უმძიმესი დანაშაული მოხდა გუშინ თბილისის ცენტრში. შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
"მოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მიერ ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით. სამწუხაროდ, ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო" - განაცხადა გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა.
თვითმხილველი, ელენე ქორიძე ამბობს: "კაცმა მანქანაში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცეცხლი გაუხსნა უბრალოდ იმის გამო, რომ იცინოდნენ, შემდეგ კი შორიახლოს მყოფ ქალსაც ესროლა".
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.
რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
წაიკითხეთ ასევე: