“გამარჯობა, მე ვარ ქეთი სვანიძე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. მზად ვარ, ვუპასუხო თქვენს კითხვებს“ - ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ მორიგ გადაცემაში. მან მისთვის დასმულ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს.
“სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
უცნობი:
- გამარჯობა. ერთ დღესაც ძალიან პოპულარული ადამიანი გახდით, მაგრამ საოცარი ბულინგის ობიექტიც. ვგულისხმობ რობერტ სტურუას სპექტაკლს - “ვეფხისტყაოსანი,“ სადაც მთავარი როლი ითამაშეთ. ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდით თუ უმკლავდებით?
- ვუმკლავდები ამ ყველაფერს. რა ვიცი, ჩემთვის არ იყო ბედნიერება ის ბულინგი, რაც გამოვიარე, მაგრამ ბედნიერება იყო ამ სპექტაკლში თამაში - იმ როლის თამაში, რაც წილად მხვდა. ვუმკლავდები და გავუმკლავდები დიდი სიხარულით და სიყვარულით, დანარჩენს უკვე დრო მოიტანს, დრო ყველაფერს უპასუხებს. ალბათ მაყურებელი როცა ნახავს ამ სპექტაკლს, ალბათ ძალიან ბევრმა ნახა და უკვე შეეცვალათ შეხედულება და რეალობა დაინახა; კიდევ ბევრი ადამიანი დაინახავს.
მაკა:
- როდესაც რეჟისორისგან მიიღეთ შემოთავაზება, გეთამაშათ სპექტაკლში “ვეფხისტყაოსანი“, როგორ შეხვდით ამას და დათანხმების შემდეგ, მუშაობის პროცესში რას ფიქრობდით/გრძნობდით?
- პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ, ალბათ ვერც ვიოცნებებდი ამ როლის თამაშზე, თუ მომიწევდა ამ როლში ყოფნა. ძალიან დიდი ბედნიერება იყო და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა - ასეთი როლი... მზად ვიყავი, რომ ამას მოჰყვებოდა ერთგვარი კრიტიკა, იმიტომ რომ “ვეფხისტყაოსანი“ ჩვენთვის წმინდაა, ისევე როგორც თითოეული ქართველისთვის... რა ვიცი, ბედნიერად ვგრძნობ თავს. რთული სამუშაო იყო და დანარჩენი უკვე მაყურებელმა განსაჯოს, რა როგორ გამოვიდა და გავუმკლავდი თუ არა.
თითოეული სპექტაკლი, როცა მას ვთამაშობ, დიდი პასუხისმგებლობაა - განსაკუთრებულია მაყურებელთან შეხვედრა, იმიტომ რომ ვიცი, ის შენგან ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება, განსაკუთრებით ამ სპექტაკლის მერე... მუშაობის პროცესი ძალიან რთული იყო იმიტომ, რომ ეს არ იყო ჩვეული პიესა, სადაც ასე თუ ისე რაღაცები იცი. აქ არავინ არაფერი იცოდა, არ ვიცოდით, როგორ უნდა გვესაუბრა, როგორ უნდა გვეთამაშა. ჩვენ ამ როლებთან ერთად “დავიბადეთ“. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო, მაგრამ, ამავდროულად, ბედნიერიც, იმიტომ რომ თითქოს პატარა ბავშვივით ვიდგამდი სცენაზე ფეხს. თითოეულ სიტყვას, თითოეულ ბგერას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით და ვანიჭებთ.
რაც შეეხება პარტნიორებს, მადლიერი ვარ, იმიტომ რომ, არა ისინი, ამ როლს ალბათ ვერ ვითამაშებდი. მარტო შენზე არ არის დამოკიდებული, ბევრი რამ დამოკიდებულია შენ პარტნიორზე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პარტნიორები მყავდა და მყავს სცენაზე.

ვიკა:
- თქვენს ბოლო ნამუშევარზე როგორი იყო ახლობლების, ოჯახის, მეუღლის, მეგობრების შეფასებები...
- ოჯახმა და ახლობლებმა ეს სპექტაკლი პრემიერაზე ნახეს და იყვნენ ბედნიერები. ძალიან გვერდში დამიდგნენ, იმიტომ რომ იცოდნენ და იციან, მე რა ადამიანი ვარ - იციან, რომ ისეთ არაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ოჯახს შეარცხვენს. რომ არა მათი თანადგომა, ამას ალბათ ვერ ვითამაშებდი და ვერ გავაკეთებდი.
