ჩრდილოეთ კავკასიაში, ევროპის უმაღლეს მწვერვალ ელსბრუსზე მორიგი ტრაგედია დატრიალდა. 11 წლის ბიჭი, მწვერვალიდან დაშვებისას 4200 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და მამის თვალწინ გარდაიცვალა. მძიმედ დასახიჩრებულმა მამამ კი შვილის ცხედართან მაშველებს რამდენიმე საათი ელოდა.
შემთხვევა ყაბარდო-ბალყარეთში, ელსბრუსის აღმოსავლეთ კალთაზე მოხდა. 40 წლის რომანი და მისი 11 წლის ვაჟი, პლატონი, მწვერვალის დაპყრობის შემდეგ უკან ეშვებოდნენ, როდესაც აჩკერიაკოლის ლავურ ნაკადთან მიღწევისას, წინასწარი მონაცემებით, მათ შორის არსებული დამჭერი თოკი გაწყდა. ორივე ალპინისტი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.
მიღებული მძიმე ტრავმებისგან ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. მამას, რომელსაც ნეკნებისა და ორივე მუხლის მოტეხილობები, ასევე გულმკერდის მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა, შოკურ მდგომარეობაშიც კი ეყო ძალა, მაშველებთან დაკავშირებულიყო და ზუსტი კოორდინატები გადაეცა.
მეორე მცდელობა და საბედისწერო მარშრუტი
როგორც ირკვევა, მამა-შვილისთვის ეს ელსბრუსის დაპყრობის მეორე მცდელობა იყო. ერთი წლის წინ მათ მწვერვალამდე სულ რაღაც 300 მეტრი დააკლდათ - მაშინ ბავშვს „მთის დაავადება“ დაეწყო და მამამ რისკზე წასვლას უკან დახევა ამჯობინა.
წელს ისინი მთას ხელმეორედ დაუბრუნდნენ და საკმაოდ რთული, ირიკჩატის ხეობის მარშრუტი აირჩიეს. დაშვებისას კი უსაფრთხოების სისტემამ ვეღარ გაუძლო დატვირთვას.
მთიდან დაშავებული მამისა და დაღუპული ბავშვის ევაკუაციისთვის რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ვერტმფრენი და 12-კაციანი სამაშველო ჯგუფი ჩართო. ოპერაციას ურთულესი რელიეფი და ამინდი კიდევ უფრო ართულებდა.

"მან უკვე მიიღო ყველაზე სასტიკი სასჯელი“
მომხდარზე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა საგამოძიებო შემოწმება დაიწყეს. გამოძიება ამოწმებს, რამდენად სწორად იყო ორგანიზებული უსაფრთხოება და ხომ არ იკვეთება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ნიშნები.
გამოცდილი ალპინისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, მამის მიმართ ნაჩქარევი ბრალდებებისგან თავი შეიკავონ. ინსტრუქტორის თქმით, ყინულოვან ფერდობზე ჩასრიალებისას სხეული წამებში კრებს უზარმაზარ სიჩქარეს და თუ დაზღვევის წერტილი იდეალური არ არის, ჩავარდნილ ბავშვს ზრდასრული, გამოცდილი მამაკაცის გაყოლებაც მარტივად შეუძლია:
"თუ მამა წლებია მთამსვლელობით იყო დაკავებული, მას რისკები გათვლილი ექნებოდა. ეს საშინელი ტრაგედიაა და მამის დადანაშაულება ახლა უადგილოა - მან უკვე მიიღო სასჯელი, რომელზე საშინელის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.“
ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 11 წლის ასაკი 5000 მეტრზე მაღალი მწვერვალებისთვის ნაადრევია. მსგავს მარშრუტებზე მოზარდების გაყვანა რეკომენდებულია მინიმუმ 14-16 წლის ასაკიდან, შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების შემდეგ.