ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე, მშენებლობაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.
"ეს გიორგია, გუშინ რუსთაველის 30 ნომრის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 37 წლის გიორგი კელენჯერიძე. მას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციიდან ვიცნობდი. ზურაბ ოზმანოვის ჯგუფის წევრი იყო. ამ ჯგუფს უპირობოდ ვენდობი. საოცარი ბიჭი იყო, მშვიდი, სიტყვაძუნწი, მუდამ მოღიმარი და საკუთარი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალი.
თბილისმა დიდი იმედი დაკარგა. ძალიან უდროო იყო მისი წასვლა. წარმოუდგენელი დანაკლისია. ერთი, რაც ვიცი გიორგი შეცდომას არ დაუშვებდა, იმხელა გამოცდილება ჰქონდა. მშენებლობის დროს უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა იყოს დაცული, ასეთი ადამიანური და პროფესიული ტრაგედია რომ არ განმეორდეს. მადლობა, გიო, თბილისისთვის და ბოდიში,“- წერს ცირა ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.