შემდეგ უფრო რთული დღეები მოჰყვა, მაგრამ, სხვათა შორის, მიუხედავად დიდი ბულინგისა, ძალიან ბევრი დადებითი მხარეც ჰქონდა, იმიტომ რომ უამრავი უცხო ადამიანი მირეკავდა, მწერდა... განსაკუთრებით, ვისაც სპექტაკლი ჰქონდა ნანახი, მხარს მიჭერდა, ასევე ჩემი კოლეგებიც. პირიქით, ამ ყველაფერმა გამაძლიერა და მადლობელი ვარ ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების, რომ ასე გვერდში დამიდგნენ, ჩემი სჯეროდათ და სჯერათ დღემდე.
ნინი:
- ბევრს “გაშიშვლება“ არ მოეწონა - სიმართლე გითხრათ, არც მე ვიმეტებ ამ შედევრ ნაწარმოებს გაშიშვლებისთვის... რას ფიქრობთ, მომავალში ასეთ როლს კიდევ დაეთანხმებით?.. წარმატებებს გისურვებთ.
- მადლობა, ნინი, წარმატებებს რომ მისურვებ! ასეთი როლი კიდევ თუ შემხვდება ცხოვრებაში, აუცილებლად დავთანხმდები და ვითამაშებ. ვოცნებობ, რომ კიდევ შემხვდეს ასეთი მნიშვნელოვანი როლები. რაც შეეხება ჩაცმულობას, ვინც ნახა სპექტაკლი, ხვდება და დაინახა, რომ მსგავსი სიშიშვლე ნამდვილად არ არის. ფოტოებიდან სხვანაირად ჩანს - თეატრში, განათებაში, სცენაზე კოსტიუმი ყოველთვის სხვანაირად აღიქმება. ნამდვილად არ ვთვლი, რომ იქ რაღაც ზედმეტად გახდილი ვიყავი.

ია:
- მართალია, რომ ამ როლისთვის წონაში დაიკელით?
- რატომღაც ჰგონიათ, რომ მე უსაშველოდ გავსუქდი... მე ყოველთვის გამხდარი ვიყავი, საშუალო წონის. უბრალოდ, ბავშვი რომ გავაჩინე და იყო კოვიდი, გვქონდა წყვეტა, ცოტა წონაში მოვიმატე. უბრალოდ მთხოვეს, რომ იგივე ფორმაში დავბრუნებულიყავი, რა ფორმაშიც ყოველთვის ვიყავი. ამ როლს სჭირდებოდა ის ქეთი, რომელიც ყოველთვის ვიყავი. ცოტა, 7-8 კილო მქონდა მომატებული. მერე ამაზე ატყდა ერთი ამბავი და ჰგონიათ, რომ 20 და 30 კილო დავიკელი. ნამდვილად არა, სულ რაღაც 7-8 კილო, ასე - 10-მდე და დავბრუნდი საკუთარ მესა და ჩემს წონას.
ანა:
- როგორ მოხვდით რუსთაველის თეატრში, ანუ როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ამ თეატრში?
- ძალიან საინტერესოდ. ბატონ რობიკოს აყვანილი ჰყავდა რეჟისორები მაგისტრატურაზე, რომლებიც სპექტაკლებს დგამდნენ, ანუ გამოცდა ჰქონდათ, სადიპლომო. ზოგი ზღაპარს დგამდა და რუსთაველის თეატრში უნდა დაედგათ. ერთ-ერთმა რეჟისორმა, რეზო შატაკიშვილმა დამიძახა - ზღაპარს დგამდა - და ვითამაშებდი თუ არა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით და სიყვარულით დავთანხმდი, იმიტომ რომ შეიძლება ასეთი შანსი არასდროს მქონოდა. ამ სპექტაკლის რეპეტიციებზე ბატონი რობიკო შემოდიოდა და, რა თქმა უნდა, გარკვეულ ამ რეჟისორებს შენიშვნებს აძლევდა. მერე სპექტაკლი ორჯერ ნახა, შემდეგ დამირეკეს და ასე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. სპექტაკლიდან ამიყვანა ბატონმა რობიკომ და უკვე 17 წელია, ამ თეატრის მსახიობი ვარ. დღემდე არ მჯერა, იმდენად საოცნებო და მიუწვდომელი ადგილი იყო ჩემთვის.

რუსო:
- ცეკვავდით “ერისიონში,“ საოპერო მიმართულებით მიდიოდით, ამისთვის შესაბამის განათლებას იღებდით ვოკალში, რატომ გადაწყვიტეთ დრამის მსახიობობა?
- გადაწყვეტილი არ მქონია, ცხოვრებამ წამიყვანა... “თეატრალური“ რომ დავამთავრე, ვაპირებდი, რომ ისევ მეცეკვა და გამეგრძელებინა ამ პროფესიით, იმიტომ რომ არ ველოდებოდი და არ მქონდა ის მოლოდინები და ამბიციები, რომ რომელიღაც თეატრში აუცილებლად მიმიღებდნენ. კონსერვატორიაში ჩაბარებასაც ვაპირებდი, უბრალოდ იმ მომენტში, ასაკობრივად, ხმის მუტაცია დამეწყო და 16-17 წლის ასაკში არ იყო სახარბიელო კონსერვატორიაში ჩაბარება. მერე ნამდვილად უნდა გამეგრძელებინა, უბრალოდ მოხდა ის საოცრება, რაც მოხდა - მოვხვდი ამ თეატრში. რუსთაველის თეატრში რომ მოხვდები და ბატონ რობიკოსთან გექნება პირველი შეხება, ამაზე დიდი ბედნიერება, მგონი, არ არსებობს ჩვენს პროფესიაში - ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში (სხვისთვის ალბათ სხვა რამეებია უფრო ბედნიერება და მივესალმები მათ ოცნებებს)...
თუმცა იმ ცეკვასა და ვოკალურ განათლებას დღესაც ვიყენებ; მაგალითად, ახლა მარია კალასის სპექტაკლზე (“გაკვეთილი“ ასე ჰქვია), სადაც ბატონ გია ყანჩელთან, ბატონ რობიკოსთან და არაჩვეულებრივ ქალბატონ ლელა ალიბეგაშვილთან ერთად ვიმუშავე (რომელიც მარია კალასს თამაშობს), იქ მე ლედი მაკბეტის არიას ვმღერი. საბედნიეროდ ჩემი ვოკალური განათლება ამ სპექტაკლში დამეხმარა. ამ სპექტაკლის გარეშე, ალბათ მთელი ცხოვრება არავინ მამღერებდა ამ არიას, იმდენად რთული არიაა. უბრალოდ, აქ მოცემულობამ, ამ როლიდან გამომდინარე, მოითხოვა ამ არიის შესრულება. დღეს ამ კუთხითაც ხედავს ჩემს შესაძლებლობებს მაყურებელი, ვინც ამ სპექტაკლს ნახულობს. ახლა მოსწონთ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ცეკვასაც და კლასიკურ განათლებასაც თეატრში კარგად ვიყენებ და ეს ყველაფერი კარიერულ წინსვლაში გამომადგა.
ნათია:
- არ ნანობთ, რომ არ გაყევით ოპერას?
- სანანებელი ალბათ არის, იმიტომ რომ ჩემთვის ოპერა და კლასიკური მუსიკა ძალიან საყვარელი დარგია. ალბათ რაღაცებს ვნანობ, მაგრამ მაინცდამაინც - არა, მე მაინც დრამატული თეატრის მსახიობობა მინდოდა. ალბათ იმიტომ არ ვნანობ, რომ ამ მეორე მხარესაც მეძლევა საშუალება, ვაკეთო: ვიმღერო და ვიცეკვო. ამიტომ დანაკლისს არ განვიცდი...
ბავშვობაში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდიოდი, პატარა საბავშვო სპექტაკლებში ვთამაშობდი. შეხება მქონდა ოპერასთანაც - ბავშვთა გუნდში ვმღეროდი 8 წლიდან 13 წლამდე, იქ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი... ამ ყველაფერს თეატრისთვის ვაკეთებდი - თუნდაც მუსიკალურ განათლებას, ცეკვას - იმიტომ რომ ვიცოდი, მსახიობს ყველაფერი სჭირდება. ამის სიყვარულით საბოლოოდ ყველაფერი გამომადგა ცხოვრებაში.

უცნობი:
- დაიბადეთ გაგრაში... მამა ომის დროს იქ დაგიკარგავთ... რას გვეტყვით ამ თემის ირგვლივ?
- აფხაზეთზე ბევრი რომ ვისაუბრო, ტყუილი გამოვა, რადგან საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა იქიდან წამოვედით - 3-4 წლის გავხდი აქ... ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია მამის დაკარგვა და აფხაზეთის დაკარგვა. ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია დაბრუნება და ის მონატრება, რაც არის, ყოველთვის იქნება. სურვილი, რომ იქ დავბრუნდეთ, არა მარტო მე, ალბათ ყველას აქვს, ვინც აფხაზეთიდან არის. ეს დიდ ტკივილად დარჩება იქამდე, სანამ ჩვენს სახლებში არ დავუბრუნდებით. იმედია, დავუბრუნდებით...
ტყუილი გამომივა, რომ ვთქვა, რამე მახსოვს-მეთქი - მხოლოდ ზღვის ხმა და ჩემი ზღვისადმი დამოკიდებულება... აქ რომ გადმოვედით, სულ ზღვას ვეძებდი და სულ ზღვის ხმა მაკლდა... მერე ცხოვრება რთულად წავიდა. მოგეხსენებათ, მაშინ 90-იანი წლები იყო, თვითონ თბილისშიც ხალხს უჭირდა და ჩვენ ორმაგად გვიჭირდა. საერთო საცხოვრებელში გავიზარდე დევნილის სტატუსით. დღემდე დევნილის სტატუსი მაქვს და ამით ვამაყობ. უბრალოდ, იმაზე რთული იყო, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს სახლში არ ვიყავით. მაგრამ ამ ყველაფერმა გამაძლიერა. აი, ამ სირთულეებმა, რასაც ცხოვრებაში გავდივარ - ჩემმა რთულმა ცხოვრებამ გამაძლიერა, ასე ვთქვათ, და მომიყვანა აქამდე. მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, როგორიც იყო და არის.
ლია:
- გულწრფელად რომ გვითხრათ, ელოდით იმ უარყოფით შეფასებებს, რაც “ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ გაჩნდა? მიგაჩნიათ, რომ ეს იყო გადაჭარბება?
- ასეთ ბულინგს ნამდვილად არ ველოდებოდი, თუმცა, ამ სპექტაკლის მიმართ რომ იქნებოდა პრეტენზია, ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი იყო. მიმაჩნია, რომ გადაჭარბებული იყო ის, რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერმა გამაძლიერა. მაინც თითოეულ ადამიანს მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ ამით მხოლოდ გავიზრდები და ვეცდები, უკეთესი ვიყო. დანარჩენი უკვე კონკრეტულმა ადამიანებმა განსაჯონ, როცა ნახავენ ამ სპექტაკლს და შეაფასებენ - მოეწონებათ თუ არ მოეწონებათ. ვთვლი, რომ ცოტა ზედმეტი იყო, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, ესეც საჭიროა.

დოდი:
- პროფესიის გარდა დროს კიდევ რას უთმობთ?
- ამჟამად დროს ჩემს ოჯახს და, განსაკუთრებით, ჩემს პატარა შვილს ვუთმობ, რომელიც ძალიან ენერგიული და ცელქია. ბედნიერი ვარ, რომ, გარდა საქმისა, ჩემს შვილს ეთმობა დიდი დრო. ვცდილობ, ჰქონდეს ბედნიერი, ხალისიანი ბავშვობა და აკეთოს ის, რაც უნდა - ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა... რთულია საკუთარ თავზე საუბარი... არ ვიცი, ჩვეულებრივი დედა ვარ, ალბათ, როგორც ყველა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ვიყო კარგი დედა.
ლია:
- ცხოვრებაში რას ნანობთ?
