ავტორი:

სროლა სიეტლის პოპულარულ ფესტივალზე - გარდაცვლილია 3 ადამიანი, დაშავებულებს შორისაა მცირეწლოვანი: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან

სროლა სიეტლის პოპულარულ ფესტივალზე - გარდაცვლილია 3 ადამიანი, დაშავებულებს შორისაა მცირეწლოვანი: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან

სიეტლში, ყოველწლიურ საკვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. შემთხვევა კვირა საღამოს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სივრცეში, Space Needle-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სიეტლის პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინება სროლის შესახებ ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათის შემდეგ მიიღეს. შემთხვევის დროს ფესტივალზე, რომელიც სამ დღეს გრძელდება და ყოველწლიურად ასობით ათას ვიზიტორს მასპინძლობს, ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე ორი ადამიანი გარდაცვლილად გამოცხადდა, ხოლო ოთხი დაშავებული, მათ შორის ყველაზე უმცროსი - 2 წლის ბავშვი, ჰარბორვიუს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ცეცხლსასროლი ჭრილობებით კიდევ ერთი ადამიანი სხვა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიეტლის პოლიციის უფროსის თანაშემწის, ტაირონ დევისის განცხადებით, წინასწარი გამოძიებით დგინდება, რომ სროლაში, სავარაუდოდ, ორი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს ესროდნენ. სამართალდამცველებმა ერთი ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, ხოლო მეორე სავარაუდო მონაწილეს კვლავ ეძებენ. დევისის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის დამატებითი საფრთხე არ არსებობს, თუმცა სროლის მოტივი ჯერ უცნობია.

გამოძიებაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ჩართული არიან FBI-ისა და სხვა ფედერალური უწყებების წარმომადგენლები. სიეტლის პოლიციის მოთხოვნით, ადგილზე ვაშინგტონის შტატის SWAT-ის სპეციალური დანიშნულების რაზმიც გაიგზავნა.

თვითმხილველების თქმით, თავდაპირველად ბევრმა გასროლის ხმა ფეიერვერკს მიამსგავსა, თუმცა მალევე ადგილზე ქაოსი დაიწყო და დამსწრეებმა გაქცევა სცადეს. ნაწილი ახლომდებარე შენობებსა და მაღაზიებს შეაფარა თავს.

წყარო