მსოფლიო ახალი, მასშტაბური დაპირისპირების მოლოდინშია. ირანი უკრაინას სამხედრო აგრესიით ემუქრება. თეირანის მრისხანება კასპიის ზღვაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, სადაც უკრაინულმა დრონმა ირანულ ხომალდზე, რომელსაც რუსეთისთვის განკუთვნილი სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა, იერიში მიიტანა.

თავდასხმა შაბათს გამთენიისას მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ “ძალიან ძლიერ შედეგებს“ მიაღწია კასპიის ზღვაში შორ მანძილზე მოქმედი დრონებით. მისი თქმით, სამიზნე იყო ხომალდები, რომლებიც ირანულ სამხედრო ტვირთებს, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონებს, აწვდიდნენ რუსეთს.
კასპიის ზღვა, რომელიც რუსეთსა და ირანს ესაზღვრება, ამ ორ სანქცირებულ ქვეყანას შორის სამხედრო მომარაგების მთავარ არტერიას წარმოადგენს.

ზელენსკიმ ასევე სენსაციური განცხადება გააკეთა: მისი თქმით, რუსეთი ირანს თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე იერიშები მიიტანოს. პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს პირდაპირი კავშირი რუსულ სატელიტურ მონაცემებსა და ირანის მიერ განხორციელებულ დარტყმებს შორის. ეს ინფორმაცია უკვე გადაეცა უკრაინის მოკავშირეებს, რაც აჩენს შიშს, რომ ორი დიდი გლობალური კონფლიქტი შესაძლოა ერთმანეთს შეერწყას.
თეირანი მძაფრად გამოეხმაურა მომხდარს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის მთავარი დიპლომატი დაიბარა და “სამაგიეროს გადახდით“ დაემუქრა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანსა და კიევს შორის მანძილი მხოლოდ 1 200 მილია და ორივე მხარეს აქვს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც ამ მანძილის დაფარვა თავისუფლად შეუძლიათ.

პარალელურად, უკრაინამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შემოდგომაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებით 30 000 ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს, რათა ზამთრის ახალი იერიშისთვის მოემზადოს. ამერიკელი ექსპერტების პროგნოზით, მიმდინარე პროცესები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზეც მოახდენს გავლენას.
სანამ კასპიის ზღვაში ვითარება იძაბება, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტანკერი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გემმა თეირანის მიერ დამტკიცებული მარშრუტი დატოვა და იმ წყლებში შევიდა, რომლებსაც ირანი სრუტეზე კონტროლის დასამყარებლად ნაღმავს.
მიუხედავად დონალდ ტრამპის წინა კვირის მუქარებისა, შაბათ-კვირას აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი შეტაკებები არ დაფიქსირებულა.
იხილეთ ასევე: