ავტორი:

"შეურაცხმყოფელი წარწერების გამო არიან დაკავებული ადამიანები" - დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი

"შეურაცხმყოფელი წარწერების გამო არიან დაკავებული ადამიანები"  - დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი

საპოლიციო ძალებს იყენებენ იმისათვის, რომ იმ წუთშივე ჩაახშონ ადამიანის პროტესტი და დააშინონ საზოგადოება, რათა მსუსხავი ეფექტი შეიქმნას, რომ თუ ვინმე მომავალში აპირებს პროტესტის გამოხატვას ბანერით, იცოდეს იგივე პასუხისმგებლობა და დასჯის მექანიზმი ელის,- ამის შესახებ 26 ივლისს, თბილისში საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატმა, აიჰან ჰასანლიმ განაცხადა.

  • მისი თქმით, ბანერზე წარწერების გამო ადამიანების დაკავება ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

„მარიამ მეყანწიშვილი გადაყვანილია გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა / წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების დარღვევას ედავებიან. შეურაცხმყოფელი წარწერების გამო არიან დაკავებული ადამიანები.

ბანერზე წარწერების გამო ადამიანების დაკავება არის კონვენციის დარღვევა. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მინიმალურ დონეზე ფუნქციონირებს დემოკრატია, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა, იქ ბანერები და მათზე გაკეთებული წარწერები არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ამის გამო, რომ ადამიანი დააკავო დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ეს გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციული ჩარევაა. საპოლიციო ძალებს იყენებენ იმისათვის, რომ იმ წუთშივე ჩაახშონ ადამიანის პროტესტი და დააშინონ საზოგადოება, რათა მსუსხავი ეფექტი შეიქმნას, რომ თუ ვინმე მომავალში აპირებს პროტესტის გამოხატვას, ბანერით იცოდეს იგივე პასუხისმგებლობა და დასჯის მექანიზმი ელის. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ახალი პრაქტიკა, რომ ადამიანებს არანაირი მიზეზის გამო აკავებენ, ან ქუჩაში ადამიანებს აკავებენ და ამას შემდეგ როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობითა და წვრილმანი ხულიგნობით აფორმებენ და სამწუხაროა, რომ სასამართლო ამას შემდეგ ამტკიცებს ისე, რომ შინაარსშიც არ შედის თუ რა სახის დაუმორჩილებლობა იყო“,- განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი