გავრცელებული ცნობებით, 23 ივლისს ირანმა უარყო ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება, რომელიც ქვეყანას ერაყის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ტრამპის სახელით წარუდგინა.
“New York Times“ -ის ცნობით, თეთრი სახლიდან დაბრუნებულმა ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ -ზაიდიმ ახალი შეთანხმების ვარიანტი თეირანში ჩაიტანა და ირანის მაღალჩინოსნებს წარუდგინა, თუმცა ამ უკანასკნელებმა წინადადების განხილვაზეც კი უარი განაცხადეს.

უარყოფილი ზავის პირობები უცნობია, თუმცა გამოცემის ცნობით, ირანელმა ოფიციალურმა პირებმა მას “დროებითი გარიგება“ უწოდეს, რომელიც ვერ წყვეტდა საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებდა ჰორმუზის სრუტეს.
ალ-ზაიდის და ერაყის დელეგაციას ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, თეირანის მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დახვდნენ.
სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში არაღჩიმ განაცხადა, რომ ალ-ზაიდიმ მათ ვაშინგტონში ვიზიტისას მიღებული “შთაბეჭდილებები და ხედვები“ გაუზიარა, თუმცა დასძინა, რომ პროცესში კიდევ ერთი შუამავლის ჩართვა საჭირო არ იყო.

“პრობლემა შეტყობინებების გადაცემაში არ მდგომარეობს, პრობლემა ამერიკის ხედვაშია, რომელიც თავისი არსით ალოგიკური, ხარბი და კონტროლზე ორიენტირებულია ხედვაა“, - ციტირებს Times -ი არაღჩის სიტყვებს.


ზავის უარყოფის ფონზე, აშშ - ის შეიარაღებული ძალები ზედიზედ მე -13 ღამეა ირანზე ავიაიერიშებს ახორციელებენ, პარალელურად ტრამპი ახლი “მასშტაბური შეტევის“ წამოწყებას განიხილავს, რათა აიძულოს რეჟიმი, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.
“მე განვიხილავ მასშტაბურ შეტევას. იმაზე დიდს, ვიდრე ოდესმე გვქონია. გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ. ამისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ“, - განუცხადა პრეზიდენტმა ისრაელის “მე-12 არხს“ გასულ ხუთშაბათს.
მან ასევე დასძინა, რომ თხოვნის შემთხვევაში ისრაელი აშშ - ის ოპერაციას “ორ წუთში“ შეუერთდებოდა, თუმცა იქვე განმარტა, რომ აშშ - ს კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისთვის არავის დახმარება არ სჭირდება.