აშშ-მ და საუდის არაბეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საუდის არაბეთს სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებაში დაეხმარება.
შეთანხმების სრული ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის შესაძლოა საუდის არაბეთს მომავალში საკუთარ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების უფლებას აძლევდეს.
აღსანიშნავია, რომ ურანის გამდიდრება ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებისთვისაა აუცილებელი, თუმცა იმავე ტექნოლოგიის გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც არის შესაძლებელი.
ქვეყნებმა ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. ვაშინგტონის განცხადებით, ეს მრავალმილიარდიან პარტნიორობას ჩაუყრის საფუძველს და გააძლიერებს როგორც აშშ-ის, ისე რეგიონის უსაფრთხოებას.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ საუდის არაბეთს მართლაც მიეცემა საკუთარ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შესაძლებლობა, ეს აშშ-ის ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის Defense Priorities-ის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორის, როზმარი კელანიკის თქმით, ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება.
"თუ ქვეყანას საკუთარი ბირთვული საწვავის წარმოება შეუძლია, ბირთვული იარაღის შექმნის რისკიც იზრდება", - განაცხადა მან.
საუდის არაბეთის მთავრობის თქმით, შეთანხმება მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ემსახურება.
პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ბირთვული იარაღის შექმნას არ გეგმავს, თუმცა დასძინა:
"თუ ირანი ბირთვულ ბომბს შექმნის, ჩვენც რაც შეიძლება სწრაფად მივყვებით მის მაგალითს.“
შეთანხმება დასამტკიცებლად აშშ-ის კონგრესს გადაეგზავნება.
მოსალოდნელია, რომ მას დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი დაუპირისპირდეს. მათი აზრით, საუდის არაბეთისთვის ურანის გამდიდრების უფლების მინიჭებამ შესაძლოა ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე გაზარდოს.
კრიტიკას უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.
"შეერთებული შტატები არც ერთ ქვეყანასთან არ დადებს შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღის გავრცელების რისკს შექმნის", - განაცხადა მან.
ანალიტიკოსების შეფასებით, შეთანხმება საუდის არაბეთისთვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური გამარჯვებაა და შესაძლოა, მომავალში ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსზეც იქონიოს გავლენა.