ავტორი:

წვა, კვამლი და ჰაერის ხარისხი: რა გავლენას ახდენს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე?  - ინტერვიუ ექიმ-ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძესთან

წვა, კვამლი და ჰაერის ხარისხი: რა გავლენას ახდენს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე?  - ინტერვიუ ექიმ-ტოქსიკოლოგ ეკა ქურდაძესთან

ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა დაავადების მთავარი გამომწვევი ფაქტორი შეიძლება იყოს. დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო კი წვის პროცესია - მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ინდუსტრიული, მანქანის შიდა წვის ძრავის, შეშისა და ფოთლის თუ სიგარეტისგან წარმოქმნილი კვამლი.

წვის შედეგად წარმოიქმნება ტოქსიკური ნივთიერებებით გაჯერებული კვამლი, ჭვარტლი და ფერფლი, რომლებიც მცირე ზომის მყარ ნაწილაკებს (PM2.5) შეიცავს. აღნიშნული ნაწილაკები სისხლის მიმოქცევის სისტემით პრაქტიკულად ყველა ორგანომდე აღწევს. სწორედ ეს პროცესი იწვევს სისტემურ ანთებასა და სასუნთქი სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემისა და ონკოლოგიური დაავადებებს. მყარი ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრამ, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური, კოგნიტური და მეტაბოლური დარღვევები.

უფრო დეტალურად, როგორ აისახება წვის შედეგად წარმოქმნილი კანცეროგენული ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ზიანის შესამცირებლად, ექიმი-ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე საუბრობს:

  • ქალბატონო ეკა, განგვიმარტეთ, რა არის ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო და რამდენად საზიანოა დაბინძურებული ჰაერი ჯანმრთელობისთვის?

ქალაქის ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო წვის პროცესია - ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი, საწვავის დაწვა თუ სიგარეტის კვამლი. წვის დროს გამოთავისუფლებული ნაერთები სასუნთქი გზით პირდაპირ ხვდება ორგანიზმში და ხანგრძლივი ზემოქმედებისას აზიანებს სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. დაბინძურებული ჰაერი უბრალო დისკომფორტი კი არა, რეალური, გაზომვადი რისკ-ფაქტორია ქრონიკული დაავადებებისთვის.

  • რა ხდება ქიმიურ დონეზე წვის დროს და რა შეიძლება გამოიწვიოს წარმოქმნილმა ტოქსინებმა და კანცეროგენებმა?

წვა ორგანული მასალის - თამბაქოს, საწვავის თუ სხვა ნახშირბადშემცველი ნივთიერების - მაღალტემპერატურული დაჟანგვის პროცესია. რადგან რეალურ პირობებში წვა თითქმის ყოველთვის არასრულია, ჟანგბადის უკმარისობის გამო წარმოიქმნება ათასობით ქიმიური ნაერთი, რომელთა ნაწილი მაღალი ტოქსიკურობით ხასიათდება. მაგალითად, თამბაქოს დაწვისას (900°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე) წარმოიქმნება 7000-ზე მეტი ნაერთი, მათ შორის მხუთავი აირი, ბევრი კარდიო-რესპიარტორული ტოქსიკანტი, კანცეროგენი. წვის შედეგად წარმოქმნილ კვამლში რომელთაგან 70-ზე მეტი დადასტურებული ან სავარაუდო კანცეროგენია - პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, ნიტროზამინები, ფორმალდეჰიდი, აკროლეინი და სხვა აქროლადი ალდეჰიდები.

ვითარება საკმაოდ მძიმეა ფოთლების ან ბალახის წვის დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასთან ერთად იწვის ნაგავი ან პლასტმასი, რაც კვამლის ტოქსიკურობას მკვეთრად ზრდის (მაგალითად, დიოქსინების წარმოქმნით). ხანძრის კვამლის ხანმოკლე ჩასუნთქვაც კი იწვევს ხველას, ყელისა და თვალების გაღიზიანებას; განსაკუთრებით მოწყვლადია ასთმით, ფილტვის ან გულის დაავადებების მქონე პირები, ბავშვები და ხანდაზმულები. ხანგრძლივი ზემოქმედება (მაგ., ხანძრებთან ახლოს მცხოვრებთათვის, სიგარეტის კვამლი, ავტოგამონაბოლქვი და სხვა ) ზრდის ქრონიკულ ანთებას, ფილტვის ფუნქციის დაქვეითებასა და, კუმულაციური ზემოქმედებით, ონკოლოგიურ რისკს.

