დეივ გრინმა და ანდრეა ურმსტონმა წლების განმავლობაში ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი გზები 2005 წელს, მანჩესტერის აეროპორტში გადაიკვეთა, სადაც ორივე მუშაობდა. მალე კოლეგები ახლო მეგობრები გახდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მათ მეგობრობაზე გაცილებით ძლიერი კავშირი ჰქონდათ - ისინი და-ძმა იყვნენ.
დეივი აეროპორტის ავტობუსების სადგურს ხელმძღვანელობდა, ანდრეა კი სავაჭრო აპარატების მომსახურების სფეროში მუშაობდა. თანამშრომლებს შორის სწრაფად ჩამოყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. სამსახურის შემდეგაც ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ტელეფონით საუბრობდნენ და, როგორც თავად ამბობენ, იმდენად კარგად უგებდნენ ერთმანეთს, რომ ერთმანეთის წინადადებების დასრულებაც შეეძლოთ.
მისი ქალიშვილობის გვარიც პრაუდლავი იყო, ხოლო ბავშვობიდან იცოდა, რომ დედას ვაჟი ჰყავდა, რომელიც მის დაბადებამდე გააშვილეს.
“სუნთქვა შემეკრა, მაშინვე მივხვდი, ეს არ შეიძლებოდა დამთხვევა ყოფილიყო,“ - იხსენებს ანდრეა.
მან დედას, სიუზანს, დაურეკა და დაკარგული შვილის დაბადების თარიღი ჰკითხა. პასუხმა ეჭვი დაადასტურა, დეივი 1966 წლის 24 მარტს იყო დაბადებული. ანდრეამ ძმას მაშინვე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. იმავე დღეს ისინი სიუზანის სანახავად გაემართნენ.
გზად დეივმა კიდევ ერთი დამთხვევა აღმოაჩინა. მან გაიხსენა, რომ წლების განმავლობაში ავტობუსის იმ მარშრუტზე მუშაობდა, რომელიც მისი ბიოლოგიური დედის სახლთან და იმ სკოლასთან გადიოდა, სადაც ანდრეა სწავლობდა. ამ დროის განმავლობაში საკუთარ ოჯახთან ფაქტობრივად რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა.

“დედას ცრემლები წამოუვიდა, შემდეგ ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ძმა და დედა კვლავ ერთად იყვნენ,“ - ამბობს ანდრეა.
როგორც გაირკვა, სიუზანი წლების განმავლობაში ცდილობდა შვილის პოვნას, მათ შორის საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებითაც, თუმცა უშედეგოდ. ანდრეა კი ბავშვობიდანვე ჰპირდებოდა დედას, რომ ერთ დღეს დაკარგულ ძმას აუცილებლად იპოვიდა.

დეივის თქმით, 10 წლის ასაკიდან იცოდა, რომ ნაშვილები იყო, თუმცა ოჯახში ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა და ბიოლოგიური ოჯახის მოძებნას არასდროს ცდილობდა.
“არასდროს მიგრძნია, რომ პასუხგაუცემელი კითხვები მქონდა. მაგრამ საბოლოოდ აღმოვაჩინე ოჯახი, რომლის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი,“- ამბობს ის.
დღეს დეივი და ანდრეა სტაფორდშირის ქალაქ კიდსგროუვში ცხოვრობენ და ამბობენ, რომ წლების შემდეგ ერთმანეთის პოვნა მათი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი შემთხვევა გახდა.