ავტორი:

"ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება" - ზარქუა

"ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება" - ზარქუა

იმდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია ყველგან, იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება - ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის „გაუტარებს“ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა „შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება“.

„ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს ურთიერთობები გარკვეული. ამავდროულად, მე ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება იმ ადამიანების, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. არიან საქართველოში, რომლებიც არ გაპატიებენ ასეთ შეურაცხყოფას. ბუნებრივია, არ არის ეს სწორი ფორმა. ეს ძალადობა მიუღებელია, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია, იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ტელევიზიას რომ აბრალებ გამლახესო, არ არის სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის „გაუტარებს“ ქართული საზოგადოება. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს - მანაც, მისმა საძმაკაცომ თუ სადაქალომაც და დანარჩენებმაც. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ეგ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო,“ - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ამას ვიდეომიმართვით თავად ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას „აშავებენ“, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძე ეზიზღება.