ამერიკის ჯორჯიის შტატში მდებარე აპალაჩის საჯარო სკოლაში მომხდარმა სისხლიანმა თავდასხმამ, რომელმაც 2 მოსწავლისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახალი გარდატეხა განიცადა. 16 წლის კოლტ გრეიმ, რომელმაც სასაკლაო 14 წლის ასაკში მოაწყო, სასამართლოზე დანაშაული სრულად აღიარა.
კოლინ გრეი მარტში მკვლელობის მუხლით უკვე გასამართლდა - ეს აშშ-ის ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როდესაც მშობელს შვილის მიერ ჩადენილ მასობრივ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა. მას განაჩენს მომავალ კვირას გამოუტანენ.
სასამართლო სხდომა უკიდურესად ემოციური აღმოჩნდა. მოკლული 14 წლის მეისონ შერმერჰორნის დედამ, ბრიანა შერმერჰორნმა, ბრალდებულს პირდაპირ მიმართა: “მე არ გპატიობთ, მისტერ გრეი! მან წაგვართვა ყოველი დაბადების დღე, ყოველი დღესასწაული, გამოსაშვები საღამო და ყოველი ჩახუტება“.
სასამართლოს სიტყვით მიმართა მოკლული მასწავლებლის, რიჩარდ ასპინვალის ქვრივმაც: “მომავალი, რომელსაც ერთად ვგეგმავდით, აღარ არსებობს. ჩვენი შვილები, რომლებიც 2 და 5 წლისანი არიან, მამის გარეშე უნდა გაიზარდონ“.
ტრაგედიას ასევე ემსხვერპლნენ 14 წლის მოსწავლე კრისტიან ანგულო და 53 წლის მასწავლებელი კრისტინა ირიმიე.
კოლტ გრეიმ დანაშაული აღიარა ისეთ მძიმე მუხლებში, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონო გამოყენება და ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობა. აღიარებითი განაცხადის საფუძველზე სასამართლო პროცესი აღარ გაიმართება, თუმცა მოზარდს სამუდამო პატიმრობა ემუქრება შეწყალების უფლების გარეშე.