თურქეთის რესპუბლიკაში ისტორიული გვარის აღდგენის შემდეგ, მოქალაქე ოსმან მჟავანაძე აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სამშობლოშიც ოფიციალურად დაუბრუნდა წინაპრების გვარი მჟავანაძე.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა საჭიროა ისტორიული გვარი დაიბრუნონ. მისი მტკიცებით, თურქეთის რესპუბლიკაში 3 მილიონი ქართველი ცხოვრობს.
“ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო. მინდა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და ემოციური ამბავი გაგიზიაროთ. როგორც იცით, თურქეთის რესპუბლიკაში წარმატებით დავიბრუნე ჩემი ისტორიული გვარი - მჟავანაძე. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამბავი, რადგან იგი წარმოადგენს პირველ პრეცედენტს, როდესაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა შეძლო ისტორიული გვარის აღდგენა.
გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, რადგან ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მომცა. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც თურქეთის ოფიციალური დოკუმენტები აღიარა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს, საბოლოო დამტკიცებით, უკვე სამშობლოშიც ოფიციალურად მომეცა შესაძლებლობა, აღვადგინო ჩემი წინაპრების გვარი და კვლავ სიამაყით ვატარო მჟავანაძე. ეს ჩემთვის მხოლოდ გვარის შეცვლა არ არის - ეს არის ჩემი ფესვების, იდენტობისა და ისტორიის პატივისცემა.
პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც ისტორიული გვარი დავიბრუნე თურქეთის რესპუბლიკაში, მეხუთე თაობა ვარ და საქართველოშიც მჟავანაძე ვარ. მე, ამით გზა გავუხსენი ქართველებს, ვისაც გვარის დაბრუნება სურს”, - აღნიშნა ოსმან მჟავანაძემ