საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბური ტყის ხანძრები უკონტროლოდ ვრცელდება. ორივე ქვეყანაში უკვე 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ხოლო ხელისუფლება ვითარებას უპრეცედენტოს უწოდებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო ძალების მობილიზება ბრძანა და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გაააქტიურა. ქვეყანას დახმარებას ჩეხეთი და სლოვაკეთი Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებით გაუწევენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მიმართულებას თავად იცვლის, რის გამოც მისი კონტროლი განსაკუთრებით რთულია. სტიქიის შედეგად 50-მდე მეხანძრე დაშავდა.

ევაკუირებულია 25 000 ადამიანი. მადრიდის რეგიონული მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ცეცხლის მასშტაბი უკვე მეხანძრეების შესაძლებლობებს აღემატება.
"ამ ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელია, ამიტომ ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების დაცვაა" - განაცხადა მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა კარლოს ნოვილომ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შექმნილ ვითარებას "დრამატული“ უწოდა და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამავდროულად, პოლიციამ ავილაში გაჩენილ ერთ-ერთ ხანძართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა, ხოლო მეორე პირის შესაძლო დაუდევრობას იძიებს.
ევროკავშირმა საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების ჩაქრობის მხარდასაჭერად დამატებითი თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნა.