თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანაძემ დაკავების დროს, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული ხელზე მიღებული დაზიანების გამო.
ნიკა კაპანაძის დედა დოდო ოდიშარია “ტვ პირველთან“ მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს:

“იარაღით იყო სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო... სპეცრაზმი მოვიდა, მე ვუთხარი - ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით. ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა მეთქი. მე მესროლოს... არ გამაჩერეს, არაო.
ის ბავშვი არ მომკვდარიყო... ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა მაგრამ ნეტა ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, - განაცხადა "პირველებთან" 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედამ.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.
რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
იხილეთ ასევე: