ავტორი:

ავსტრალიის დამალული განძი - უცნაური ბინადრები, რომელიც პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკას წარმოადგენენ

ავსტრალიის დამალული განძი - უცნაური ბინადრები, რომელიც პირდაპირ სამეცნიერო ფანტასტიკას წარმოადგენენ

ავსტრალია საოცარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და პლანეტის ყველაზე უჩვეულო ბინადრების სახლია. გაიცანით ყველაზე უცნაური არსებები, რომელთა შესახებაც შესაძლოა ოდესმე გსმენიათ!

  • ტასმანიური ეშმაკი

ტასმანიურმა ეშმაკმა სახელი თავისი თავზარდამცემი ყვირილისა და შთამბეჭდავი ყბების გამო მიიღო. ის ყველაზე დიდი ხორციჭამია ჩანთოსანია, თუმცა დღეს უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

1941 წლიდან ტასმანიური ეშმაკი დაცულ სახეობად ითვლება. ამჟამად მათ მთავარ საფრთხეს განუკურნებელი სიმსივნური დაავადება წარმოადგენს. 1990 - იანი წლებიდან (როდესაც ეს დაავადება გავრცელდა) მათი პოპულაცია 70%-ით შემცირდა.

  • ეკლიანი ეშმაკი (მოლოხი)

ამ ხვლიკმა აღნიშნული სახელი იმის გამო დაიმსახურა, რომ მთელი სხეული პატარა რქებით აქვს დაფარული. ეკლიანი ეშმაკები ავსტრალიის მშრალ, ქვიშიან უდაბნოებში ბინადრობენ. მისი რაციონი ძირითადად ჭიანჭველებისგან შედგება, რომლებსაც ენით იჭერს. როდესაც ძალიან ცხელა, ხვლიკი სიცხისგან თავის დასაღწევად თავს ქვიშაში რგავს.

  • ავსტრალიური სამხრეთული კაზუარი

ეს შთამბეჭდავი ფრინველი ჩვენამდე თითქოს პირდაპირ პრეისტორიული ეპოქიდან მოვიდა, ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიის წვიმიან ტყეებში ბინადრობს. კაზუარი გიგანტური ფრინველია და მასთან ხუმრობა არ ღირს.

ცნობილია შემთხვევები, როდესაც ფრინველმა ადამიანებს სერიოზული ტრავმები მიაყენა . კაზუარის სიმაღლე 1.70 მეტრს აღწევს, წონა კი 70 კგ-მდეა. თავის დასაცავად მას ძლიერი ფეხები და უზარმაზარი ბრჭყალები გააჩნია.

  • ექიდნა

ექიდნა ჭიანჭველაჭამიასა და ზღარბის ნაჯვარს ჰგავს. ექიდნა და იხვისნისკარტა ერთადერთი ცნობილი ძუძუმწოვრები არიან, რომლებიც კვერცხს დებენ. მას გრძელი, მგრძნობიარე ცხვირი აქვს, რომელსაც საკვების, ძირითადად ჭიანჭველებისა და ტერმიტების მოსაძებნად იყენებს.

  • საყელოიანი ხვლიკი

ეს ხვლიკი თითქოს ფილმ “იურული პარკიდანა“ არის გამოქცეული, თუმცა მისი რეალური სახლი ჩრდილოეთ ავსტრალიაშია. ქვეწარმავალს კისრის გარშემო არსებული საყელო ჩვეულებრივ შეკეცილი აქვს, რომელსაც საფრთხის შეგრძნებისას ან მტაცებლების შესაშინებლად შლის.

ეს ხვლიკები ძირითად დროს ხეებზე ატარებენ და უმთავრესად მწერებითა და მცირე ხერხემლიანებით იკვებებიან.

  • იხვისნისკარტა

იხვისნისკარტა უცნაური, მაგრამ ძალიან საყვარელი არსებაა. მას იხვის ნისკარტი და თახვის კუდი აქვს. ბინადრობს ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ტასმანიაში. გარდა იმისა, რომ იმ იშვიათ ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება, რომლებიც კვერცხს დებენ.

იხვისნისკარტა ასევე შხამიანი ძუძუმწოვარია. მამლებს უკანა ფეხზე დეზი აქვთ, რომლითაც შხამის შეყვანა შეუძლიათ, ეს ადამიანისთვის საკმაოდ მტკივნეულია.

  • ბილბი

„Macrotis“, რომელსაც ასევე ბილბის ან ბოცვერა-ბანდიკუტს უწოდებენ, უდაბნოს ჩანთოსანია. ოდესღაც ბილბის ორი სახეობა არსებობდა: დიდი და მცირე ბილბი.

მცირე ბილბი 1950-იან წლებში გადაშენდა. თუმცა ამჟამად დიდი ბილბიც ასევე გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

საინტერესოა, რომ ცხოველებს წყლის დალევა არ სჭირდებათ, ისინი საჭირო სითხეს მთლიანად საკვებიდან (მწერები, თესლები, ხილი და მცირე ცხოველები) იღებენ. მიუხედავად იმისა რომ ვიზუალურად პატარა ჩანს, მისი სხეულის საშუალო სიგრძე (კუდის გარეშე) 55 სმ-ია.

