ავტორი:

ტერორი ბერლინის ცენტრში: პრაიდის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შეიჭრა - არის მსხვერპლი: ვინ არის ეჭვმიტანილი, რომელსაც მთელი ქალაქი ეძებს?

ტერორი ბერლინის ცენტრში: პრაიდის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შეიჭრა - არის მსხვერპლი: ვინ არის ეჭვმიტანილი, რომელსაც მთელი ქალაქი ეძებს?

ბერლინის ცენტრში, პრაიდის ღონისძიების დროს, ხალხში ავტომობილის შეჭრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 16 კი დაშავდა. შემზარავი შემთხვევა შაბათს ღამით, ქალაქის შუაგულში, ბრანდენბურგის ჭიშკრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

  • გერმანელი სამართალდამცველების განცხადებით, ეჭვმიტანილი მამაკაცის ვინაობა დადგენილია, თუმცა მისი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. პოლიციის ინფორმაციით, ის მათთვის ადრეც იყო ცნობილი და “ისლამისტურ სპექტრთან“ არის დაკავშირებული.

ამ წუთებში ბერლინში ინტენსიური სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს. მომხდარის გამო ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც “კრისტოფერ სტრიტ დეის“ (Christopher Street Day) სახელითაა ცნობილი, დაუყოვნებლივ გაუქმდა.

  • თვითმხილველების ნაამბობი: “თეთრი ფურგონი ხეს შეეჯახა“

თვითმხილველების თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, თეთრი ფურგონი ხალხის მასაში დიდი სიჩქარით შევარდა. პარკში მყოფი ადამიანები კივილით გარბოდნენ და დამალვას ცდილობდნენ.

ავტომობილი მხოლოდ მას შემდეგ გაჩერდა, რაც ტიერგარტენის პარკში ხეს შეეჯახა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილმა დაზიანებული მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვა და გაიქცა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მომხდარს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა. მან პირობა დადო, რომ “ეს საშინელი აქტი სრულად იქნება გამოძიებული და დასჯილი“. ბერლინის მერმა, კაი ვეგნერმა კი მომხდარს “ჩვენს თავისუფალ და ღია საზოგადოებაზე თავდასხმა“ უწოდა.

შემთხვევის დროს ბრანდენბურგის ჭიშკართან დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე გამოჩნდა წარწერა “ევაკუაცია“, რის შემდეგაც ხალხმა ტერიტორია დატოვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, რომელიც მუსიკალური პერფორმანსებითა და პოლიტიკური გამოსვლებით გამოირჩევა, მილიონამდე ადამიანს ელოდნენ.

სამწუხაროდ, ეს გერმანიაში მსგავსი სცენარით მომხდარი ერთადერთი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის დასაწყისში ლაიფციგში ავტომობილის ქვეითთა ზონაში შეჭრას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა.

წყარო