ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
"მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას. მაშინ, როდესაც უკრაინამ სამხედრო ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები რუსეთის საომარი ძალისხმევის ეკონომიკური საფუძვლების დასუსტებას განაგრძობს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
"ჩვენ ერთი წლით ვყინავთ ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ცვლილებას, რათა რუსულმა ომის მანქანამ ბაზრის შოკებისგან სარგებელი ვერ მიიღოს. პირველად, ჩვენ მიზანში ვიღებთ გემებს, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ დახმარებას უწევენ. ასევე, რუსი მებრძოლების ევროკავშირში შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შევთანხმდით. პუტინს დარტყმას ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვაყენებთ: მას ფინანსურ რესურსებზე წვდომას ვუწყვეტთ, რომელსაც მისი ომის ძალისხმევის შესანარჩუნებლად ეყრდნობა. ეს სანქციების დასასრული არ არის. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე უკვე ვმუშაობთ“, - წერს კალასი X-ზე.
მისი თქმით, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც 218 სუბიექტს მოიცავს.
"ჩვენ მიზანში ვიღებთ ასზე მეტ ბანკსა და კრიპტოოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემს და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში, რომლებიც მოსკოვის მიერ ომის გაგრძელებას ხელს უწყობენ. ასევე, ჩვენ რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დაუნდობელ თავდასხმებს ვპასუხობთ 50-ზე მეტი სამხედრო-სამრეწველო სუბიექტის სანქციების სიაში დამატებით“, - აცხადებს კალასი.