მექსიკაში, სინალოას შტატში მდებარე ერთ-ერთ კერძო კლინიკაში, პლასტიკური ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ცნობილი სილამაზისა და მოდის ინფლუენსერი, 30 წლის ადრიანა გარსია, ქირურგიული ჩარევის დროს წარმოქმნილი გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
ადრიანა გარსია სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მას 90 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ტრაგედია სამშაბათს მოხდა, როდესაც ის კულაკანის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმურ ოპერაციას იკეთებდა.

მისი გარდაცვალების ფაქტი მექსიკურმა რითეილერმა კომპანიამ, Drop Shop-მა დაადასტურა, რომელთანაც ინფლუენსერი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა.
“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით Drop Shop-ის ოჯახის წევრს. მას ყოველთვის თბილად გავიხსენებთ მისი საოცარი ხასიათისა და თავდადების გამო“, - ნათქვამია კომპანიის ემოციურ განცხადებაში.
ადრიანამ 30 წლის იუბილე გასულ აპრილში აღნიშნა, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ეს თვე მისთვის ორმაგი ტრაგედიით იყო დაღდასმული - მან მამა და ბაბუა დაკარგა.

“მივესალმები ჩემს 30 წელს... გულით, რომელიც სავსეა თქვენი მარადიული სიყვარულით“, - წერდა ის სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ახლობლების შესახებ. ინფლუენსერის ბოლო პოსტი 1 ივლისით თარიღდება, სადაც ის ლოს-კაბოსში მოგზაურობის ფოტოებს აზიარებდა.
განსაკუთრებით გულსაკლავია მისი ფოტოები 6 წლის ქალიშვილთან, რომელიც მასთან ერთად ხშირად პოზირებდა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.