილის ადმინისტრაციის მოთხოვნით, ადგილობრივი პროფესიონალი ორგანიზატორის დაქირავება სავალდებულოა (€25,000 - €60,000).

კვება: ერთ პერსონაზე multi-course მენიუ €250-დან €600-მდე ჯდება.

ფლორისტიკა და დეკორი: მასშტაბური ყვავილოვანი ინსტალაციები €15,000-დან €80,000+-მდე აღწევს.ფოტო/ვიდეო გადაღება, განათება და მუსიკალური გაფორმება: ჯამში დამატებით €30,000 – €80,000-მდე ბიუჯეტს მოითხოვს.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებები

შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის ქორწილში ყოველი დეტალი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული: ცოცხალი მუსიკა, უნაკლო საქორწინო დეკორაციები, გრანდიოზული ტორტი და ტბის გასაოცარი ხედები საღამოს კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და ზღაპრულს ხდიდა. თუმცა რა დაჯდა წყვილის საქორწინო წვეულება, ცოტაა ალბათობა, რომ ოდესმე მედიისთვის საჯარო გახდეს.