- ბევრი რამ არის ცხოვრებაში სანანებელი, მაგრამ, ამ ეტაპზე, არაფერს არ ვნანობ. უბრალოდ, ძალიან მიყვარს სიმართლე და შეიძლება ხანდახან ამ სიმართლის გამო სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო, რაღაც ზედმეტი ვთქვა და მერე მხოლოდ მე გამოვიდე გაღიზიანების საგანი. უბრალოდ, მიყვარს სიმართლე და ამ სიმართლის გამო ვერ ვპატიობ ადამიანებს ტყუილს. ბევრის მოთმენა ვიცი და თუ გავგიჟდი, მერე შეიძლება ძალიან ცუდად მოვიქცე. შეიძლება ეს ვინანო ხოლმე, რომ ხანდახან ჯობია გაჩუმდე და ცხოვრებამ თავისით წაიღოს ყველაფერი, მაგრამ დანარჩენს სხვას არაფერს არ ვნანობ.
მარი:
- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე. გაგვაცანით მეუღლე, შვილი...
- ჩემი მეუღლე არის ექიმი, ბავშვთა ქირურგი. მასაც ძალიან რთული პროფესია აქვს, ვთვლი, რომ ჩემზე მეტადაც რთული, იმიტომ რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ერთად ყოფნა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენი გრაფიკიც მძიმეა და მათიც, მაგრამ რაღაცნაირად ვავსებთ ერთმანეთს. ალბათ ასე ჯობია... მან იცოდა ყველანაირი დეტალი, რას ვაკეთებდი, როგორ ვაკეთებდი. პრემიერაც ნახა და როცა ნახა, რაც ხდებოდა, მარტივი, რა თქმა უნდა, არავისთვის არ იყო - არც ჩემი მეუღლისთვის, არც მთელი ჩემი სანათესაოსა და სამეგობროსთვის. მე მგონი, ჩემზე მეტად ინერვიულეს. მაგრამ არ ვიცი, იმდენად დადებითი რაღაცებით შემობრუნდა ეგ ბულინგი ჩემს ცხოვრებაში, რომ თუნდაც ქუჩაში უამრავი ადამიანი მაჩერებს. სხვათა შორის, პირველ დღეს, გარეთ გამოსვლის მეშინოდა იმდენად დიდი ამბავი იყო ატეხილი. მაგრამ, პირიქით - სიყვარულის მეტი ქუჩაში არაფერი შემხვედრია. არავის ცუდად არ შემოუხედავს არც მოუძახებია, პირიქით - მაჩერებდნენ და ვისაც ნანახი ჰქონდა, ხომ საერთოდ დადებითად იყვნენ განწყობილები. ძალიან ბევრი სიყვარული მივიღე და როგორც უკვე გიტხარით, მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერი ვარ.

გიო:
- დამწყებ მსახიობებს რას ეტყვით და ურჩევთ?
- პირველ რიგში, ეს პროფესია მოითხოვს გამძლეობას, დიდ ენერგიასა და ძალას. რთული პროფესიაა - ყველა ჯერზე აბარებ გამოცდას და ყველა ჯერზე უნდა დაამტკიცო, რომ შენ შეგიძლია და შენ გააკეთებ. ბევრს არ აქვს გათავისებული, რამდენად რთული და მძიმე პროფესიაა, ზოგი ზედაპირულად და მარტივად უყურებს. ნამდვილად არ არის მარტივი, ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად ყველანაირი სირთულისთვის.
მადლიერი ვარ, რომ ასეთი პედაგოგი მყავდა, რომელმაც ასე შემამზადა. ბატონი შალვა გაწერილია ისეთი პედაგოგი ადამიანი იყო, რომ პირველივე კურსიდან მეოთხე კურსამდე ისეთი რთული პერიოდები გაგვატარა, თეატრი მერე ჩემთვის არ ყოფილა გადაულახავი. რთულია, მძიმე პროფესიაა, არ არის მარტივი და ყველაფრისთვის მზად უნდა იყო...
უცნობი:
- როგორ აფასებთ უკვე გასულ სეზონს?
- ეს სეზონი იყო ძალიან რთული, მძიმე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და ბედნიერიც... მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. ეს ყველაფერი უნდა გაიაროს მსახიობმა. ალბათ ასეთი დოზით - არა, მაგრამ ცხოვრებაში საჭიროა ეს სირთულეებიც, რომ მერე უფრო მყარად იდგე წინ.
დიდი მადლობა ყველა იმ კითხვისთვის, რაც დამისვით, და იმედია, სათანადო პასუხი გაგეცით.