სხვადასხვა ტიპის ნივთიერების წვის დროს მექანიზმი ერთია - არასრული წვა წარმოქმნის ქიმიურად აგრესიულ ნარევს, რომელიც ორგანიზმში აქტიურდება და დროთა განმავლობაში აზიანებს ქსოვილებს უჯრედულ დონეზე და საბოლოო ჯამში იწვევს დაავადებებს.

  • როგორც აღნიშნეთ, ადამიანის ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება წვის დროს გამოყოფილი მხუთავი აირი (CO). უფრო დეტალურად განგვიმარტეთ, რა გავლენას ახდენს ის ორგანიზმზე, მის ჟანგბადით მომარაგებასა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე?

ნახშირჟანგი (CO) წვის არასრული პროცესის პირდაპირი პროდუქტია. სუნთქვის დროს ის ჟანგბადს კონკურენტულად ასწრებს და მის ადგილს იკავებს სისხლში, წარმოქმნის რა კარბოქსიჰემოგლობინს. ვითარდება ფუნქციური ანემია: სისხლი ტექნიკურად უცვლელია, მაგრამ ქსოვილებამდე საკმარისი ჟანგბადი აღარ მიდის.

ყველაზე მოწყვლადია ის ორგანოები, რომელთა ჟანგბადზე დამოკიდებულება ყველაზე მაღალია - თავის ტვინი (მოკლევადიანი ჰიპოქსიაც კი იწვევს თავბრუსხვევას, კონცენტრაციის დაქვეითებას; ქრონიკული ზემოქმედება უკავშირდება დემენციისა და პარკინსონიზმის მსგავს სინდრომებს) და გული (მიოკარდიუმის მუდმივი მოთხოვნილება ჟანგბადზე ქმნის მანკიერ წრეს - ტაქიკარდია, ათეროსკლეროზის დაჩქარება, იშემიისა და ინფარქტის რისკის ზრდა; მწვავე მოწამვლისას შესაძლებელია არითმია და გულის მოულოდნელი გაჩერება). დაზარალდება ასევე ღვიძლი, თირკმელები და, ორსულობის დროს, ნაყოფი.

მნიშვნელოვანია განსხვავება მწვავე მოწამვლასა (მაღალი დოზა, მოკლე დრო - ხანძარი, დახურულ სივრცეში გენერატორის მუშაობა - თავბრუსხვევა, გულისრევა, ცნობიერების დაკარგვა, და ქრონიკულ, დაბალდოზიან ზემოქმედებას (მუდმივი მოწევა, ცუდი ვენტილაცია, ავტოგამონაბოლქვთან ხანგრძლივი კონტაქტი) შორის - ეს უკანასკნელი ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ დროთა განმავლობაში იძლევა კუმულაციურ ეფექტს და ხსნის გულ-სისხლძარღვთა და ნევროდეგენერაციული დაავადებების გაზრდილ რისკს მწეველებში.

  • როგორ შეიძლება თანამედროვე სამყაროში ჰაერის დაბინძურებისა და, შესაბამისად, ჩვენს ორგანიზმზე მისი გავლენის მართვა? შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ რისკების შემცირებაზე იქ, სადაც მავნე ზემოქმედების სრულად თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება?

ჰაერის დაბინძურების სრულად გაქრობა თანამედროვე ურბანულ გარემოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიდგომა მხოლოდ აკრძალვაზე კი არა, ზემოქმედების შემცირებაზეც დგას. ეს მოიცავს სისტემურ ზომებს - ტრანსპორტის ემისიების შემცირებას, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას, ნარჩენების ღია წვის კონტროლს და ჰაერის ხარისხის მონიტორინგს - ასევე ინდივიდუალურ ქცევას: დახურულ სივრცეში წვის თავიდან არიდებას, ვენტილაციის გაუმჯობესებას და პირადი ექსპოზიციის შემცირებას.

იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა მავნე ზემოქმედებებზეც: როდესაც რისკის სრულად აღმოფხვრა ვერ ხერხდება, ყურადღება ექცევა მისი წყაროს, ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შემცირებას. ამ კონტექსტში გამოიყენება „შედარებითი რისკის“ ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ სხვადასხვა ტიპის ზემოქმედება ან პროდუქტი ჯანმრთელობისთვის ერთნაირი რისკის მატარებელი არ არის.

ამავე მიდგომაზე საუბრობს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA). FDA აღნიშნავს, რომ ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი ყველა პროდუქტი ერთნაირი რისკის მატარებელი არ არის. ორგანიზაციის შეფასებით, რისკი არსებობს, თუმცა მის ხარისხზე სხვა ფაქტორებთან ერთად, გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორ ხდება ნიკოტინის მიღება, მათ შორის, დაკავშირებულია თუ არა მისი გამოყენება წვის პროცესთან და სიგარეტის კვამლის წარმოქმნასთან.