ავტორი:

“ცა გაშავდა, ფერფლი ცვიოდა“ - ჯოჯოხეთური ალი საფრანგეთში, 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია და დაღუპული მეხანძრეები: რა ცნობები ვრცელდება ადგილიდან

“ცა გაშავდა, ფერფლი ცვიოდა“ - ჯოჯოხეთური ალი საფრანგეთში, 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია და დაღუპული მეხანძრეები: რა ცნობები ვრცელდება ადგილიდან

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდას რეგიონში, მასშტაბური ტყის ხანძრები მძვინვარებს. სტიქიის გამო ხელისუფლებამ 20 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა. ცეცხლმა უკვე გაანადგურა 3 100 ჰექტარი მიწა არკაშონის ყურის მიმდებარედ.

  • ევაკუაცია კემპინგებიდან და დაცარიელებული კურორტები

ხანძარი განსაკუთრებით საშიში ტურისტული ზონებისთვის აღმოჩნდა. ევაკუირებულთა დიდ ნაწილს ადგილობრივი კემპინგების სტუმრები წარმოადგენენ. ჟირონდას პრეფექტის, სოფი ბროკასის განცხადებით, მხოლოდ ღამის განმავლობაში ბანაკებიდან 10 000-მდე ვიზიტორი გამოიყვანეს.

BBC-ის ჟურნალისტი ჯო კენტი, რომელიც ოჯახთან ერთად სწორედ ერთ-ერთ ასეთ ბანაკში ისვენებდა, ყვება, რომ ნახევარკუნძულზე მიმავალი გზები, სადაც ჩვეულებრივ საცობებია, ახლა სრულიად ცარიელია, სუპერმარკეტებში კი “შემაშფოთებელი სიჩუმე“ სუფევს.

“სახლში კატები და ქათმები დავტოვეთ“ 19 წლის იასმინა დე ფრეიტასი, რომელიც სანაპირო ქალაქ ლე პორჟში ცხოვრობს, იხსენებს, რომ კვამლის სუნი შუადღისას იგრძნო, მალე კი ციდან დამწვარი ხის ქერქისა და ფერფლის ცვენა დაიწყო.

  • “ცა ძალიან გაშავდა, კვამლი სულ უფრო სქელდებოდა“, - ყვება გოგონა. მისი ოჯახი პოლიციამ საღამოს 8 საათზე გაიყვანა. აჩქარების გამო მათ ორი კატისა და ოთხი ქათმის წამოყვანა ვერ მოასწრეს. იასმინა ამბობს, რომ მთელი ღამე არ სძინებია და ყოველ საათში ამოწმებდა ინფორმაციას ხანძრის შესახებ.

მსხვერპლი და “დაუნდობელი ბრძოლა“

სტიქიასთან მეხანძრეების მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ჟირონდას სახანძრო სამსახურის უფროსის, მარკ ვერმიულენის თქმით, ვითარებას მზარდი ტემპერატურა და ცვალებადი ქარი ართულებს, რაც ცეცხლის პროგნოზირებას შეუძლებელს ხდის.

ტრაგედიას მსხვერპლიც მოჰყვა - ბორდოს აეროპორტთან ხანძრის ქრობისას 2 მეხანძრე დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მათ ოჯახებს მიუსამძიმრა და თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა.

საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წელს უჩვეულო სიცხესა და ხანძრებს ებრძვის:

ესპანეთში ტემპერატურამ 42 გრადუსს გადააჭარბა. გვადალახარას რეგიონში წელს ყველაზე მასშტაბური ხანძრის შედეგად 35 000 ჰექტარი დაიწვა.

იტალიაში, სიცილიაში 350-ზე მეტი ცეცხლის კერა დაფიქსირდა, რასაც ერთი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეცნიერების დასკვნით, ევროპა ყველაზე სწრაფად გათბობადი კონტინენტია და 2025 წელს ქვეყნების 95%-ში საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

წყარო