  • შაქრის გლაიდერი

ეს საყვარელი, პატარა ჩანთოსნები ღამის ცხოველები არიან და ხიდან ხეზე მფრინავი ციყვივით ლივლივებენ. მათ „შაქრის გლაიდრებს “ ეძახიან, რადგან ტკბილეული მაგალითად, ხის წვენი და ნექტარი, უზომოდ უყვართ.

ცხოველებს დიდი თვალები ღამით მხედველობაზე აქვთ მორგებული, ყურების ტრიალი კი ნებისმიერი მიმართულებით შეუძლიათ. მამლებს შუბლზე, უთმო ადგილზე, სურნელოვანი ჯირკვალი გააჩნიათ.

  • ფიცროის მდინარის კუ

ერთი შეხედვით ამ კუში უცნაური არაფერია, მაგრამ სინამდვილეში გაოცდებით, ის თურმე უკანალით სუნთქავს! ამ პროცესს სამეცნიერო ენაზე კლოაკალური სუნთქვა ეწოდება და მისი წყალობითაც კუს წყლიდან ჟანგბადის 70%-მდე შთანთქმა შეუძლია. ასეთი სუნთქვის დამსახურებით, მას წყალქვეშ 3 კვირამდე დარჩენა შეუძლია.

  • ფითრიჭამია

ამ ულამაზეს ფრინველს სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ფითრის კენკრით კვება უყვარს. რა ხდის მას ასეთ გამორჩეულს ? მას უნიკალური სფინქტერის კუნთი გააჩნია, რომელიც იხურება, რათა მცენარის თესლებმა მონელება არ განიცადოს. ამ თვისების გამო, ექსკრემენტებთან ერთად გამოყოფილი თესლი უვნებელი რჩება. ფრინველი თავისი დაუოკებელი მოძრაობით არის ცნობილი, რის გამოც მცენარის თესლს ფართოდ ავრცელებს, ეს კი ფითრიჭამიას უწყვეტ გამრავლებას და ფრინველებისთვის კენკრის მუდმივ მარაგს უზრუნველყოფს.

  • მოცინარი კუკაბურა

მოცინარი კუკაბარა ალკონისებრთა (მეფისთევზას) ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ეს ფრინველები ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობენ. მონოგამიურები არიან და მეწყვილეს მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ.

ფრინველებს სახელი თავიანთი უცნაური, სიცილის მსგავსი ყვირილის გამო ეწოდათ. საკვებში პრეტენზიულები არ არიან და თითქმის ყველაფერს ჭამენ, მათ შორის გველებსა და სხვა ფრინველებს.

  • თილაცინი (ტასმანიური ვეფხვი)

თილაცინი, ანუ ტასმანიური ვეფხვი, სამწუხაროდ, გადაშენდა ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი 80-ზე მეტი წლის წინ ჰობარტის ზოოპარკში მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვი ერქვა, ეს ცხოველი სინამდვილეში ჩანთოსანი იყო და სხვა ჩანთოსნებისგან განსხვავებით, ჩანთა როგორც მდედრებს, ისე მამრებსაც გააჩნდათ.

  • კვოკა

მოკლეკუდა კენგურუ, ანუ კვოკა, როგორც მას უმეტესად უწოდებენ, პატარა ჩანთოსანია (იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც კენგურუ) და დაახლოებით შინაური კატის ზომისაა. ის ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროს კუნძულებზე ბინადრობს. ეს საყვარელი არსებები ღამის ცხოველები არიან და მცენარეულობით იკვებებიან.

საინტერესოა, რომ კვოკას ორსულობა სულ 1 თვეს გრძელდება, თუმცა ახალშობილი დედის ჩანთაში უსაფრთხოდ კიდევ 6 თვეს რჩება.

  • ლაქებიანი კვოლი

ლაქებიანი კვოლი (ან ვეფხვისებრი კვოლი) ავსტრალიის კონტინენტზე დარჩენილი ყველაზე დიდი ხორციჭამია ჩანთოსანია, თუმცა ისიც გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან. ცხოველს ძალიან ძლიერი ყბები აქვს. სხეულის წონასთან შეფარდებით, მსოფლიოში მასზე ძლიერი ყბა მხოლოდ ტასმანიურ ეშმაკს გააჩნია! ამ სახეობის ცხოველების შეწყვილება შესაძლოა 24 საათამდე გაგრძელდეს, ხოლო ახალშობილი ბრინჯის მარცვლის ზომისაა.

  • ხის კენგურუ

ხის კენგურუებს ხტომას ხეზე ცოცვა ურჩევნიათ, თუმცა ხიდან ხეზე გადახტომაც შეუძლიათ. ეს ბალახისმჭამელები წვიმიან ტყეებში ბინადრობენ და დღეს ტყეების გაჩეხვის გამო გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

ხის კენგურუს კუდი უფრო გრძელია, ვიდრე მისი თავი და სხეული ერთად აღებული. კუდი მას ხეებზე ცოცვისას წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება

  • ღამურა “იოდა“

ღამურა იოდამ ეს სახელი “ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟთან მსგავსების გამო მიიღო. ეს ღამურა პაპუა-ახალ გვინეასა და ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ბინადრობს და ის საკმაოდ გვიან, მხოლოდ 1999 წელს აღმოაჩინეს.

წყარო